საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზრიზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციები სულაც არ არის მშვიდობიანი და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე აქციების გაგრძელების რესურსსა და პერსპექტივას ვერ ხედავს.
„მგონი მიხვდებიან, რომ რასაც აკეთებენ არასწორია და არც კანონის ფარგლებში ჯდება. პროგნოზს ვერ გავაკეთებ, რამდენი ხანი გაგრელდება, მაგრამ ეს არასწორი ქმედებებია. არა მგონია ამის რესურსი ჰქონდეთ. ის ადამიანები, ვინც მოჰყავთ, ბოლოს დაიღლებიან, წავლენ და თვითონ მიხვედებიან, რომ ამას არასწორად აკეთებენ, სულ ხომ არ იქნებიან გასულები მომსახურების ზონიდან. მიმაჩნია, რომ ეს არ არის მშვიდობიანი აქციები. სწორედ ამიტომაცაა, რომ პოლიცია პარლამენტის წევრებს შენობაში კორდონებით ატარებს.
„ალბათ ნახეთ, როგორ მომექცნენ რამდენიმე დღის უკან, ზურგში მუშტების ცემით. ეს თუ ითვლება მშვიდობიან აქციად, იგივე უნდა ჩაუტარო „ნაციონალურ მოძრაობას" და ასეთი ტიპის ოპოზიციური პარტიის წევრებს. მაშინ მიხვდებიან მშვიდობიანს აკეთებენ თუ არა," - განაცხადა რევაზ არველაძემ.
ამასთან, „ევროპული საქართველოს" წევრები პარლამენტში მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებსა და პარლამენტის კომიტეტებს ტოვებენ. „ევროპულ საქართველოში" შემავალი ფრაქციების წევრებმა პარლამენტს შესაბამისი თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებით უკვე მიმართეს. ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები მათ მიერ კომიტეტების დატოვების თაობაზე ცნობად მიიღო.
კერძოდ, სერგი კაპანაძე განათლების, მეცნიერების და კულტურის და ევროინტეგრაციის კომიტეტებს, ელენე ხოშტარია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, დეპუტატები ლაშა დამენია და ლელა ქებურია რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს ტოვებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები კი აღარ იქნებიან ირაკლი აბესაძე და ოთარ კახიძე. ასევე, ოთარ კახიძე ტოვებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსაც.
„ეს ალბათ პროტესტის ერთ-ერთი ფორმა გამონახეს. ყველა ადამიანი, პიროვნება იქნება თუ პარტია, თავის გადაწყვეტილებას თავად იღებს," - აღნიშნა რევაზ არველაძემ.
ცნობისათვის, პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია დღეისათვის დასრულდა; აქციის ორგანიზატორები მათ მხარდამჭერებს სამომავლო გეგმებს დღის განმავლობაში გააცნობენ. მათი განცხადებით, არაძალადობრივი მშვიდობიანი პიკეტის ფორმა გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემა არ იქნება.
სამართალდამცავებმა პარლამენტის მიმდებარედ, ქუჩებზე აღმართულ რკინის ბარიერები მოხსეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება სამართალდამცავმა უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დღეისთვის დასრულებულად გამოაცხადეს.
შეგახსენებთ, პარლამენტის შესასვლელების დაანონსებული პიკეტირების გამო, პოლიციელებმა პარლამენტის შესასვლელების ტერიტორია ლითონის კონსტრუქციებით გადაკეტეს.