შემცირებული მავნებელი და ციტრუსის მოსავლის გაზრდილი ხარისხი - ასეთია საქართველოს მთავრობის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგი 2019 წელს. ნარინჯისფერი რთველი უკვე აქტიურ ფაზაშია და მოსავლის რეალიზაცია როგორც საქართველოში, ისევე საზღვარგარეთაც ხდება, მათ შორის, ისეთ ახალ ბაზრებზე, როგორებიცაა: სლოვენია, ყატარი, სინგაპური და სხვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ტიტე აროშიძესთან ერთად, ბათუმში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნო.
„ციტრუსის ხარისხის გათვალისწინებით, 2019 წელი ფერმერებისთვის გამორჩეულად წარმატებული იქნება. მანდარინის კრეფა ინტენსიურ ფაზაში შედის, ეს არის ერთ-ერთი ინდუსტრიული კულტურა, რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული აჭარის და გურიის მოსახლეობის შემოსავლები და მათი ეკონომიკური მდგომარეობა. შესაბამისად, აჭარაში განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები. წელს გვაქვს ხარისხიანი მოსავალი, რაც პირდაპირ კავშირშია ფასებთან. კარგი შედეგები გვაქვს ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. ძირითადი ბაზარი, ტრადიციულად, უკრაინა და რუსეთია, თუმცა მოთხოვნა გაზრდილია შუა აზიაში, დაინტერესებაა ბელორუსიდანაც. ბაზრების გეოგრაფია იზრდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გათვალისწინებული აქვს სუბსიდირება იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა. ყველა რესურსი მობილიზებულია, რომ მოსახლეობას ჩაბარების პრობლემა არ შეექმნას. საწარმოები სრულ მზადყოფნაშია, რომ მანდარინის დაბინავების პროცესმა რიგების გარეშე ჩაიაროს.
ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა, რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.
ისევე, როგორც სხვა აგრო კულტურები, აზიურმა ფაროსანამ ციტრუსიც დააზიანა. მიმდინარე წელს კი მავნებლის პოპულაციის იმ დონემდე დაყვანა მოხერხდა, რომ მწერს, მოსავალზე არსებითი გავლენა აღარ მოუხდენია.
მიმდინარე წლის შედეგებზე, განხორციელებულ სამუშაოებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ,,რეზონანსთან” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სოფლის მეურნების მინისტრმა, ტიტე აროშიძემ ისაუბრა.
ტიტე აროშიძე: "2019 წელს მავნებელთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 250 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მავნებლის იდენტიფიცირების მიზნით მონიტორინგს ახორციელებენ. პროცესს კოორდინაციას უწევს სპეციალური სამთავრობო კომისია. 2019 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 45 მილიონ ლარია გამოყოფილი.
ჩვენ, რეალურად აგრო კულტურებში გვქონდა გამოწვევა, ეს იყო ფაროსანა, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ვებრძოდით და შეიძლება ითქვას, რომ ახლა ფაროსანას პოპულაცია იმდენად დაბალია, რომ მას კონტროლირებადი შეიძლება ეწოდოს. რასაკვირველია ამის გამო დადებითი ეფექტი მივიღეთ მოსავალზე და არა მხოლოდ თხილის კულტურაზე, არამედ ციტრუსზეც, რომელსაც ჰქონდა სხვა პრობლემებიც. ეს იყო, ფრთათეთრა შავი ბუზი, რომელიც ციტრუსის მავნებლად იწოდება და ვრცელდება იმ ლოკაციებზე, სადაც ეს კულტურაა.
2019 წლიდან უკვე დავიწყეთ ექსტენციის ახალ ფაზაზე გადასვლა, რაც გულისხმობდა იმას, რომ ფირმები აწოდებდნენ მოსახლეობას წამალს. აღნიშნული მეთოდი გამართლებულია ისეთ ქვეყნებში სადაც სოფლის მეურნეობა წამყვან დარგებად ითვლება და სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობრივი ძალებით ხდება ექსტენციის მიწოდება.
ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ექსტენციის სამსახური, რომელიც დაახლოებით 8 თვის განმავლობაში მუდმივმოქმედ რეჟიმში ემსახურებოდა ფერმერებს და მოსახლეობას მიეწოდებოდა ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოეხდინათ წამლობა და რომელი პრეპარატით რამდენჯერ შეეწამლათ. ამას კი შედგომში ვუწევდით მონიტორინგს. გვქონდა 200-მდე სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც ტარდებოდა წამლობა. ამას დაემატა ისიც, რომ შევიძინეთ მძიმე ტექნიკა, რომელსაც გააჩნდა შესაწამლი მისაბმელი ტექნიკა და მინიმალური ანაზღაურებით ახდენდა ფერმერებთან იმ ტერიტორიების დამუშავებას. ამ ყველაფერმა ერთად, ბუნებრივია გამოიღო შედეგი და 2019 წელს მივიღეთ ნორმალური მოსავალი. ეს არ არის იდეალური, მაგრამ შარშანდელთან შედარებით, სადაც პრობლემა იყო, ფაროსანა აღმოფხვრილია. წელს, შარშანდელთან შედარებით, ოდნავ მცირე, თუმცა ხარისხით გაცილებით უკეთესი მოსავალი გვაქვს”.
რეზონანსი: თუ გაქვთ ინფორმაცია, რა მასშტაბის ციტრუსის მოსავალს მიიღებს წელს აჭარა და აქედან, რამდენი იქნება საექსპორტო?
ტიტე აროშიძე: ჩვენ სეზონის დასაწყისში ვახორციელებთ პროგნოზირებას. წელს ველოდებით, დაახლოებით 55 ათას ტონა მანდარინს. შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 10 ტონით მცირეს, თუმცა უკეთესს ხარისხით. მათ შორის ე.წ. არასტანდარტული, სამრეწველო გადამუშავების ციტრუსი შეადგენს 15-20%-ს.
მოსავლის შემცირებას აქვს სხვადასხვა მიზეზი. მთავარი მაინც კლიმატური პირობები იყო. უჩვეულოდ თბილი შემოდგომა და ზამთარი. ციტრუსს ახასიათებს, ყინვის პერიოდის გამოვლა სანამ მოიკრიფება, ეს არის ნოემბრის თვე. წელს, სამწუხაროდ, არც ერთი დღე არ ყოფილა მინუს ტემპერატურის, არადა ყინვის შედეგად ხდება მანდარინის საბოლოო ფრომირება, შესაბამისად, მოსავალმა დაიგვიანა და გარკვეულწილად შემცირდა კიდეც.
გარდა ამისა, არსებობს კულტურებში მონაცვლეობა, როცა დამოუკიდებელი მიზიზების გამო, მცირდება ან იზრდება მოსავალი. წელს იყო შემცირების სეზონი, თუმცა მცირედით. ეს არ აისახება არც შემოსავალზე და არც ეკონომიკაზე.
საექსპორტოდ მოსავლის 70% გავა. ამ ეტაპზე ჩვენ რეალიზებული გვაქვს დაახლოებით 5 ათას ტონამდე ცტრუსი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვაყავს ახალი სავაჭრო პარტნიორები, ესენია : სინგაპური, ყატარი, ლიეტუვა და სლოვენია. მთავარია ახლა ამ ბაზრებზე დავმკვიდრდეთ. შარშან ექსპორტე 45 ათასი ტონა იქნა გატანილი ექსპორტზე, დანარჩენი ადგილობრივმა ბაზარმა აითვისა. წელსაც პროპორცია სავარაუდოდ იქნება იგივე.
,,რეზონანსი” რა რჩება მთავარ გამოწვევად სახელმწიფოსათვის 2020 წელს და არის თუ არა ამ ჩამონათვალში აზიური ფაროსანა?
ტიტე აროშიძე: ჩვენ ფაქტობრივად კვლევით გვაქვს დამტკიცებული რომ მავნებლებბის გარდა, პრობლემაა ფერმერების მხრიდან არასწორი მოვლა. ეს დამტკიცდა თხილის ექსტენციის ჩატარების დროსაც. ვინც ჩვენს სახელმძღვანელოებს მიჰყვა, გაცილებით დიდი მოსვალი მიიღო. ასეა ცირუსთან მიმართებითაც. მავნებლები აღარ არიან ძველი პრეპარატების მიმართ მოწყვლადი. შესაბამისი ცოდნის ფერმერამდე მიტანა, დღეს სახელმწიფოს ერთერთი მთავარი ამოცანაა, რასაც ვახორციელებთ კიდეც აქტიურად. მართალია, ჩვენს ფერმერებს ცოტა არ იყოს და უჭირთ, თანამედროვე ტექნოლოგიებისათვის ფეხის აწყობა და ტრადიცული ჯიშების ისე მოვლა, რომ გამოწვევებს პასუხობდეს, მაგრამ ჩვენ ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ. როგორც საბიუჯეტო რესურსით,ასევე მოსახლეობის დახმარებით უნდა შევძლოთ მაგალითის ჩვენება და იმის წარმოჩენა თუ როგორ უნდა მიაღწიოს ფერმერმა წარმატებას.