„ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მხარდამჭერთა ახლანდელი შეტაკებები ძალიან ჰგავს 2011-2012 წლების ანალოგიურ დაპირისპირებებს, როდესაც ის ოპოზიციაში მყოფი „ქართული ოცნების" წევრი იყო და „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტთა მხრიდან თავადაც გამხდარა შევიწროვების ობიექტი წინასაარჩევნო პერიოდში გამართული სხვადასხვა შეხვედრებისას.
მისი თქმით, მაშინ ეს ქმედებები ხელისუფლების მხრიდან წახალისებული იყო დაუსჯელობის ფაქტორით და დღესაც ადამიანებს, რომლებიც ძლადობრივად გამოხატავენ აზრს, აქვთ განცდა, რომ ხელისუფლებისთვის სასურველ ქმედებას სჩადიან.
„ფორმა, რითაც აქციის მონაწილეებს უპირისპირდებიან „ოცნების" აქტივისტები, ძალიან არასწორი და საშიშია. ხელისუფლების მომხრეებისასეთი ქმედებები, როგორც წესი, წახალისებულია დაუსჯელობის ფაქტორით. „ნაციონალური მოძრაობის" დროსაც ასე იყო, მაშინაც იცოდნენ, რომ ის ხელისუფლება სანამ იქნებოდა, მათ არ დასჯიდნენ.
„როცა ზღვარის გადალახვა მოხდება და ფიზიკურად შეეხება ერთმანეთს ორი მხარე, იქ უკვე მტყუან-მართალის გამორკვევა შეუძლებელია, ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ასეთ შემთხვევებში მხარეები დააშოროს, რათა ასეთი კონფლიქტები არ ხდებოდეს", - ასე აფასებს „ქართული ოცნების" მხარდამჭერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის მიმდინარე დაპირისპირებას დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე.
მისი თქმით, აზრის გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს. მათ შორის „ქართული ოცნების" მომხრეებსაც და აქტივისტებსაც აქვთ შესაძლებლობა, რომ თავისი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირონ, თუმცა ამ ყველაფერსაც თავისი წესები და ნორმები გააჩნია. ფიზიკური დაპირისპირება კი დაუშვებელია, პიროვნულმა დაპირისპირებებმა, ჩხუბმა და ძალადობამ კი შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგები მოიტანოს.
„ყველა უნდა ხვდებოდეს ამას რა შედეგები შიძლება მოჰყვეს და თვითონ უნდა გამონახონ ისეთი პოზიტიური აქტიურობის ფორმები, რომელიც ძალადობას გამორიცხავს", - ამბობს გედევან ფოფხაძე.
მისი თქმით, იგივე სიტუაცია იყო 2011-2012 წლებშიც - არჩევნების წინა პერიოდში ოპოზიცია შევიწროვებას განიცდიდა.
„როცა „ქართული ოცნება" გადიოდა ხალხში და იყო შეხვედრები, „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს ჰქონდა ადგილი. როგორც წესი, ხელისუფლების მომხრეებისასეთი ქმედებები წახალისებულია დაუსჯელობის ფაქტორით.
„ახლა საპროტესტო აქციას ვიღაცა თავს ესხმის და მას აქვს იმისი განცდა, რომ აკეთებს ხელისუფლებისთვის სასურველ ქმედებას და არათუ არ იქნება დასჯილი, შეიძლება წაახალისონ კიდეც. სწორედ ესაა ხელისუფლების მხრიდან არასწორი, რომ „ნაციონალური მოძრაობის" სტანდარტი ფაქტობრივად დღეს მეორდება, ეს კი ცუდ პერსპექტივას უქადის ქვეყანასა და ხელისუფლებას", - ამბობს გედევან ფოფხაძე.
ნატა თვაური