„ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ოპოზიციის გეგმები ეფექტური არაა. ისინი იმიტომ იკრიბებიან, რომ ყოველი ნაბიჯი შეათანხმონ, შეაჯერონ, ერთმანეთის პოზიციები გაიგონ და ისე იმოქმედონ. მგონია, რომ დღეს დღის წესრიგს ოპოზიცია ადგენს, ეს აშკარად ჩანს, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება“ - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პარლამენტთან შექმნილ სიტუაციას.
ზაქარეიშვილი ფიქრობს,რომ დღევანდელმა პარლამენტმა თავისი რესურსი ამოწურა.
„ოპოზიციცია პარლამენტის პარალიზების მცდელობას ახდენს, პარლამენტის, რომელმაც ჩემს თვალშიც და საზოგადოების თვალშიც თავისი რესურსები ამოწურა და არალეგიტიმურია იმიტომ, რომ ხალხი მოატყუა და არაპარლამენტარულად მოიქცა.
„პარლამენტმა კენჭისყრა კი არ ჩაატარა და დემოკრატიული ფორმით კი არ გამოავლინა პროპორციული სისტემის მიმართ დამოკიდებულება, არამედ სპექტაკლი დადგა, იცრუა, თვალში ნაცარი შეგვაყარა. შესაბამისად, ის ლეგიტიმური აღარაა. შესაძლოა ოპოზიცია შეგნებულად კანონს არღვევს მისი ბლოკირებით, მაგრამ უკვე ის მართავს პარლამენტს, რომელმაც კანონი დააღვია.
„ოპოზიცია მიმართავს მოქმედებას, რათა ხელისუფლებას აიძულოს, რომ მუდმივად დაშალოს. ისინი თვითონ უთმობენ პოზიციებს, არ უძალიანდებიან, არ ეწინააღმდეგებიან, საერთაშორისო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ქმნიან განცდას, რომ ხელისუფლებას მშვიდ ვითარებაში პარლამენტის სხდომის ჩატარება არ შეუძლია“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, დღეს „ქართულ ოცნებას“ დღის წესრიგს ოპოზიცია უდგენს.
„რეალობას ოპოზიცია მართავს და როდესაც ისინი იკრიბებიან, ვფიქრობ, რომ ერთმანეთს მორიგ ნაბიჯს უთანხმებენ. ეს სტრატეგია რამდენად გაამართლებს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს ოპოზიცია უდგენს დღის წესრიგს „ქართულ ოცნებას“ და არა პირიქით.
„კარგი მომენტი გამოიჭირა ოპოზიციამ - ისინი დაღლის გამო სახლში არ მიდიან, მათ ყინვაში წყლით წუწავენ, ისინი ეწინააღმდეგებიან არალეგიტიმურ პარლამენტს. ოპოზიციია ამოცანაა, რომ მათი აქცია დაიშალოს პოლიციის მოქმედების შედეგად.
„ქართული ოცნებისაგან“ განსხვავებით, ოპოზიციას, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას და „ევროპულ საქართველოს“, ნებისმიერი ვარიანტი აწყობს. შერეული სისტემა აწყობთ იმიტომ, რომ პარლამენტში მარტო „ქართულ ოცნებასთან“ ერთად იქნებიან; პროპორციული სისიტემა აწყობს იმიტომ, რომ პარლამენტში გასულ ძალებთან ერთად შეუძლიათ უმრავლესობა ხელში ჩაიგდონ და „ოცნებას“ არ მისცენ მთავრობა ჩამოყალიბების საშუალება; რევოლუცია აწყობთ იმიტომ, რომ ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდება - რომ არ იყო დამთმობი.
„ანუ, ოპოზიციას „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერობით ნებისმიერი ვარიანტი აწყობს, რაც არ აწყობს „ქართულ ოცნებას. „ოცნებას“ მხოლოდ შერეული სისტემა აწყობს, რაც უკვე ოპოზიციასაც აწყობს.
„14 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ აჩუქა (და სხვა გზა არ ჰქონდა) უპირატესობა „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, იმიტომ, რომ შერეული სისტემით ეს ორი ოპოზიციური პარტია პარლამენტში უფრო მეტი დეპუტატს შეიყვანს, ვიდრე ეს მოხდებოდა მხოლოდ პროპორციული სისტემით. პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ თავის გადარჩენაზე ფიქრობს და ამავე დროს „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ აძლიერებს.
„ოცნებას“ ურჩევნია პარლამენტში არ შევიდეს და თქვას, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ მიშვებსო, მაშინ უფრო გამოაშკარავებდა ოპოზიციის მანკიერ მხარეს. როდესაც იგი პოლიციის ძალით შედის, აჩვენებს, რომ ის მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით (მაგრამ კანონის ფარგლებში) დგამს პარლამენტარიზმის სპექტაკლებს, რომელიც ახლა საქართველოში არ არსებობს, რაკი მათ პარლამენტში პარლამენტარიზმი მოკლეს. ამით მათ ოპოზიციას და ყველას უფლება მისცეს, რომ კანონი დაარღვიონ, რადგან თვითონ დაარღვიეს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.