ელზა პაპოშვილი
27.11.2019

 სისხლიანი გარჩევა პოლიციელებს შორის - ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანაში ერთი საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა, სავარაუდოდ, ჩხუბის შემდეგ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორივე მათგანი გარდაიცვალა. მათთან ერთად ასევე დაჭრილია ადგილობრივი მცხოვრები - მანქანების ხელოსანი მურთაზ სილაგაძე, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი, პოლიციელი რომეო მანდარია, „ქართული ოცნების“ დეპუტატის კარლო კოპალიანის სიძეა. 

ადგილობრივებს „რეზონანსთან“ პოლიციელებს შორის დაპირისპირების მოტივის დასახელება უჭირთ და ამბობენ, რომ ისინი ახლო მეგობები იყვნენ. სოფელ ლაჯანას მცხოვრებლები აცხადებენ, რომ, ინციდენტში მონაწილე ამ სამი ადამიანის გარდა, რომელთგან ორი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილია, რეალურად არავინ არაფერი იცის.

ხელოსანი კი, რომელიც მათ გაშველებას საზოგადოებრივ ცენტრთან ცდილობდა და ბარძაყის არეში დაიჭრა, ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი და სამშაბათს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. სავარაუდოდ, პროკურატურის წარმომადგენლებმა ის დილით უკვე დაკითხეს და გამოძიებას მომხდარი დაპირისპირების გარკვეული სურათი უკვე აქვს.

ასევე, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან, აწ უკვე გარდაცვლილები პატრულირებდნენ და ტრაგიკული ინციდენტი მოხდა, პოლიციამ სათვალთავლო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო. რომეო მანდარია, რომელიც კარლო კოპალიანის სიძეა ასევე, უბნის რწმუნებულიც იყო. რა გახდა რეალურად მანდარიას და მის კოლეგა გოჩა ონიანს შორის დაპირსპირების მიზეზი, გამოძიებას, სავარაუდოდ, დაჭრდილი ხელოსანი ეტყვის. 

ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ პოლიციელებმა ტრაგიკულ შემთხვევამდე მანქანების ხელოსან მურთაზ სილაგაძესთან სახლში ივახშმეს, ხოლო მისგან წამოსვლის შემდეგ მათ შორის დაპირისპირება საზოგადოებრივ ცენტრის მიმდებარედ დაიწაყო. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ მათ შორის კონფლიქტი, სწორედ ვახშმობისას დაიწყო, ამიტომაც სილაგაძე მათ გასაშველებლად გაჰყვა და დაპირისპირებული პოლიციელების დამშვიდებას შეეცადა. 

„ყველა გაკვირვებული და შოკირებულები ვართ. არავინ იცის რეალური მიზეზი, რა შეიძლება მათ შორის მომხდარიყო. სამი ადამიანია მხოლოდ თვითმხილველი. ორი მათგანი გარდაცვლილია და ერთი კიდევ დაჭრილი. მშვენივრად იყვნენ ეს პოლიციელები ერთმანთთან შეხმატკბილებული, მათ კონფლიქტი არავის გაუგია. სულ ერთად დადიოდნენ და დიდი ხნის მეგობრები არიან. 

„არავინ იცის ეს ხელოსანი მურთაზი მათთან როგორ აღმოჩნდა. სოფელში მანქანის „ჟეშტიანშიკად“ მუშაობს. ძალიან კარგი ადამიანია. როგორც ამბობენ, პოლიციელებს მასთან უვახშმიათ და იქ მომხდარა რაღაც, რის გამოც დაპირისპირება ამ საზოგადოებრივ ცენტრთან გაგრძელდა.

„ეს ხელოსანი, როგორც ჩანს, მათ თან გაჰყვა, რომ რამე უბედურება არ მომხდარიყო, მაგრამ რად გინდა, არაფერი გამოვიდა, ლამის ეს კაციც მოკლეს. ერთმანეთი დაუცხრილიათ რასაც ჰქვია. ასე როგორ გაიმეტეს... გაუგონარია ამბავია. 

„ონიანი ადგილზევე მოკვდა. ეს მეორე მანდარია საავადმყოფოში კი წაიყვანეს, მაგრამ ვერც მას უშველეს. ფაქტობრივად, მკვდარი შეუყვანიათ. მოკლული რომეო მანდარია დეპუტატის ძმისშვილის მარიკა კოპალიანის მეუღლე იყო“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საქმეზე ასევე მოკვლევას აწარმოებს გენისპექცია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×