პანკისში მონხდარი სისხლიანი დაპირისპირებიდან უკვე რამდენიმე დღე გავიდა და ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია ცნობილი, რეალურად რა მოხდა და რა გახდა 36 წალის მუსა მუთოშვილის მკვლელობის მიზეზი. შესაძლოა ეს მკვლელობა ხეობაში ახალი დაპირისპირების საბაბი გახდეს.
ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ თუკი კონფლიქტი ვერ მოგვარდა და უხუცესებმა ორი გვარის შერიგება ვერ მოახერხეს, მაშინ შურისძიება გამორიცხული არ არის და პანკისი ორი სოფლის და ორი გვარის დაპირისპირების პოლიგონად გადაიქცევა. ახლა ხეობაში იმაზე ფიქრობენ, როგორ შეიძლება სიტუაცია განიმუხტოს და განმეორებით სისხლისღვრა თავიდან აცილებული იქნას.
პანკისის ხეობაში, სოფელ საქობიანეში 27 ნოემბერს ორ გვარს ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები სოფელ ჯოყოლასა და დუისის მცხოვრებლები არიან. როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, ჩხუბში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა და ორივე მხარე შეიარაღებული იყო. ორივე გვარიდან 4 ადამიანი დაიჭრა, ხოლო ერთ-ერთი მათგანი ვისო მუთოშვილი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
ზოგი ხეობაში ამბობს, რომ ხელისუფლებამ, როდესაც ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ვერაფერი გააწყო, ახლი ტაქტიკა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივებს ერთმანეთთან აპირისპირებს. ამტკიცებენ, რომ პოლიციას იმ დღეს სისხლისღვრის თავიდან არიდება შეეძლო, თუმცა არაფერი იღონა. მათი თქმით, წლებია, რაც ქავთარაშვილების გვარი ხეობაში ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია და ვისო მუთოშვილის სიცოცხლე სწორედ ამას ემსხვერპლა.
გარდაცვლილის დეიდა ეთერ გოდერძიშვილი „რეზონანსთან“ ყვება, რომ რაც ამ ჰესთან დაკავშირებით საუბარი დაიწყო, ხეობაში სიტუაცია ადგილობრივებს შორის დაიძაბა. ქავთარაშვილები ხელისუფლების დავალებით, მიზანმიმართულად ცდილობდნენ, რომ ადგილობრივები დაეჩაგრათ და მათზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რათა ჰესის მშენებლობაზე თანხმობა ეთქვათ.
„ეს გვარი პანკისში ჰესის მშენებლობას აგიტაციას დიდი ხანია უწევს. ასე დადიოდნენ და ადგილობრივებს აშანტაჟებდნენ, რომ გინდა თუ არა თანხმობა განაცხადეთო. ჩემი დისშვილი სწორედ ამას შეეწირა. აქ ახლა ცდილობენ, რომ ადგილობრივები ერთმანეთს გადაგვკიდონ. ფული აქვთ ალბათ აღებული და დავალება აქვთ მიღებული, რომ ხალხი გადაიბირონ. აღარ გვინდა სისხლი და დაპირისპირება, დავიღალეთ. რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს“, - აცახდებს გარდაცვლილის დეიდა.
ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ერთ-ერთი ქავთარაშვილი, რომელიც სისხლიანი გარჩევის დროს დაიჭრა, ახმეტის მერის მრჩევლის ძმაა, რომელმაც მუთოშვილები შეხვედრაზე დაიბარა. პანკისელები ფიქრობენ, რომ ეს არის ხელისუფლების მიზანმიმართული შურისძიება, რომელიც აპრილში პოლიციასა და მათ შორის დაპირისპირების გამო გადაუხადათ.
„პოლიცია იქვე იდგა შორიახლოს და სეირს უყურებდა. ხმა არავის გაუღია, უყურებდნენ, როგორ დახოცავდნენ ერთმანეთს. მუთოშვილები დაიბარეს დასალაპარაკებლად და მისვლისთანავე ცეცხლი გაუხსნეს.
ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, რომ აქ მერე სისხლისღვრა ერთმანეთში დაიწყოს. ამათმა კიდევ ის გააკეთონ რაც ჩაფიქრებული აქვთ. ამღვრეულ წაყალში თევზს კარგად დაიჭერენ. ძალიან ცუდი სიტუაციაა, როგორღაც ამ ყველაფრის ჩაწყნარება უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლისღვრა გაგრძელდება და პროცესები უმართავი გახდება,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.
პანკისელი უხუცესები კი ამბობენ, რომ ახლა უხუცესთა საბჭომ სასწრაფოდ ამ ორი გვარის შერიგება უნდა დაიწყოს. თუმცა ამას რამდენად შეძლებენ, უხუცესებს საუბარი უჭირთ. მათი თქმით, ისინი ერთ წლის განმავლობაში ამის გაკეთებას ეცადნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ და სიტუაცია საკმაოდ მძიმედ და ტრაგიკულად განვითარდა.
„სიტუაცია ძალიან რთულად არის. მოხდება თუ არა ამ გვარების შერიგება ამაზე ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია. ამბავი ცხელია და არავინ არ იცის რა და როგორ მოგვარდება“,-აცხადებს უხუცესი ხასო ხანგოშვილი „რეზონანსთან“.