ან სტატისტიკაა არასწორი, ანდა მთავრობა და ტურისტული კომპანიები ტყუილად წუწუნებენ
გვანცა წულაია
04.12.2019

 მთავრობის, ეროვნული ბანკისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზის მიუხედავად, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა არ შემცირებულია, პირიქით, მათი რიცხვი მზარდია. სტატისტიკა ადასტურებს, რომ ქვეყანაში შემქნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, პუტინის მიერ დაწესებულ ავიასანქციებს და 20 ივნისის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ტყუილად მიეწერება.   

ქვეყანაში ტურისტების ოდენობა მზარდია და საერთო რაოდენობამ ნოემბრის მონაცემებით 10.3%-ით მოიმატა, 11 თვეში კი, ჯამური ზრდა 6.3%-ია. პუტინის მიერ დაწესებული ავიასანქციების მიუხედავად, ტურისტების რაოდენობა რუსეთიდანაც მატულობს და 11 თვეში რუსეთიდან ვიზიტები 4.9%-ით გაიზარდა.

მთავრობა, ეროვნული ბანკი და ტურიზმის ადმინისტრაცია ერთ ხმაში საუბრობდნენ, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა შემცირდებოდა და ამით ეკონომიკას დიდი ზარალი მიადგებოდა. საუბარია ათეულ მილიონ დოლარზე. ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, ჯერ კიდევ ზაფხულში, ავიასანქციების გამო, რუსი ტურისტებისგან ივლისში 44 მლნ დოლარი დაგვაკლდა, თუმცა, ფაქტია, რომ სტატისტიკა სრულიად სხვა რამეს ადასტურებს.

ტურიზმის სფეროს სპეციალისტი ნიკა კვარაცხელია ამბობს, რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება, რაც დიდად საეჭვოა. ან სტატისტიკა ცდება, ანდა ცრუ განცადებები ვრცელდება, თითქოსდა ტურისტების რაოდენობა შემცირდა. 

"საერთოდ, ფინანსური არასტაბილურობაა, კურსის მერყეობა და მომსახურების გაძვირება პირველი დაბრკოლებაა ტურისტებისთვის. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები თანხა გადაიხადონ. ჩვენი გაჭირვება უცხოელებისთვის უკეთესია. მათ სულაც არ აინტერესებთ ქართული ეროვნული ვალუტის სიძლიერე. 

მეორე მხრივ, რუსეთის მიერ დაწესებული ფრენების შეზღუდვა, უარყოფითად მოქმედებს ტურიზმის განვითარებაზე, მაგრამ ეკონომიკური სიდუხჭირე ტურისტების ჩამოსვლაზე არ მოქმედებს. ამ პერიოდში ტურისტები უკეთეს შედეგს იღებენ, ჩვენ კი - უარესს, რადგან მოგება მცირდება. უცხოელებს ვერ დავავალდებულებთ, რომ ჩვენს ეკონომიკაზე გული შესტკიოდეთ. ისინი აქ ჩვენი სიძლიერის სანახავად არ ჩამოდიან. 

რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, ან სტატისტიკაა არასწორი, ანდა ადგილობრივი ტურისტული კომპანიები ტყუილად წუწუნებენ. შესაძლოა, ისინი სახელწიფოს მხრიდან რაიმე დახმარებას ან ხელშეწყობას ელიან. ორი ერთმენეთის საწინააღმდეგო მესიჯებია. მიკვირს შემცირებული ავიარეისების დროს, როგორ გაიზარდა ტურისტების რაოდენობა", - განუცხადა"რეზონანსს" ნიკა კვარაცხელიამ. 

ფაქტია, ტურისტების რაოდენობა გაზრდილია, ისევე როგორც მათგან მიღებული შემოსავალი. ახლა ჩნდება კითხვები, თუ რატომ ამძაფრებდა მთავრობა ნეგატიურ მოლოდინს, რომელიც ბიზნესზე ყოველთვის უარყოფითად აიხახება.  

დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ტურისტების ნაკადი იზრდება და ქვეყანას ვიზიტორები ნამდვილად ჰყავს. მათგან მიღებული შემოსავალიც საკმაოდ დიდია, თუმცა არა იმ ოდენობით, როგორც ეს წინა წლებში იყო. 

"ტურისტების ზრდა გაგრძელდა, მაგრამ ისე არა როგორც ეს წინა წლებში. თავისთავად ცხადია ზრდა იქნება, მაგრამ გააჩნია როგორია მატება", - აცხადებს "რეზონანსთან" ტურიზმის სფეროს სპეციალისტი მარინა მეტრეველი. 

მართალია, ტურისტული ნაკადი წინა წლებთან შედარებით, ძველებური ტემპით არ მატულობს, მაგრამ ქვეყანას ვიზიტორები მაინც ჰყავს. ეს ყველაფერი კი, ეკონომიკას საკმაოდ ახეირებს. ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი ამბობს, რომ წლის დასაწყისში კარგი დინამიკა გვქონდა, თუმცა დაგეგმილი პროგნოზი არ გამართლდა, რაც მრავალი მიზეზითაა განპირობებული. 

"წლის დასაწყისში ისეთი დინამიკა გვქონდა, რომ ბევრად უფრო მეტი ზრდა უნდა ყოფილიყო. კი იზრდება, მაგრამ შარშანდელთან შედარებით, ნაკლებად. დაგეგმილი და პროგნოზირებული იყო ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ახლაა. 

საავიაციო ემბარგოს შემდეგ, რა თქმა უნდა, სხვა გზები მოინახა -  უკრაინის, ერევნის გავლით ჩამოდიოდნენ, ასევე საზღვაო გზით, მაგრამ რაოდენობამ მაინც იკლო. ძირითადად ეს მდგომარეობაა, როცა ვამბობთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ზრდაარის, მაგრამ გააჩნია რამდენით. 

კეთდებოდა პროგნოზები, რომ ქვეყანას ტურისტები მოაკლდებოდა, რაც საკმაოდ დიდ დარტყმას მიაყენებდა, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას, მაგრამ ასე არ მოხდა", - განაცხადა სიმონიშვილმა. 

მისი აზრით, დღეს საქართველოში რთული მდგომარეობაა, თუმცა ამაში ავიასანქციები და 20 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენების წილი ნაკლებია. ეს კრიზისი წლების წინ დაწყებულია. 

"ლარის კურსის ვარდნა გამოწვეულია მრავალი მიზეზის შედეგად. ერთი მთლიანი მიზეზი კი არის ჩვენი ეკონომიკის ღრმა და სისტემური კრიზისი, რომელიც წლების წინ დაწყებულია. საქართველოში ეკონომიკის სწორად დაგეგმვა, არასდროს მომხდარა. საბჭოთა კავშირის დროს, საქართველოში ყველა დარგი იყო განვითარებული. დამოუკიდებლობის მოპოვებამდე საქართველო ინდუსტრიული ქვეყანა იყო, მაგრამ არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელიც ყველა ხელისუფლების ბრალია, გამოიწვია ის, რომ ინდუსტრია მოკვდა. 

ლარის გამყარების ერთადერთი საშუალება არის ამ ქვეყანაში წარმოებული საქონელი და მომსახურები დიდი რაოდენობა. ჩვენი საბანკო სისტემა კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ლარი არასტაბიულური იყოს", - დასძინა "რეზონანსთან" სოსო სიმონიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×