„დღეს იმის, რომ ეს იყო იდეა და არა დაპირება, იმათაც კი არ სჯერათ, ვინც მხარი დაუჭირა პროექტის ჩაგდებას, მითუმეტეს ჩვენს დასავლელ მეგობრებს. ვფიქრობ, ძლიერი ზეწოლის შედეგად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან, მმართველი გუნდი იძულებული იქნება მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუნდაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
„რა თქმა უნდა, ეს აქციები მინელდება და ოპოზიცია აქტიურობას ვერ შეინარჩუნებს, პოლიტიკისთვის მკვდარი სეზონი მოდის; მაგრამ გაზაფხულზე პროცესები ისევ გააქტიურდება და რამდენად გაუძლებს „ოცნება“, არ ვიცი.
„ამიტომ უკან დასახევი გზა არ აქვს - პროპორციული სისტემით არჩევნებს ვეღარ ჩაატარებს, გერმანული მოდელიც მიუღებელია; კობახიძის და უსუფაშვილის დებატები უსასრულოდ ხომ ვერ გაგრძელდება... ამიტომ მისაღებია გადაწყვტილება.
„ასეთ ვითარებაში დასავლეთის ჩართულობა ყოველთვის ხდება. ასე იყო შევარდნაძის და სააკაშვილის დროსაც და ვფიქრობ, ჩვენი მეგობრები ინტენსიურად მუშაობენ ამ თემაზე. თუ ქვეყნის შიგნით და გარეთ იქნება ძლიერი ზეწოლა, ივანიშვილი იძულებული იქნება მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება - დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც ისევ შერეული სისტემით ჩატარდება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც რამდენად ექნება „ოცნებას“ გამარჯვების შანსი, არ ვიცი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.