მინიმუმ რამდენიმე თვე მთლიანად რუსულ ხორბალზე ვიქნებით დამოკიდებული
რეზონანსი
28.11.2019

 ქვეყანა ისევ პურპროდუქტების გაძვირების მოლოდინშია. ხორბლისა და მარცვლელის დიდი ნაწილი მხოლოდ რუსეთიდან შემოდის, რადგან ყაზახეთში მოუსავლიანობის გამო, წელს ვერ მოხერხდა შუა აზიური ხორბლით მომარაგება. ფქვილის ფასმა კვლავ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. და დღეს 1.50 ლარით გაძვირდა. ეს ყველაფერი კი საფრთხეს უქმნის პურის ფასს, მით უფრო ინფლაციისა თუ ლარის გაუფასურების ფონზე.

ხორბალი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროდუქტია და მის ფასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. სამწუხაროდ, წელს საქართველოში ხორბლის მოსავალიც შემცირებულია და ყაზახური ხორბლის მიღებაც მოუსავლიანობის გამო ვერ მოხერხდა.  საქართველო, ძირითადად, იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული, თუმცა ხორბლის მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებსაც ჰქონდათ სირთულეები, რამაც მარცვლეულის გაძვირება გამოიწვია. 

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი მალხაზ დოლიძე "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ბაზარზე პურის გაძვირებას ამ ეტაპზე არც ახლა ელის და არც ახლო მომავალში, თიმცა ნედლეულის გაძვირებას ადასტურებს: 

"ყაზახეთმა წელს ხორბალი ვერ მოგვცა, რადგან მოსავალი არ იყო და ძირითადად, შემოდის რუსეთიდან. მაგალითად, დღეს 1.50 ლარით მოიმატა ფქვილის ფასმა. თუ აქამდე 1 ტომარა 48 ლარი ღირდა, ახლა 50 ლარის ფარგლებში ტრიალებს. რეგიონებში კიდევ უფრო ძვირი იქნება და ეს ძალიან მტკივნეულია მეპურეებისთვის და ზარალის მომტანიც. 

რაც შეეხება პურის ფასს, ამ ეტაპზე არ არის გაზრდილი და მომავალში როგორ იქნება ამის პროგნოზი ჯერ არ მაქვს, თუმცა მარცვლეულზე ასეთი მდგომარეობა გვაქვს. ძალიან ცუდი იყო, რომ ყაზახური ხორბალი ვერ შემოვიტანეთ", - განუცხადა "რეზონანსთან" მალხაზ დოლიძემ.

ძალიან რთულია სამომავლო პროგნოზების გაკეთებაც მეტად გაძვირდება თუ არა მარცვლეული, რაც საბოლოო ჯამში პურის ფქვილის ფასზეც დიდ გავლენას მოახდენს. პურის ფასწარმოქმნა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის რა ფასზე დასტაბილურდება ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ფასი, ვალუტის კურსი, წარმოებაში საჭირო სხვადასხვა მასალების ფასი და ა.შ. სწორედ ამ გარემოებების ერთიანობით დგინდება პროდუქტზე საბოლოო ფასი და შესაბამისად, ძალიან რთულია წინასწარ ზუსტი პროგნოზის გაკეთება.

დღეს იმპორტირებული ხორბლის 90% რუსეთიდან არის შემოტანილი. ეს კი ძალიან დიდი დამოკიდებულებაა რუსეთზე და საჭიროა ბაზრების დივერსიფიცირება. საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ეს მხოლოდ შიდა ბაზარს ეხება, სადაც სხვადასხვა წისქვილები ამუშავებენ ხორბალს, შესაბამისად ფასიც სხვადასხვაა. იმპორტის მხრივ კი ვითარება უფრო რთულია, რადგან ძირითადად რუსეთზე ვართ დამოკიდებული. 

"სხვადასვხა წისქვილკომბინატები მუშაობენ და სხვადასხვა ფასი აქვთ. რომელიმე წისქვილში თუ გაძვრდა ფქვილი, ეს არ ნიშნავს, რომ მასობრივად იმატებს ფასი ყველგან. ადგილობრივი ხორბალი  მხოლოდ 10%-ია  და მთლიანად იმპორტდამოკიდებულები ვართ. დიდი ნაწილი რუსეთიდან შემოგვაქვს, სადაც მარცვლეული ნამდვილად გაძვირებულია. შესაბამისად, ეს ჩვენზეც ცუდად აისახება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ლევან სილაგავამ.

მისი განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსავალი იყოს იმ რაოდენობის, რომ იმპორტი აღარ გახდეს საჭირო. როგორც ცნობილია, დღეს ხორბლის დომინანტი იმპორტიორი რუსეთია. 1 ტონა ხორბლის ფასი 205–215 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×