ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრისას, რომელიც 30 ნოემბერს გაიმართება და განსახილველი თემა ე.წ. გერმანული მოდელი იქნება, ანალიტიკოსი ზაალ ანაჯარაფიძე აცხადებს, რომ ეს შეხვედრა შედეგს ვერ გამოიღებს. მმართველი გუნდი დათმობაზე არ წავა, რადგან ამას ოპოზიცია მის გამარჯვებად აღიქვამს, რაც „ქართული ოცნების" იმიჯს შელახავს, რეტინგს კი კიდევ უფრო დაბლა დაწევს.
„ამ შეხვედრისგან დიდი მოლოდინი არ მაქვს, რადგან ძალიან განსხვავებულია მხარეთა სასტარტო პოზიციები, მიუხედავად იმისა, რომ მედიატორად ჩართული არის ევროკავშირი, რომელსაც, რა თქმა უნდა, გავლენის გარკვეული ბერკეტები აქვს, როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ოპოზიციაზეც. ეს იქნება ნიადაგის მოსინჯვის შეხვედრა, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს პოზიციების შეჯერება. ხელისუფლებამ უკან რომ დაიხიოს, თავისი თავდაპირველი ხისტი დაპირებების გამო, როდესაც თქვა, რომ თემა დახურულია, ეს ამომრჩეველში შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ერთგვარი უკან დახევა, რაც პარტიის იმიჯს კარგად არ წაადგება, მითუმეტეს, დღევანდელ სიტუაციაში. ოპოზიცია ამას გაასაღებს, როგორც მის გამარჯვებას, თითქოს ხელისუფლებას მათი ზეწოლით და წნეხით დათმობა გამოგლიჯეს.
„პოლიტექნოლოგიურად ხელისუფლება მისთვის წამგებიან მდგომარეობაში ვარდება. იმ შემთხვევაში კი, თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის მისამართით გარკვეული ნაბიჯი გადადგა და გერმანულ მოდელს დათანხმდა, დგება საკითხი იმისა, თუ რამდენად არის კონსტიტუციასთან თავსებადი ეს მოდელი. კონსტიტუციონალისტების აზრი გაყოფილია ამის თაობაზე. ჯერჯერობით ვერ მოვისმინე ვერცერთი მხარისაგან ისეთი მყარი არგუმენტი, რომელიც მეორე მხარის არგუმენტებს გადაწონიდა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დებატი შედგა.
„ხელისუფლებისთვის ძალიან არამომგებიანი იქნებოდა, რომ მას თავიდანვე ხისტი უარი ეთქვა ევროკავშირისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა უარყოფითი საინფორმაციო ფონი და დამოკიდებულებაა შექმნილი „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით საზღვარგარეთ, ხელისუფლების ეს უარი კიდევ უფრო გაამწვავებდა სიტუაციას. ინსტიქტი და კეთილგონიერება კარნახობდა ხელისუფლებას, რომ ევროკავშირის ამ მოთხოვნას დათანხმებოდა და მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარიყო.
„ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი ცივილური გზით დასრულებულიყო და მხარეებს კომპრომისისთვის მიეღწიათ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, თუ რა ტიპის ოპოზიციასთან გვაქვს საქმე, ამის ავანგარდში დგას „ნაციონალური მოძრაობა" და მისი განშტოება „ევროპული საქართველო," ვეჭვობ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ხელისფულება ამ დათმობაზე წავა, შემდეგ უკვე დღის წესრიგში ახალ მოთხოვნას დააყენებენ, მაგალითად, მთავრობის გადადგომას. ამ სცენარს არ გამოვრიცხავ, თუკი ნახავენ, რომ ხელისუფლება გატყდა, უკვე წამოვიდა დათმობებზე, ამას მიიჩნევენ ასე: თუკი ცოტას ისევ მივაწვებით, მეტს გამოვგლიჯავთ," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ 30 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაა დაგეგმილი, თუმცა ზუსტი დრო უცნობია.
მისი თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა ე.წ. გერმანული მოდელი იქნება. კობახიძის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. კობახიძე ამბობს, რომ შეხვედრას დიპლომატიური კორპუსი დაესწრება.