"ოცნებამ სწორად რომ იმოქმედოს, უპრობლემოდ მივა ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებზე. თავად "ოცნებას" ექნებოდა კარგი შანსი პარლამენტში კვლავ უმრავლესობის შექმნის, მაგრამ რეგულარულად თუ დაუშვებს პოლიტიკურ იდიოტიზს, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს" - ასე ეხმაურება ექსპერტი პეტრე მამრაძე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას.
"ივანიშვილის საუბარი, რომელიც დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა, არანიარად არ გამოდგება პოლიტიკურ მესიჯებად; ხოლო საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის მისი განცხადებები იმის დასტურია, რომ ეს დიდი ქველმოქმედი სრულიად არაადეკვატურია პოლიტიკის ამბებში. მაგალითად, პროპორციულ საარჩევნო სისტმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ იყო კონტრაქტი და მხოლოდ კეთილი განზრახვაა; "ოცნებამ" ყველა დიდი დაპირება შეასრულა, არადა ხალხს კარგად ახსოვს ეს "პრინციპული განაცხადებები", როგორი უნდა ყოფილიყო პირველი წელი, შემდეგ მეორე და ა.შ. "ოცნების" მმართველობის დროს როგორ უნდა ეგრძნო მოსახლეობას საკუთარ ჯიბეზე გაუმჯობესება, როგორ იშოვნიან საზღვარგარეთ ღირსეულ სამუშაოს ქართველები და ა.შ. ძალიან აღიზიანებს მოსახლეობას, შეაბამისად თავისი ამომრჩევლის უდიდეს ნაწილს.
რაც შეეხება იმას, რომ წერილს მისწერს აშშ-ს კონგრესს, სენატს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, თურმე ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული იხარჯება საქართველოში ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ამერიკის ინტერესებს ვნებს, ეს კატასტროფული განცხადებაა. შეგახსენებთ, რომ აბსურდული წერილების გამო წლების წინ "ქართულმა ოცნებამ" მიაღწია იმას, რომ გადაიმტერა ევროპის ყველაზე დიდი და გავლენიანი "სახალხო პარტია". ახლაც თუ იგივეს იზამენ, საქართველოს უფრო მეტი ზიანი მიადგება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ "ქოცებმა" მშრალი ანგარიშით წააგეს "ნაცებთან" - ურთიერთობა დასავლეთთან. ამ თვეების განმავლობაში დასავლეთის წამყვან მედიაში უაღრესად ნეგატიური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ყველაფერი ფასდება, როგორც დემოკარტიისა და თავისუფლების იდეალების შელახვა, დასავლეთთან ინტეგრაციის კურსიდან გადახვევა, არაფორმალური მმართველობა და ა.შ. რა თქმა უნდა ეს "ოცნების" ხელისუფლებისთვის საზიანოა.
სწორი მოქმედების შემთხვევაში და პოლიტიკური იდიოტიზმის დაშვების გარეშე, "ოცნებას" შეეძლო ვითარება ადვილად განემუხტა, ვინაიდან სააკაშვილის თანამზრახველებს, ბოკერიას, უგულავას, ვაშაძეებს სულ რამდენიმე ათასი მხარდამჭერის გამოყვანა შეუძლიათ ხოლმე, ეს მხარდამჭერები მალე დაიღლებიან და პროტესტი დავიდოდა ნულზე, როგორც ეს მოხდა გავრილოვის კრიზისის დღეებში, გახარია არა თუ გადადგა, პრემიერი გახდა. რკინის კედლების აღმართვა კი, რომელიც არის მორიგი პოლიტიკური იდიოტიზმი, არა მხოლოდ საქართველოს აღიზიანებს, არამედ მსოფლიოს ეკრანებზე ქმნის საქართველოსთვის უაღრესად წამგებიან სურათს.
სამომვალო პროგნოზებთან დაკავშირებით კი შემიძლია გიხრათ, "ოცნებამ" სწორად რომ იმოქმედოს, უპრობლემოდ მივა ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებამდე და "ოცნებას" ექნებოდა კარგი შანსი პარლამენტში კვლავ უმრავლესობის შექმნის, მაგრამ თუ "ოცნება" რეგულარულად დაუშვებს პოლიტიკურ იდიოტიზმებს მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს," - განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.