მერია კატეგორიული წინააღმდეგია და ამიტომ მოსალოდნელია მორიგი სატრანსპორტო დაპირისპირება
თამარ მუკბანიანი
04.12.2019

 მერიასა და ,,თბილისის მიკროავტობუსს” შორის დიდი დაპირისპირება იწყება. დედაქალაქის მთავრობა მიიჩნევს, რომ ყვითელი მიკროავტობუსები სასწრაფოდ შესაცვლელია, კომპანია კი ასეთ შემთხვევაში მგზავრობის ტარიფის 20-30 თეთრით გაზრდას ითხოვს. კახა კალაძე და მისი გუნდი გაძვირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. 

„მიკროავტობუსებში მგზავრობის ფასის ზრდას არ განვიხილავთ“ - ეს განცხადება თბილისის ვიცე-მერმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. "როდესაც მუნიციპალიტეტი ატარებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკას და ამის ფარგლებში მოსახლეობას მოუწოდებს კერძო მანქანების გაჩერებისკენ, ამ დროს გაძვირება არ არის სწორი. გასათვალისწინებელია ქალაქისა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობაც. ამიტომ ყველა ვარიანტს განვიხილავ, გარდა ტრანსპორტის ფასის ზრდისა. 1 კვირის ვადაში მექნება გეგმა“, - განაცხადა ხმალაძემ.

მიუხედავად მერიის მკაფიო პოზიციისა, კერძო კომპანია მიიჩნევს, რომ გამოსავალი არის ერთადერთი -  მგზავრობის ტარიფი უნდა გაიზარდოს და თანაც 20-30 თეთრით. როგორც „თბილისის მიკროავტობუსის" გენერალურმა დირექტორმა, დავით ასანიძემ განაცხადა, შეიძლება ისეთი ფაქტის წინაშე  აღმოვჩნდეთ, რომ ერთ დღეს თბილისი მიკროავტობუსების გარეშე დარჩეს.

„ფასის ზრდის გარეშე მომსახურების გაუმჯობესება შეუძლებელია. თუ ეჭვს იწვევს რამდენი უნდა იყოს ტარიფი, მართლა გასაზრდელია თუ არა, შესაძლებელია გამოვიყვანოთ დიდი ავტორიტეტის მქონე უცხოური კომპანია, რომელიც ამის დასკვნას დადებს. მერწმუნეთ, რა ტარიფიც დადგინდება, იმაზე იაფად მოვემსახურებით მგზავრებს. რეალობა შეიძლება ისეთი დადგეს რომ ერთ დღეს თბილისი მიკროავტობუსების გარეშე დარჩეს. გამოსავალი არის, რომ ტარიფი გაიზარდოს 20-30 თეთრით", - განაცხადა ასანიძემ.

ასანიძე ასევე ამბობს, რომ ტარიფის ზრდის შემთხვევაში მგზავრთა ოდენობა შემცირდება, თუმცა დარჩენილი მგზავრები ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მაღალი დონის მომსახურება ახალი მიკროავტობუსებით.

საავტომობილო სფეროს სპეციალისტი, ვასო ურუშაძე ,,რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ გაუგებარია და უსაფუძვლო მოლოდინის გაჩენა, რომ რამე შეიძლება შეიცვალოს ფასის ზრდის გარეშე. 

,,თბილისის მიკროავტობუსი კომერციული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია მოგებაზე. მომხმარებელს ხშირად ეშლება და აიგივებს მას, მუნიციპალურ ტრანსპორტთან, რომელიც სუბსიდირებულია. 

2010 წელს, კომპანიამ სახელმწიფოსთან გააფორმა ხელშეკრულება და შეთანხმდნენ პირობებზე. კომპანიამ აიღო სესხი უცხოურ ვალუტაში და დაგეგმა ეკონომიკური პროგრამაც.  მათი ბიზნეს გეგმა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა  ლარის გაუფასურების პარალელურად. ამის შემდეგ, რადგან მიკრო ავტობუსი საზოგადოებრივ ტრანსპორტად აღიქმება, თბილისის მერია მათზე ახდენდა მუდმივ ზეწოლას მგზავრთა სასარგებლოდ, რომ არ მომხდარიყო ტარიფის ზრდა. 

მთავარი პრობლემა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა. ასე რომ, მერიის რიტორიკა პირდაპირი ზეწოლაა დაა ეჭვს, მიზანმიმართულად  ხომ არ ცდილობს მერია "თბილისის მიკროავტობუსთან" კონტრაქტის გაწყვეტას? წინააღდეგ შემთხვევაში, გაუგებარია და უსაფუძვლო მოლოდინის გაჩენა, რომ რამე შეიძლება შეიცვალოს ფასის ზრდის გარეშე”, - ამბობს ,,ჰაბ ჯორჯიას “დამფუძნებელი. 

ტრანსპორტი რომ არ უნდა გაძვირდეს, ამაზე სპეციალისტების ნაწილი მერიას სრულად ეთანხმება. "ფონდ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ირაკლი იზორია ამბობს, რომ ოპტიმალური გამოსავლის პოვნა მხოლოდ კომპანიის, მერიის და არასამთავრობო სექტორის ერთად მუშაობითაა შესაძლებელი. 

,,კომპანია ცდილობს საკითხის ასე დაყენებას, რომ თუ იქნება ახალი მიკროავტობუსები, ტარიფი უნდა გაიზარდოს. ჩვენთან, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის განვითარებული, არ შეიძლება ეს მოხდეს. ჯერ ერთი, ისიც კი არ ვიცით სულ რამდენი ახალი მანქანა გვჭირდება და წინასწარ შეუძლებელია ჩანაცვლებაზე საუბარი.  ჯერ უნდა იყოს გეგმა და შედეგ კომპანიასთან მოლაპარაკება ან ულტიმატუმი. 

არც ერთ შემთხვევაში, ჩვენ არ მივესალმებით ტარიფის ზრდას. მომხმარებელს იმის გადახდაც უჭირს, რაც არის. გამოსავალი არ უნდა იყოს სუბსიდირება და კიდევ დამატებითი წნეხი მერიის ბიუჯეტისათვის. სწორი პოლიტიკით ფასის შენარჩუნება და კომფორტის უზრუნველყოფა შესაძლებლად მიმაჩნია” - განუცხადა "რეზონანსს" იზორიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×