თამარ შუკვანი
28.11.2019

 პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ინტერვიუს, რომელიც 27 ნოემბერს „იმედის" ეთერში გავიდა, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სასაცილოს უწოდებს და „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ რამდენიმე განცხადების შინაარსი საშიშ ელემენტებს შეიცავს, მაგალითად, როგორიც არის შეპირება უცხოეთში დასაქმების შესახებ. გამზარდიას თქმით, მსგავსი პროცესი ქვეყნიდან გადინებას შეუწყობს ხელს, რაც საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობისგან დაცლას გამოიწვევს.

„არ ვიცი სერიოზულად როგორ შეიძლება ამ ინტერვიუს შეფასება, ალბათ ძალიან გაგვიჭირდება, რომ იუმორის რეჟიმში არ გადავიდეთ. ვფიქრობ ტყუილად მოვცდი, შემეძლო ნებისმიერი სხვა ინტერვიუ წარმომედგინა მის ადგილას და არაფერი შეეცვალა. გადის წლები და ბიძინა ივანიშვილის შეფასებებსა და აქცენტებში არაფერი იცვლება. სამწუხაროდ, ეს ადამიანი რეალობას სრულად მოწყვეტილია. ფიქრობს, რასაც ამბობს იმდენად შეუკამათებელი ჭეშმარიტებაა, რომ ყველა ასე აღიქვამს.

„საუბარი იმის შესახებ, რომ ივანიშვილს პროპორციული არჩევნები სურდა და დეპუტატები ვერ დაარწმუნა, აუმხედრდნენ და ივანიშვილი გარემოების მსხვერპლი აღმოჩნდა, იმდენად არადამაჯარებელია, რომ სერიოზული ანალიზის გაკეთებაც კი არ ღირს. ისეთმა მაჟორიტარმა, რომელიც ივანიშვილის იქით უჭირავს ყურებით და საჭიროებისამებრ, ამას კიდევაც გამოავლენს, გამოდის, რომ მათ ჰქონიათ მთელი ძალაუფლება და სახელმწიფოს, პარტიას, ხელისუფლებას და ა.შ. რამდენიმე მაჟორიტარი მართავს. ჩრდილოვანი მმართველი ივანიშვილი კი არა, ეს რამდენიმე მაჟორიტაი ყოფილა.

„სამწუხაროდ ძალიან სასაცილოა და ამას კომიკური ტრაგედია ვუწოდე მისი შინაარსის გამო. ივანიშვილი არ ცდილობს გადახედოს თავის შეფასებებს, მოვლენებს და დასვას შეკითხვა, იქნებ ვინმე არ უჯერებს მას. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ თითქმის ყველა შეპირება შესრულებული აქვთ, ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ამქვეყანაზე არ ცხოვრობს. ამ ვრცელ ინტერვიუში რამდენიმე საგანგაშო განცხადებაც იყო, მათ შორის ჩვენი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობა, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოდან გადინება იყოს საკმაოდ ხანგრძლივი და ფართო მასშტაბის. ამბობს, რომ გადინებას უნდა შევუწყოთ ხელი, რომ მოსახლეობისგან ეს ქვეყანა დაიცალოს.

„დღევანდელი ხელისუფლების მმართველი, მართვა და კონცეფცია არის ბევრად უფრო საშიში და წარუმატებელი, ვიდრე ეს იყო წინა ხელისუფლების დროს. ახალგაზრდა თაობას ეუბნება, რომ თქვენი სამშობლო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნება გამოუსადეგარი, უპერსპექტივო, წარუმატებელი და წადით ქვეყნიდან. ეს არის ამ ინტერვიუს ყველაზე საშიში მომენტი," - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

27 ნოემბერს „იმედის" გადაცემა „SWOT ანალიზის" სტუმარი ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელმაც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ნიკა ლალიაშვილის გადაცემაში ისაუბრება. ივანიშვილის განცხადებით, ის გუნდს არწმუნებდა არ დაერღვიათ სიტყვა და არჩევნებზე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მიიღებდნენ 50-60%-ს.

მისივე თქმით, 7 წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, არ იყო ისეთი სერიოზული დაპირება, რომელიც არ შეესრულდებინოთ. „ლეიბორისტულ პარტიასა" და „ევროპულ საქართველოს" კი „ნაციონალებს" უწოდებს. ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას არა საქართველოში, არამედ უცხოეთში ჰპირდება დასაქმებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×