პანკისის ხეობაში, სოფელ საქობიანეში ორ გვარს ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები სოფელ ჯოყოლასა და დუისის მცხოვრებლები არიან. როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, ჩხუბში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა და ორივე მხარე შეიარაღებული იყო.
ფიზიკური დაპირისპირება სროლაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიჭრა. დაჭრილების საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთი მათგანის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. მოკლულია ვისი მუთოშვილი, დაჭრილებს კი საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
დაპირისპირების მიზეზთან დაკავშირებით ორი განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. „რეზონანსი“ ორივე მხარეს ესაუბრა და გაარკვია, რომ ამ გვარს შორის დაპირისპირება უკვე 1 წელია რაც გრძელდება. მუთოშვილები პანკისში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები იყვნენ, ხოლო ქავთარაშვილები მომხრეები. სწორედ ეს იყო მათ შორის კონფლიქტის მიზეზი, რაც უკვე სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ჩხუბში 20 დან 40 წლამდე მამაკაცები მონაწილეობდნენ და ორივე მხარე შეიარაღებული იყო.
„რეზონანსთან“ ახმეტის საკრებულოს დეპუტატი შაქრო ტერტერაშვილი ყვება, რომ ეს დაპირისპირება ადრეც არსებობდა და კონფლიქტის მიზეზი პანკისში ჰესის მშენებობა იყო. მისი თქმით, ორივე მხრიდან ჩხუბის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მოხდა. ჩხუბში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. ისინი ორი სოფლის - ჯოყოლოსა და დუისის მცხოვრებლები არიან.
„ჩხუბი მოხდა პანკისში ჰესების მშენებლობის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. სოფელ ჯოყოლას მცხოვრები მუთოშვილების გვარის წარმომადგენლები ჰესის მოწინააღმდეგეები იყვნენ, ხოლო სოფელ დუისის მკვიდრი ქავთარაშვილების გვარის წარმომადგენლები - მომხრეები. მათ ამ თემაზე დაპირისპირება უკვე პირად კონფლიქტში ჰქონდათ გადაზრდილი.
„ერთიწლის წინ ამაზე დავა მოუვიდათ, სადაც, როგორც მაქვს ინფორმაცია, ერთმანეთს პირადი ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენეს. ამას კიდევ საქმის გარჩევები ადრეც მოჰყვა. დღეს კიდევ, როგორც ამბობენ, ქუჩაში ერთმანეთს შეხვდნენ, სადაც ისევ დავა მოუვიდათ.
„ოთხი დაჭრილი შეიყვანეს, მუთოშვილი, როგორც ვრცელდებოდა ინფორმაცია, საკმაოდ მძიმედ იყო და რამდენიმე წუთში დაიღუპა. ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ თითქოს მათ დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოუვიდათ. არ ვიცი რამ გაამწვავა მათი კონფლიქტი, მაგრამ თავდაპირველად ჰესების გამო რომ იჩხუბეს, ეს ყველასთვის ცნობილია“, - აცხადებს ტეტელაშვილი „რეზონანსთან“.
მომხდარი ტრაგედიის კავშირს ჰესის მშენებლობასთან უარყოფს პანკისიის ერთ-ერთი უხუცესი ხასო ხანგოშვილი. როგორც მან „რეზონანსს“ განუცხადა, გვარებს შორის დაპირისპირება პირადი შეურაცხყოფის ნიადაგზე დაიწყო. ხანგოშვილი ამბობს, რომ მათ შერიგებას უხუცესები ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოხერხდა. ბოლოს ორივე გვარი ერთმანეთს გადაეკიდა და ეს უკვე მესამე ჩხუბი იყო, რაც მკვლელობით დასრულდა.
„ეს იყო ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება. ჰესების თემა წარსულს ჩაბარდა, უკვე ძველი ამბავია. ამათ ჩხუბი პირადი შეურაცხყოფის ნიადაგზე მოუვიდათ. ადრე ორჯერ იჩხუბეს. ვცდილობდი, რომ შემერიგებინა. უხუცესები ორივე გვარის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას ვაწარმოებდით.
„სამწუხარო ამბავი მოხდა. ერთმა ახალგაზრდამ მეორეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - რაღაცისთვის შეუდარებია, რის გამოც მეორემ გაარტყა. სულ ესაა მათი ერთმანეთზე გადაკიდების ამბავი.
„როგორც ვიცი, ჩხუბში რამდენიმე კაცი მონაწილეობდა. შეკრებილან სალაპარაკოდ და საქმის გასარჩევად, მაგრამ ეს უბედურება მოხდა“, - აცხადებს ხასო ხანგოშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას.
გარდაცვლილი ვისი მუთოშვილის ძმის შვილი ლუიზა მუთოშვილი „რეზონანსთან“ კატეგორიულად უარყოფს ყოფით ნიადაგზე დაპირისპირების ფაქტს. მისი თქმით, კონფლიქტი სწორედ ჰესის მშენებლობის საკითხზე დაიწყო. მუთოშვილი ამბობს, რომ ბიძამისი იმ ადამიანების ჯგუფმა მოკლა, რომლებიც ჰესების მშენებლობას ლობირებდნენ. მათ უკან კი ხელისუფლება, პოლიცია და სუს-ი დგას.
„ზოგიერთი ჯგუფი ხელისუფლების დავალებით პანკისში ცდილობს, რომ ეს დავა პირად კონფლიქტამდე დაიყვანოს. ყველამ კარგად იცის, რომ ეს დავა ჰესების მშენებლობის გამო დაიწყო. ბიძაჩემი მშენებლობის მოწინააღმდეგე იყო. ის იმ ჯგუფმა მოკლა, რომლებიც ჰესების საკითხს ღიად ლობირებენ.
„ყველამ კარგად იცის ორი გვარი პანკისში, რომლებიც ჰესების მშენებლობას ლობირებენ, ესენი არიან ქავთარაშვილები და ფარეულიძეები. დაპირისპირება დაახლოებით 1-2 თვის წინაც მოხდა იგივე საკითხთან დაკავშირებით, თუმცა რაღაცნაირად ჩაწყნარდა სიტუაცია. დღეს ყველაზე მძიმე შედეგი დადგა და შეიწირა ადამიანის სიცოცხლე.
„ბიძაჩემი გარდაიცვალა და ჩემი ბიძაშვილიც დაჭრილია. მეორე მხრიდან არ მაქვს არანაირი ინფორმაცია ვინ და რამდენი ადამიანია დაჭრილი. დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. დაკავებული ჯერ არავინაა და ეჭვი მეპარება საერთოდ ვინმე დააკავონ იმიტომ, რომ მათ ინტერესებს იცავენ. ყველას ვთხოვ დახმარებას, რომ მსხვერპლი კიდევ არ იყოს. ეს სიტუაცია ასე არ ჩაწყნარდება“, - ამბობს ლუიზა მუთოშვილი „რეზონანსთან“.