
22 ნოემბერს სოხუმში მომხდარი კრიმინალური დაპირისპირების ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მას შემდეგ, რაც სოხუმის ცენტრში ე.წ. კანონიერ ქურდებს ასტამურ (ასტიკი) შამბას და ალხას ავიძბას (ხასიკი) ესროლეს, აფხაზური მედია წერს, რომ კვალი ე.წ. ქართველ კანონიერ ქურდებამდე მიდის საქმე გვაქვს „ქურდების“ ორ ჯგუფს შორის დაწყებულ ნამდვილ ომთან, საიდანაც ერთი ძირითადად ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტებისაგან“ შედგება და მეორე - აფხაზებისაგან.
აფხაზ „ქურდთა“ ჯგუფს სათავეში უდგას რაულ ბარცბა (პიზა), რომელიც დღEისთვის აფხაზეთში მთავარ და ყველაზე გავლენიან „კრიმინალურ ავტორიტეტად ითვლება. 22 ნოემბერს სოხუმში მოკლული ალხაზ ავიძბა და ასტამურ შამბას სწორედ მისი უახლოესი მხარდამჭერები იყვნენ.
ქართველ „ქურდთა“ ჯგუფის სათავეში კი ნიკოლოზ დგებუაძე, იგივე ნიკა გაგრინსკი, რომელიც აფხაზეთში დაკარგული გავლენების აღდგენას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს თავდასხმა მოხდა თავად რაულ ბარცბაზეც. მის ავტომობილს ყუმბარტმყორცნიდან ესროლეს, თუმცა „კანონიერი ქურდი“ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
22 ნოემბერს სისხლიან გარჩევს ბევრი თვითმხილველი ჰყავს, ასევე არსებობს ამ დაპირისპირების ამსახველი ვიდეო კადრებიც. ავტომატებით შეიარაღებული სამი ნიღბიანი აფხაზ „კანონიერ ქურდებს“ თავს იმ დროს დაესხდნენ, როდესაც ისინი სოხუმის ცენტრში რესტორან „სან-რემოსთან“ ვერანდაზე სადილობდნენ.
სროლის შედეგად ორივე „ქურდი“ დაიღუპა და მძიმედ დაიჭრა რესტორნის მიმტანი მარინა აკირტავაც, რომელიც ამჟამად კომაშია. თავდამსხმელები ადგილიდან მსუბუქი ავტომობილით მიიმალნენ და შემდეგ ის ავტომობილი დაწვეს.
აფხაზური მედია წერს, რომ სავარაუდოდ, დანაშაული საკმაოდ გამოცდილ ქილერებს უნდა ჩაედინათ, რომლებიც პროფესინალურად მოქმედებდნენ დ პოლიციას კვალი აურიეს.
ქართველ და აფხაზ კანონიერ ქურდებს შორის დაპირისპირებას , როგორც პიროვნული, ასევე ეთნიკური და გარკვეული თვალსაზრისით, პოლიტიკური მოტივიც აქვს. ეს დაპირისპირება კი 2017 წელს დაიწყო, როდესაც აფხაზი „ქურდების“ ჯგუფი რაულ ბარცბას მეთაურობით, მათთან დაკავშირებულ კრიმინალებთან ერთად, გალის რაიონს ესტუმრა და ადგილობრივი „ობშიაკის“ მათთვის გადაცემა მოითხოვა.
ბარცბას მაშინ თან ახლდნენ სწორედ გასულ კვირას სოხუმში მოკლული ასტამურ შამბას და ალხას ავიძბა. რუსული და აფხაზური გამოცემების ცნობით, მოსახლეობაში მათ „სამეულად“ მოიხსენიებენ და ამ სამეულს ბოლო დრომდე საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა პრაქტიკულად ყველა სფეროზე აფხაზეთში. 2017 წელს გალში ჩასული დელეგაციის რაოდენობა კი, ზოგიერთი გამოცემის ცნობი, „კანონიერი ქურდების“ ჩათვლით 300 კაცამდე აღწევდა.
„ობშიაკის" ბარცბასთვის მიცემის კატეგორიული წინააღმდეგი იყო გალელი ე.წ. კანონიერი ქურდი მურმან ლემონჯავა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბარცბას გალში ვიზიტი შეტაკების გარეშე ვერ ჩაივლიდა.
დაპირისპირება თავიდან რომ აერიდებინათ, რუსეთიდან გალელმა „ქურდმა“ კახაბერ ფარფალიამ დარეკა და მათ თანხის ბარცბასთვის გადაცემა ურჩია. აფხაზური მედიის ცნობით, თანხა, რამდენიმე ათეული ათასი დოლარი, გალში თხილის გამყიდველებისგან იყო აგროვებული. მშვიდობა, რომელიც ფარფალიას ძალისხმევით შენარჩუნდა , დროებითი აღმოჩნდა.
იმავე 2017 წელს მოხდა კიდევ ერთი ინციდენტი - რაულ ბარცბას გარემოცვა ისევ და ისევ სოხუმშI გასულ კვირას მოკლული ასტიკისა და ხასიკის მეთაურობით თავს დაესხა „კანონიერ ქურდ“ ნიკოლოზ დგეუბაძეს, იგივე ნიკა გაგრინსკის, რომელსაც აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთარი ინტერესები აქვს. იგი გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ ნადირ სალიფოვის, იგივე ლოტი გულის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენს. სწორედ გაგრინკის მხარდასაჭერად გაგზავნა სალიფოვმა აფხაზეთში მისი მარჯვენა ხელი რაშად ისმაილოვი 2017 წელს, თუმცა ის ბარცბას დაჯგუფებამ ნიკა გაგრინსკისთან ერთად დაჭრა.
ორივე მათგანი სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა ამ ინციდენტს უკვალოდ არ ჩაუვლია. სწორედ ამის შემდეგ ესროლეს რაულ ბარცბას ავტომობილს ყუმბარსატყორცნი. როგორც ამბობენ, გასაფრთხილებლად.
ბარცბას ამბიციები, აფხაზეთში მთავარი „კანონიერი ქურდის“ სტატუსი ჰქონდეს, არცთუ ისე უსაფუძვლოა, რადგან, მოსახლეობის ცნობით, ბოლო ხანებში ადგილობრივ პოლიტიკურ წრეებშიც ჩნდება. ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ბოლო ინიციატივა, აფხაზეთიდან „ქურდები“ გაყარონ, მას ვერ შეეხება, რადგან სწორედ ხაჯიმბას მხარდამჭერი პოლიტიკოსების, მათი ოჯახებისა და ბიზნეს წილების უკან სწორედ ბარცბა დგას. თუმცა, მას აფხაზეთს გარეთ ისმაილოვისა და ჯანგველაძის კლანის გარდა უამრავი მტერი ჰყავს, მათ შორის, სოხუმში დაბადებული კრიმინალების ბერძნული კლანი, რომელთაც აფხაზეთში დაბრუნება სურთ.
როგორც ჩანს, აფხაზეთში კრიმინალური დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის და აფხაზ და ქართველ „კანონიერ ქურდებს“ შორის მასშტაბური დაუპირისპირდება იწყება.