სასტიკი მკვლელობა კახეთში - სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიაანში სიძემ სიმამრი საკუთარ სახლში სანადირო თოფით მოკლა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ მკვლელობის მიზეზზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სიძე გარდაცვლილის ქალიშვილზე სისტემატიურად ძალადობა, რის გამოც მათ შორის კონფლიქტი იყო.
სიმამრსა და სიძეს შორის დაპირისპირება ხშირი იყო, რაც საბოლოოდ ტრაგიკულად დასრულდა. მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ადგილიდან მიიმალა და მის დასაკავებლად პოლიცია სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს აწარმოებს.
60 წლის ფირუზ გოგინაშვილი მოკლული სახლში მისმა ვაჟიშვილმა თემურ გოგინაშვილმა იპოვა. როგორც მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, მას სიძე არჩილ ჯანგულაშვილი სისტემატიურად ემუქრებოდა და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც არაერთხელ ყოფილა. მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილ ჯანგულაშვილს კონფლიქტი სიმამრის გარდა, მამასთანაც ჰქონდა და მოკვლით მასაც ემუქრებოდა.
გარდაცვლილის შვილი თემურ გოგინაშვილი „რეზონანსთან“ ყვება, რომ მამა უკვე გარდაცვლილი მან სახლში საღამოს იპოვა. გოგინაშვილი ამბობს, რომ სიძესთან ოჯახს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ და სამი წელია მასთან კონტაქტსაც კი ერიდებოდნენ. შვილის თქმით, მას არც დასთან და არც სიძესთან ამ წლების განმავლობაში საერთო არაფერი ჰქონია, ამიტომაც მისთვის უცნობია სიძე-სიმამრის დაპირისპირების მიზეზი რა გახდა.
„არ ვიცი ზუსტად რა და როგორ მოხდა. საღამოს სახლში მივედი და მამაჩემი სკამზე იჯდა და უკვე გარდაცვლილი იყო. სახე მთლიანად სისხლიანი ჰქონდა. პოლიციამ პირველადი დათვალიერებისას თქვა, რომ სანადირო თოფიდან აქვს ნასროლი.
„არ ვიცი იყო თუ არა ჩემი სიძე. როგორც მითხრეს, ის არის მკვლელობაში ეჭვმიტანილი და ეძებენ. არც ჩემს დასთან და არც სიძესთან სამი წელია არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. მამას მკვლელობამდე წინა დღეს ვესაუბრე და აღელვება არ შემიმჩნევია. წარმოდგენა არ მაქვს სახლში რატომ მოუვარდა“, - აცახდებს გარდაცვლილის შვილი „რეზონანსთან“.
მეზობლები ყვებიან, რომ სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს საკუთარი მამაც არ ელაპარაკება და რამდენიმე წლის წინ მამას სანადირო თოფითაც ემუქრებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.