თამარ მუკბანიანი
29.11.2019

 მთავრობამ ანა დოლიძის პეტიცია განსახილველად მიიღო. ,,ოცნების” ხელისუფლების მხრიდან სამთავრობო დონეზე აზარტული თამაშების რეგულირებისა და რეკლამის აკრძალვის შესახებ ეს პირველი რეალური მსჯელობა იქნება. ამის შემდეგ ყველაფერი პარლამენტში გადაწყდება, რომელსაც რეკლამის ბევრად შეზღუდვის სხვადასხვა კანონპოროექტი არაერთხელ აქვს ჩაგდებული.

საქართველოს მთავრობის ელექტრონული პეტიციების პორტალზე 2019 წლის 4 ნოემბერს ანა დოლიძის მიერ ინიცირებული პეტიცია გამოქვეყნდა, რომელიც აზარტული თამაშების რეგულაციების შემოღებასა და მათი ყველა სახის რეკლამის აკრძალვას ისახავს მიზნად. მხარდამჭერი ხელმოწერების მოგროვებისათვის გამოყოფილი 30-დღიანი ვადის გასვლამდე აღნიშნულმა პეტიციამ მოაგროვა საჭირო ხელმოწერების რაოდენობა - 10 000 (ათი ათასი) მეტი. 

პეტიციის მიხედვით, მოქალაქეებს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა აქვთ: 

1. სასწრაფოდ აიკრძალოს 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის აზარტული ან მომგებიანი თამაშობის მონაწილეობა და რეგისტრაცია. ამ დრომდე რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუჩერდეთ სტატუსი და შეეზღუდოთ თამაშის უფლება; მოხდეს აკრძალვის ზედმიწევნითი აღსრულება. პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მთავრობამ სასწრაფოდ გამოყოს სახსრები ლუდომანიით დაავადებულთა დასახმარებელი/ პრევენციული პროგრამებისთვის, მათ შორის ცხელი ხაზის ასამოქმედებლად

2. სასწრაფოდ სრულად აიკრძალოს, როგორც სახმელეთო ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობების ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა. აკრძალვა მათ შორის უნდა შეეხოს ტელევიზიას, რადიოს, ინტერნეტ მედიას, სოციალურ მედიას, ციფრულ ვებ-გვერდებს, ბლოგებს, გარე რეკლამებს განთავსებულს ბილბორდებზე, ლაითბოქსებზე, ავტობუსებზე, ავტობუსის გაჩერებებზე, სამარშრუტო ტაქსებზე და ა.შ. 

3. სასწრაფოდ გამკაცრდეს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეგულირება. ამასთან მთავრობამ სასწრაფოდ წარმოადგინოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური შეზღუდვის გეგმა. 

4. ხელისუფლებამ სასწრაფოდ წარმოადგინოს ტურიზმის ზრდის ამოცანასთან დაკავშირებული დასაბუთებული გრძელვადიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც ხმელეთის კაზინოები განთავსდება კონკრეტულ სპეციალურ ტურისტულ ზონებში.

მიუხედავად იმისა რომ სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი აქტიურად იბრძვის აზარტული თამაშების რეკლამის და უკონტროლოდ გაზრდილი ბიზნესის წინააღდეგ, პარლამენტმა 2013 წლიდან დღემდე არაერთხელ ჩააგდო რეკლამის რეგულირების შესახებ კანონი. 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციია წლებია, ატარებს ლვევებს უკონტროლოდ მიშვებულ აზარტული თამაშების სექტორთან დაკავშირებით და მის მავნე გავლენაზე ეკონომიკასა და სოციალურ ფონზე. ორგანიზაციის ანალიტიკოსი, გიორგი კაპანაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მთავრობას შესრურელაბადი მოთხოვნები უნდა წაუყენოს სამოქალაქო სექტორმა, რათა შემდეგში, ყველა მოთხოვნის მარგინალიზება არ მოახდინოს ბიზნესმა.

"ძალიან კარგია, რომ ქალბატონმა ანამ მოახერხა, საჭირო ხელმოწერების შეგროვება და მთავრობას მიაღებინა განსახილველად. ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოება და მისი აქტოური წევრები ჩართულნი იყვნენ რეგულირების საკითხში. იმედია, პარლამენტი ახლა მაინც შეცვლის რამეს. 

პეტიციის პუნქტებს თითქმის სრულად ვეთანხმები. შეიძლება განსახილველად დარჩეს ზღვარი - იქნება ეს 21, თუ 25 წელი. ორივე პრაქტიკა არსებობს. ფაქტია, 21-ზე დაბლა არ უნდა იყოს. რეკლამის კანონი კი ძალიან სწორადაა აქცენტირებული. 

ვფიქრობ, სახმელეთო კაზინოებზე მეტად მოთხოვნილი უნდა იყოს ელექტრონული სათამაშო მიმართულების აკრძალვა, ასევე რეკლამის შეზღუდვა და ასაკობრივი ცენზი. რაც შეეხება ქალაქების ცენტრებიდან კაზინეობის გადატანას, ეს რთულად შესასრულებელ ამოცანაა, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებში სწორედ ასეა. მოთხოვნები უნდა იყოს ადეკვატური და შესრულებადი. 

საკანონმდებლო ბაზა რომ შესაცვლელია ფაქტია. დღესაც იმ კანომდებლობით ვხელმძღვანელობთ, რომელიც 2000 წელს იქნა მიღებული, როცა ელექტრონული მოწყობილობების 95% არც კი არსებობდა, რითიც დღეს ხდება თამაში", - აცხადებს "რეზონანსთან" კაპანაძე. 

პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია "ოცნებიდან" გასული დეპუტატების  კანონპროექტი, რომელიც ნაწილობრივ ითვალისწინებს იმ შეზღუდვებს, რომელიც მოქალაქეთა პეტიციაშია ასახული. 

ცვლილებებით იკრძალება აზარტული ან მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა სატრანსპორტო საშუალებისა (სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო) და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.

კანონპროექტის ერთერთი ავტორი, ბექა ნაცვლიშვილი ,,რეზონანსთან” ამბობს, რომ თამაშების რეგულირების შესახებ ყველა ტიპის საკანონმდებლო ინციატივას მიესალმება. 

"ასე და ამ ფორმით მხოლოდ კოლონიალისტური ქვეყნების ეკონომიკა ვითარდება. ტრაგედიაა, რომ ეს სფერო გახდა ჩვენი ეკონომიკის წამყვანი. ეს არის უმწვავესი ოჯახებისა და ერისათვისაც, ამიტომ არ შეიძლება  რეგულირდებოს 18 წლამდე და მერე აღარ, როგორც დღეს მიდის საუბრები. სამწუხაროდ, ეს ბიზნესი გასართობი აღარ არის ჩვენთან, არაერთი ადამიანის იმედია, რომ სოციალურ სიდუხჭირეს თავს დააღწევენ და სინამდვილეში უფრო დიდ ჭაობში ეფლობიან. ამიტომ, ვინც უკვე ჩართულია, აუცილებელია  იმ ადამიანების შველაც. ამ და სხვა ყველა კანონპროექტის მხარდამჭერი ვარ რომელიც ამ მიშვებულ სიტუაციას მოაწესრიგებს", - აღნიშნა "რეზონანსთან" დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×