მმართველი გუნდის მეორე დაპირება, რომელსაც ერთ კვირაში საფრთხე დაემუქრა, სესხების შერბილების საკითხს ეხება. პრემიერ-მინისტრის მიერ წინა კვირას გაკეთებული განცხადება 200 000-ლარიანი ზღვარის განახევრებაზე, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა. როგორც ჩანს, მთავრობაში ამ საკითხის გადაწყვეტას საერთოდ არ ჩქარობენ. ფინანსთა მინისტრი მასაც კი ამბობს, რომ ზღვარი, შესაძლოა, დღევანდელ ნიშნულზე დარჩეს.
მთავრობის განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია. საბოლოო გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა უნდა მიიღოს და ვერც ერთი მთავრობის წარმომადგენელი მათზე კომპეტენტურ განცხადებას ვერ გააკეთებს. ეროვნულ ბანკში კი საეჭვოდ დუმან და პრემიერის რეკომენდაციაზე საერთოდ არ საუბრობენ.
შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია დაიწევს თუ არა 200 000-ლარიანი საკრედიტო ზღვარი. ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ეროვნულ ვალუტაში სესხების გაცემასთან დაკავშირებული ზღვარი შენარჩუნდეს, თუ – არა, ამის ანალიზი ისევ მიმდინარეობს.
"ვაანალიზებთ 200 ათას ლარიან ზღვარს. ლოგიკა და მიზანშეწყონილობა ამისი იყო, რომ ადამიანების, ფიზიკური პირების რაოდენობა, რომელიც იპითეკურ სესხს იღებდა, ძალიან დიდია.
ისეთი იპოთეკური სესხები, რომელიც ამ 200–ათას ლარიან ზღვარში ხვდება, არის დაახლოებით იმ ბინების მოცულობისა, რომელიც ყველაზე გაყიდვადია. ამიტომ ჩაითვალა, რომ ეს ადამიანები არიან შედარებით ყველაზე მოწყვლადი, ფენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება მერყეობა კურსთან დაკავშირებით. ამის დასაცავად გამკაცრდა მიდგომა, თუმცა არის ახლა მეორე საკითხი, არგუმენტი – ბიზნეს აქტივობა მშენებლობის სექტორში. მე მგონი, ბოლო რამდენიმე თვეა ეს დარგი საკმაოდ წამოწეულია, მაგრამ მიდის მსჯელობა მეტი აქტივობა ხომ არ შევიტანოთ ამ სექტორში?
ანალიზი მიმდინარეობს, შევხედვათ, შეიძლება ზღვარი არც ჩამოვწიოთ. ასე არ არის კითხვა, რომ გინდა თუ არა ჩამოვწიოთ. ჩვენ ანალიზი დაგვევალა და არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ზღვარი დავტოვოთ კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით ორივე წინადადება მაგიდაზე დევს და იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც ქვეყნისთვის საუკეთესოა", – განაცხადა პარლამენტში მყოფმა მაჭავარიანმა.
ეკონომიკის სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ყველა გზა საბოლოოდ ეროვნულ ბანკამდე მიდის და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. შესაბამისად, გარკვეულწილად ზედმეტია მთავრობის ინტენსიური მსჯელობა ამ საკითხზე.
"თუ ეროვნულმა ბანკმა არ გააკეთა შესაბამისი კომენტარი, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება არაფრის მომცემი ფაქტები. მთავრობა საუბრობს ისეთ რაღაცაზე, რაც სებ-თან არ არის შეთანხმებული. ყველა გზა მიდის ეროვნულ ბანკამდე და უნდა გააკეთონ განცხადებები თუ რა შეიძლება მოხდეს. როგორ უნდა გაკეთდეს და დადგინდეს ეს ზღვარი, მაგრამ ჩანს, რომ თავად სები არის მზად მკვეთრი ნაბიჯებისთვის, მთავრობა კი ამ ეტაპზე პოპულისტურ ნაბიჯებს დგამს", - განუცხადა "რეზონანსს" თოქმაზიშვილმა.
ამასობაში ლარი ისევ გაუფასურებულია და ძველ ნიშნულს ვერ დაუბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად მთავრობასთან ერთად არაერთი ნაბიჯი გადადგ ვალუტის გამყარება ვერ მოხერხდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა სწორედ 200 000-ლარიანი საკრედიტო ზღვარია. პოლიტიკოსები თუ ეკონომისტები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებენ. სინამდვილეში მოხდება თუ არა ცვლილება ჯერჯერობით უცნობია.
ფინანსისტი ვახტანგ ხომეზურიშვილი "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ მთავრობის კოორდინირებული მოქმედება ერთ-ერთი მთავარია ამ საკითხში, თუმცა საკრედიტო ზღვრის დაწევა ანდა თუნდაც იგივე ნიშნულზე დატოვება ლარზე რეალურ გავნელას ვერ მოახდენს.
"ეროვნულ ბანკზე პასუხისმგებლობის აკიდება არ გამოვა, მხოლოდ ის არაფერ შუაშია. გახარია კი ამბობს, რომ კოორდინირებულად ვიმუშავებთო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს მხოლოდ გასაცმეი ნორმის რეგულირება შეუძლია, რაც ამ შემთხვევაში ნაკლებად ეფექტურია. ის მიზეზები, რომელიც ეროვნულ ვალუტაზე მოქმედებს, სულ სხვაგანაა საძებნი და მთავრობის დასარეგულირებელია. ნამდვილად შეუძლია ხელისუფლებას ეკონომიკის რეალური სექტორი განავითაროს და ბიზნესს მოუხსნას დამატებითი საგადასახადო ტვირთი. აი, ეს იქნებოდა ყველაზე რეალური ნაბიჯი ვალუტის გასამყარებლად", - აღნიშნა ხომიზურიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.