ელზა პაპოშვილი
26.11.2019

 ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძრის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა. გარდაცვლილი თბილისის ერთ- ერთი სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეა. 12 წლის ს.გ. დედასთან და დასთან ერთად ბებია-პაპასთან სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც, წინასწარი ინფორმაციით, გაზის გაჟონვამ სახლში აფეთქება გამოიწვია. 

მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მოზარდს სავარაუდოდ იმ ოთახში ეძინა, სადაც გაზი აფეთქდა. ის აფეთქების ტალღამ გაისროლა და მოზარდი დაიღუპა. ის  უკვე დანახშირებული იპოვეს.  ხოლო მისი 6 წლის და, დედა და დეიდა მაშველებმა გამოიყვანეს. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სავარაუდოდ, ბავშვების დედას, რომელსაც შედარებით მაღალი ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული, თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კიდექსის 188- ე მუხლით დაიწყო. 

დაზარალებული ოჯახის მეზობელი ეთერ ხელაშვილი „რეზონანსთან“ ყვება, რომ როდესაც სახლიდან კვამლი დაინახა, დაეჭვდა, რომ რაღაც ხდებოდა. მეზობლებმა მაშინვე სახლში მყოფების მოკითხვა დაიწყეს. მათ სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. 

სახლში შესულმა მაშველებმა სრულიად დამწვარი ბავშვების დედა გამოიყვანეს. ამის შემდეგ კი ბავშვების და დეიდის ძებნა დაიწყეს. პატარა გოგონა და მისი დეიდა მალევე იპოვეს, თუმცა 12 წლის ბიჭის კვალს ვერ მიაგნეს. 

დედა ამბობდა, რომ ბავშვი ტახტზე იწვა. მეზობლები ვარაუდობენ, რომ აფეთქების ტალღამ ბავშვი გაისროლა, რის შედეგადც ის სრულიად სხვა ოთახში უკვე დამწვარი  იპოვეს. 

„კვამლი დავინახე და ვიფიქრე, რომ რაღაც მოხდა. მერე უცებ ცეცხლის ალიც ამოვარდა. დავიწყე ყვირილი, რომ სახლს ცეცხლი ეკიდა. გამოცვივდნენ მეზობლებიც და მაშინვე სახანძროში დავრეკეთ. 

„ვიცოდით, რომ სახლში უფროსები არ უნდა ყოფილიყვნენ. ბავშვების ბებია და პაპა საცხობში მუშაობენ და დილით სახლიდან უკვე გადიან. მერე გამახსენდა, რომ მათი შვილი და შვილიშვილები სტუმრად იყვნენ. 

„მოვიდნენ მაშველები, გოგოები და 6 წლის ბავშვი გამოიყვანეს. ბავშვების დედა სულ დამწვარი იყო. არ ვიცი, ფერფლიღა იყო. მერე ბავშვს ეძებდნენ - 12 წლის ბიჭი ტახტზე შესასვლელში იწვაო. იქ ეძებეს და ვერ იპოვეს. ეტყობა გაზის აფეთქება იქვე ახლოს მოხდა და დარტყმის ტალღამ ბავშვი გადააგდო. სხვა ადგილას უკვე გარდაცვლილი ნახეს“, - აცხადებს ეთერ ხელაშვილი „რეზონანსთან“.

კიდევ ერთი მეზობელი ნარგიზა ჩიტიშვილი „რეზონანსთან“ ყვება, რომ იმხელა აფეთქება იყო, მეზობლებმა სახლში შესვლა ვერ შეძლეს. ხანძარი იმდენად სწრაფად ვრცელდებოდა, რომ ახლოსაც ვერ მიდიოდნენ. 

„არ ვიცი ეს რა იყო, ან ამხელა აფეთქებას ეს სამნი როგორ გადურჩნენ. ბავშვების დედა სრულიად დამწვარია, ტყავები ეკიდა ტანზე ისე გამოიყვანეს. საშინელება ხდებოდა. ცეცხლი ისე სწრაფად ვრცელდებოდა, რომ ახლოს ვერავინ მივიდა. დიდი აფეთქების ხმა იყო. 

„თავიდან ჯერ ვერავინ ვერაფერს მივხვდით, სანამ ცეცხლი და კვამლი არ დავინახეთ. სამივე დამწვარი გამოიყვანეს და მერე ბიჭს ეძებდნენ. დედა ყვიროდა, ბავშვია შიგნითო. მაშველებმა უკვე გარდაცვლილი ნახეს“, - აცახდებს „რეზონანსთან“ მეზობელი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×