„რაც არ უნდა გაემიჯნონ ზოგიერთები, ყველასთვის ნათელია, ვინაა ამ აქციების პატრონი“
თამარ შუკვანი
29.11.2019

 „დღევანდელი პროტესტის მამოძრავებელი, წარმმართველი და ორგანიზატორი არის ნაცმოძრაობა, თუმცა უნდათ წარმოაჩინონ, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია ერთადაა და რაც მთავარია ესაა ამბოხებული ახალგაზრდების ბუნტი," - აცხადებს „ქართული ოცნების" ფრაქციის წევრი გუგული მაღრაძე, რომლის თქმითაც პოლიტიკური პოზიციის გამო არაერთხელ გამხდარა ნაცმოძრაობის და მისი სატელიტების მხრიდან ბულინგის ობიექტი: „სისტემატურად ავრცელებენ თითქოს ჩემს ნათქვამებს, ძალიან უაზროს, მაგრამ ისეთს, რამაც შესაძლოა მოსახლეობის რაღაც ნაწილში გამოიწვიოს უარყოფითი დამოკიდებულება. ჩემს განათლებაშიც კი ცდილობენ ეჭვის შეტანას." არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე „რეზონანსი" გუგული მაღრაძეს ესაუბრა.

გუგული მაღრაძე: არიან პროტესტანტებში ახალგაზრდები, რომელთაც არ განუცდიათ ნაცების მმართველობის სუსხი და ალბათ სჯერათ, რომ რაღაც კარგს აკეთებენ. აცხადებენ, რომ ნაცმოძრაობასთან კი არ არიან არამედ იცავენ გარკვეულ ღირებულებებს. მაგრამ ჩვენმა მოსახლეობამ ისეთი გამოცდილება მიიღო ამ წლებში, რომ ყველასთვის ნათელია, ვინაა ამ აქციების პატრონი.

აქციებს, მით უმეტეს პერმანენტულ და ხალხის მობილიზაციაზე დამყარებული აქციებს, სჭირდება ორგანიზაციული სტრუქტურა და ფული, რაც აქვს ნაცმოძრაობას და არა იმ ახალგაზრდების ჯგუფს, რომელიც ხმამაღალი დემოკრატიული ლოზუნგებით ჰყავთ მობილიზირებული ორგანიზატორებს. ამიტომ ასეთი აქციებისას ვინც აკეთებს მობილიზაციას და ხარჯავს ფულს (პირადად აქციის მონაწილეებისთვის ხელზე გადახდილს რომ თავის დავანებოთ, აქ არის საკმაო ხარჯები: რაიონებიდან ჩამოყვანა, კვება, სცენის მოწყობა და სხვა), ის განსაზღვრავს მის იდეოლოგიას და აქტივობებს. ასე რომ, რაც არ უნდა გაემიჯნონ ზოგიერთები, ესაა ნაცმოძრაობის აქცია.

აქციების მონაწილეთა რაოდენობა და ხალხის განწყობა ვფიქრობ მათაც არწმუნებს, რომ ვერანაირი საარჩევნო კანონით ვერ მოვლენ ხელისუფლებაში, რჩება ძალადობრივი გზა. სათანადო მხარდაჭერა მათ ვერ ექნებათ, რადგან ხალხს კარგად ახსოვს, ვინ არიან ისინი. ამიტომ სერიოზული მხარდაჭერა ამ აქციებს არ აქვთ და არც ექნებათ. აბა რა ამოძრავებთ? მათ პროვოკაციების დიდი გამოცდილება აქვთ და ახლაც იმიტომ მოდიან იმთავითვე არაკანონიერ მოქმედებებზე, რომ იქნებ რაიმე მოხდეს საგანგაშო, ამიტომ საჭიროა სამართალდამცავებიდან მაქსიმალური სიმტკიცე და სიფხიზლე, რასაც მათდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ახერხებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს „დემოკრატი" ნაცები არ ერიდებიან ხმამაღლა გაცხადებული მუქარებს და შეურაცხყოფებს პოლიციელთა მიმართ.

„რეზონანსი": რაც გვახსოვს, თქვენ მხარს უჭერდით პროპორციულ არჩევნებს. რა მოხდა და როგორია თქვენი განწყობა ახლა?

გ.მ: ზოგადად აპრიორი კარგი და ცუდი საარჩევნო სიტემა არ არსებობს. თუმცა ჩემმა პირველივე საარჩევნო გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ბევრი განზომილებით პროპორციული სიტემა ჩვენი ქვეყანისთვის უკეთესია.

თუმცა არა მგონია, ოპოზიცია ვერ აცნობიერებდეს, რომ, 73 მაჟორიტარი როცა გყავს, საარჩევნო სისტემის შეცვლა ფაქტიურად შეუძლებელია, რადგან პარლამენტს არ აქვს რესურსი 113 ხმა მოაგროვოს. პროტესტის ორგანიზატორებს ეს მხოლოდ საბაბად სჭირდებათ, ნამდვილი ინტერესი არის ქაოსის გაძლიერება, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმება, რაც აუარესებს ხალხის მდგომარეობას და ზრდის უკმაყოფილებას ხელისუფლების მიმართ.

როგორც ჩანს პროტესტის ორგანოზატორების ინტერესია ქვეყანაში მდგომარეობის მაქსიმალურად დამძიმება.კონფლიქტოლოგიაში კონფლიქტის საფუძვლების გასაგებად მთავარია გამოვიდეთ არა პოზიციებიდან, რაც გამოვლენილი და გაცხადებულია, არამედ დავადგინოთ მათ ქვეშ მყოფი ინტერესები და უფრო ღრმადაც თუ საჭიროა ჩასვლა, უნდა გავიგოთ ის მოთხოვნილებები, რაც საფუძვლად უდევს ამ ინტერესებს და გაჟღერებულ პოზიციებს. პროტესტანტები მართალია აცხადებენ რომ პროპორციული წესი უნდათ, მაგრამ მათი წინა პოლიტიკური გემოვნება მოწმობს რომ წლების მანძილზე ხმალამოღებული იცავდნენ მაჟორიტარულ სისტემას, ჰქონდათ არაერთი შანსი გადასულიყვნენ პროპორციულ სისტემაზე , მაგრამ ეს არ გაუკეტებიათ. ამიტომ მათი გაჟღერებული მოთხოვნა პროპორციული არჩევნებისა არის მხოლოდ საბაბი. თუ უფრო ჩავღრმავდებით რა არის ძირეული მოთხოვნილება აქციის ორგანიზატორების, დამგეგმავების და დამფინანსებლების, ესაა ხელისუფლებაში ნებისმიერი გზით მოსვლის სურვილი და რამდენადაც აცნობიერებენ რა რომ არცერთნაირი საარჩევნო სისტემით ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვს, მათ რჩებათ ერთადერთი გზა - მუდმივი არეულობა, იქნებ რამეს ხელი გამოკრან. მაგრამ უნდა ითქვას ჩვენი მოსახლეობის სასახელოდ, რომ მათ ამის აღსრულება არ უწერიათ.

„რეზონანსი": თქვენ ბრძანდებით ასევე თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი და ფსიქოლოგიის დოქტორი. ამ რეგალიების თვალსაზრისით, რა ხდება დღეს საქართველოში?

გ.მ: პირველი, რაც ჩანს, არის კონფლიქტის ესკალაციის ძლიერი მცდელობა ნაცმოძრაობის მხრიდან. კონფლიქტოლოგიაში არსებობს ოთხი ძირითადი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რაც ხელს უწყობს კონფლიქტის ესკალაციას: ესაა დადანაშაულება, ბრაზი, შიში, შფოთვა იმიჯის გამო. ეს ფაქტორები ხელს უწყობენ ნეგატიური განწყობისა და აღქმის წარმოშობას.

ესკალაციას მოჰყვება ცალკეული ინდივიდების ფსიქოლოგიური მდგომარეობის ცვლილება. ეს უკვე არის. შემზარა, როცა დავინახე, რომ სასიამოვნო გარეგნობის მქონე ქალბატონები და გოგონები სიძულვილისგან დამახინჯებული სახეებით გამოხატავენ თავიანთ პროტესტს.

მეორე ცვლილება არის ჯგუფური ცვლილებები, რომელიც ხდება კონფლიქტის მხარეებში. ეს გამოიხატება ჯგუფის შეჭიდულობის ზრდაში, რაც გვაქვს კონფლიქტის ორივე მხარეზე, წინა პლანზე გამოდიან უფრო აგრესიული ლიდერები. მტრედებს ქორები ცვლიან, თუმცა გაჭირდება მტკიცება, რომ ნაცებში ოდესმე არსებობდნენ მტრედები.

მიმდინარე კონფლიქტის ორგანიზატორები და მონაწილენი არიან მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც მართალია აცხადებს საპროტესტო აქციის მიზნად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნას, მაგრამ მათი ნამდვილი მიზანი არეულობით ხელისუფლებაში მოსვლაა. ზოგიერთი იმ ჭრელი შემადგენლობიდან რომელიც გაერთიანებულია ნაცების თავკაცობით, არც მალავს ნებისმიერი გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილს. მოსახლეობა ხედავს ამას და ამიტომაც არიან აქციის ორგანიზატორები დარჩენილნი მცირერიცხოვანი მხარდამჭერების ამარა. არცერთ ნორმალურ ადამიანს არ უნდა რევანშისტული და კაცთმოძულე ხელისუფლების დაბრუნება.

კონფლიქტი ცხადია ერთი მხარის მონაწილეობით არ მიმდინარეობს, კონფლიქტის მეორე მხარეა ხელისუფლება და მისი მხარდამჭერი გაცილებით მეტია, ესაა ქვეყნის მოსახლეობა. რომელიც სწორად აფასებს იმ სტაბილურობას რის უზრუნველყოფასაც ცდილობს არსებული ხელისუფ;ლება , ხალხს ძალადობრივი არეულობის მწარე გამოცდილება აქვს და არასდროს გაჰყვება არეულობის მომხრეებს.

კიდევ ერთი თანხმლები ფენომენი კონფლიქტისა, რომელიც ადრეც არსებობდა და ახლა მით უმეტეს გაძლიერებულია, ესაა ოპონენტზე დამამცირებელი იარლიყების მიწერა და ბულინგი. შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ ამ მხრივ გაცილებით დაოსტატებულია ნაცმოძრაობა. მე პირადად არაერთხელ ვყოფილვარ ბულინგის ობიექტი მათი მხრიდან: სისტემატურად ავრცელებენ თითქოს ჩემს ნათქვამებს, ძალიან უაზროს, მაგრამ ისეთს, რამაც შესაძლოა მოსახლეობის რაღაც ნაწილში გამოიწვიოს უარყოფითი დამოკიდებულება ჩემს მიმართ. ჩემს განათლებაშიც კი ცდილობენ ეჭვის შეტანას.

„რ": ნიკა მელიას ხომ არ გულისხმობთ, რომელმაც საკმაოდ აგდებით ისაუბრა თქვენზე, რომ პოლიტიკის არაფერი გაგეგებათ? გქონდათ სურვილი გეპასუხათ?

გ.მ: სიმართლე გითხრათ, კარგა ხანია აღარ ვეხმაურები ასეთ ჭორებს, ვიცი რომ კორუფციას და უზნეობას ვერ დამაბრალებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მარტო ჩემზე არაა საუბარი, აქ არის ქართული ოცნებიდან პარლამენტის წევრების გაბაიბურების საკითხი, ამიტომ მოკლედ შევახსენებ ნიკასაც და სხვებსაც, როგორ მოვედი მე აქამდე.

80-იან წლებში გახლდით პირველი საერთო სახალხო მოძრაობის, სახალხო ფრონტის პირველი ყრილობის დელეგატი, რაც რბილად რომ ვთქვათ არ იყო უსაფრთხო გაგანია კომუნიზმის ზეობისას. 9 აპრილის რიგითი მონაწილე მეც ვიყავი და უფრო აქტიურად ვიყავი ჩართული იმ პროტესტში, რაც მაშინდელ ცეკას მდივნებს შევარდნაძეს და რაზუმოვსკის მოვუწყვეთ თსუ-ში.

პოლიტიკაში უშუალოდ ჩავერთვე იმ პროტესტის გამო, რაც გამოიწვია ჩემში პირველი პრეზიდენტის ძალადობრივმა განდევნამ და შევუერთდი ტრადიციონალისტთა პარტიას, რომელიც ერთადერთი ლეგალურად მომქმედი ოპოზიციური პარტია იყო იმ დროს. ვიყავი პრეს სამსახურის ხელმძღვანელი და ვუშვებდით იმ დროს ერთადერთ ოპოზიციური გაზეთს „ქართველი ერი". ვმონაწილეობდი 1995 წლის არჩევნებში, სადაც აშკარად მივხვდი რომ მაჟორიტარულ არჩევნებში საქართველოში ქალი დამოუკიდებლად (ქმრის, ძმის, პარტიის და ა.შ ფინანსური და მორალური მხარდაჭერის გარეშე) კარგა ხანს ვერ გაიმარჯვებდა და განსხვავებით მელიას ახლანდელი კომპანიონებისაგან, რომლებიც მთელი 20 წელი გააფრთებით იცავდნენ საქართველოში მაჟორიტარული სისტემის აუცილებლობას, მე უკვე იმ დროდან პროპორციული არჩევნების მომხრე ვიყავი და ვარ.

ტრადიციონალისტებისგან წამოვედი 1999 წელს, როცა ისინი შეუერთდნენ აბაშიძის ბლოკს. ამის მერე მთელ ჩემ დროს და ენერგიას ვახმარდი სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას თსუ-ში, როგორც სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის გამგე. გავიმარჯვე რამდენიმე ამერიკულ პროგრამაში, მათ შორის ძალიან პრესტიჟულ ფულბრაიტის პროგრამაში. მომეცა შანსი მეცხოვრა ამერიკაში და მემუშავა რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დავაფუძნეთ ამერიკული პროგრამების მონაწილეთა ასოციაცია.

2004 წელს სააკაშვილის პირადი რეკომენდაციით გავხდი პარლამენტის უმრავლესობის წევრი, მაგრამ უპარტიო. პირველ ხანებში მქონდა ენთუზიაზმი, რომ კარგ საქმეებს ვაკეთებდი, შემდეგ ეს რწმენა შემერყა და 2007 წლის საპროტესტო აქციების ფონზე დავტოვე საპარლამენტო უმრავლესობა, რაც ასევე არ იყო იოლი ნაცმოძრაობის ზეობის პერიოდში.

2008 წლის მარტიდან ჩამოვაყალიბეთ ქალთა პარტია და 2008 წლის მაისშივე ჩატარებულ არჩევნებზე ოჯახის დანაზოგი 12000 ლარის დახარჯვით მივიღეთ ხმები 1 პროცენტამდე, რაც 3 თვის შექმნილი პარტიისთვის არ იყო ურიგო შედეგი. 6 წელი ვიყავი ოპოზიციაში და ვმონაწილეობდი ყველა საპროტესტო აქციაში, გამოვდიოდი ნაცმოძრაობის ხელისუფლების მწვავე კრიტიკით, მაგრამ განსხვავებით ნიკასგან და მისი კომპანიონებისგან, არასდროს არ მიკადრებია პიროვნულ თვისებებზე დაცინვა. მე ვაკრიტიკებდი ნაცების მოქმედებებს, რაც მიმართული იყო არა თუ დემოკრატიის, არამედ ელემენტარული ადამიანური მორალის წინააღმდეგ.

როცა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში და მიმიწვია მისი პარტიის დამფუძნებლად, მე სრულიად სწორად ჩავთვალე, რომ ნაცების რეჟიმის დასამარცხებლად გაერთიანება იყო საჭირო და კიდევაც მოვიგეთ არჩევნები და ქვეყანა გადავარჩინეთ უმძიმესი მომავლისგან.

პარლამენტში 2012-2016 წლებში აქტიურად ვმუშაობდი, ჩემი ინიცირებული პაკეტი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ იყო ძალიან აქტუალური, მეამაყება რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ღია მმართველობის საპარლამენტო პროგრამა დაწყებული იქნა ღია მმართველობის საბჭოს მიერ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. ნაყოფიერად ვმუშაობდი 4 წელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც 30-ზე მეტი საჯარო გამოსვლა მაქვს პლენარულ სხდომებზე, 2016 წელს დელეგაციის ახალ წევრებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩემი მუშაობის მაღალი შეფასება დახვდათ.

2016-2020 წლის პარლამენტში ჩემს მიერ ინიცირებული თამბაქოს კონტროლის კანონი მიჩნეულია საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთა შორის ერთერთი საუკეთესოდ. წინააღმდეგობა იყო დიდი თამბაქოს ინდუსტრიის და მათი მფარველების მხრიდან, მაგრამ ჩვენ შევძელით ამ კანონის მიღება და მინდა მადლობა ვუთხრა მხურვალე მხარდაჭერისთვის აკაკი ზოიძეს, რომელიც ასევე უდიერად მოიხსენია ნიკანორმა.

ნიკანორს ვურჩევდი წაეკითხა ჩემი საგაზეთო წერილები და ჩემს მიერ დაწერილი წიგნები, რომლებიც პოლიტიკური მეცნიერებების სფეროდანაა და ის, რომ პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტი დირექტორი ვარ, ვფიქრობ გარკვეულ ცოდნას მაძლევს პოლიტიკურ პროცესებში გარკვევისათვისაც. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ნიკანორის მხრიდან ასეთ შეფასებებს სერიოზულად არც არავინ მიიღებს.

„რ": გაქვთ რაიმე პროგნოზი როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

გ.მ: პროგნოზები, როცა კონფლიქტის ერთი მონაწილე ნაცმოძრაობის სახით პოლიტიკური პარტია კი არა, ფაქტიურად სექტაა, ძნელია. თუმცა არსებობს კანონზომიერებები, რომელიც ნათლად გვიჩენებს, რომ ამ ჭრელი გაერთიანების ეს საპროტესტო მოძრაობა მათთვის სასარგებლო შედეგით ვერ დამთავრდება, რადგან მოხდა მათი მიზნების და ამოცანების ისეთი ლუსტრაცია, რომ მათ არა თუ ამ საპროტესტო აქციის მოგების შანსი, არამედ სამომავლო პოლიტიკური პერსპექტივებიც კი აღარ გააჩნიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×