თამარ შუკვანი
06.12.2019

 დღეს, დაძაბული ვითარების ფონზე, „ქართული ოცნება" სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივას განიხილავდა. მიუხედავად იმისა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტის ჩაგდებამ გამოიწვია სწორედ შექმნილი მდგომარეობა, მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივის შესახებ მმართველმა გუნდმა 6 დეკემბერს „ქართული ოცნების" ოფისში მაინც იმსჯელა. ინიციატივა გულისხმობს 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეა საკანონმდებლო ორგანოში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური ცვლილებების რესურსი არ არსებობს. კითხვაზე, გამოიწვია თუ არა ამ საკითხმა დაპირისპირება უმრავლესობაში, მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდში ამაზე მხოლოდ კამათი მიმდინარეობს.

„სიტუაცია უკვე გადადის შიდა პოლიტიკური ვითარების ზონიდან. ხელისუფლება კარგად აცნობიერებს, რომ პოლიტიკურ ჩიხშია და ამ ჩიხიდან გამოსვლის გზები, თვითონ მმართველმა ძალამ უნდა შესთავაზოს საზოგადოებას," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ საუბრისას.

4 დეკემბერს უმრავლესობაში შეხვედრა გაიმართა, სადაც 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით იმსჯელეს. როგორც შეხვედრის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, პარლამენტში 10-მა ადამიანმა, მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით, საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, რომ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამ საკითხის პრინციპული წინააღმდეგია. საარჩევნო სისტემის შესაცვლელად პარლამენტში კანონპროექტი აქვს დარეგისტრირებული ოპოზიციასაც.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართა. მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს, თუმცა, საბოლოოდ შეთანხმება ვერ მოხდა.

„შეთანხმება არ შედგა, მაგრამ ხელისუფლებამ უკან დასაბრუნებელი ხიდი ბოლომდე არ დაწვა. დათანხმდა, რომ შეთანხმების მეორე ტური ჩაატაროს. ამ მეორე ტურისთვის მმართველი პოლიტიკური ძალა ემზადება. როგორც ჩანს, იქაც შიდა მღელვარებებს აქვს ადგილი. ყველაზე მაქსიმუმი, რაც შეიძლება მოხდეს, მმართველი გუნდი „გერმანული მოდელით" არჩევნების ჩატარებას დათანხმდეს," - ამბობს მაისაია.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. შესაბამისად ქვეყანა „გერმანულ მოდელზე" ვერ გადავა.

„როდესაც პარლამენტის ორ ყოფილ თავმჯდომარე არ შეუძლია საზოგადოებას აუხსნას „გერმანულ მოდელთან" დაკავშირებით, თუ რა განსხვავებები არსებობს, ეს უკვე იუმორისტულ ხასიათში გადადის. თვითონ ვერ გაუგითა რაშია „გერმანული მოდელის" არსი. ყველაზე უარეს შემთხვევაში ხელისუფლება შეიძლება ამ მოდელს დათანხმდეს და არჩევნები ამ სისტემით ჩაატაროს. სამართლებრივი მხარე შესაძლოა ორ თვეში დასრულდეს, თუ გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრების მხრიდან არ მოხდა თამაშის ახალი წესების შემოღება," - საუბრობს მაისაია.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა. აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ პროტესტი ახალი ფორმა „მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყო. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და „ქართული ოცნების" დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

დღეს მიმდინარე აქციები, ვახტანგ მაისაიას თქმით, სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნებს შეიცავს და დროა ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.

„ეს პერფორმანსები და აქციები გარკვეულწილად სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნებს შეიცავს, რომელიც გადადის უკვე სხვა ფაზაში. გაერთიანებულ ოპოზიციაში დაიწყო რეალური კრიზისი, „ნერვების ომში" რამდენად ეყოფა რესურსი, რომ დარჩეს მისთვის სასურველ პოზიციებზე. საგარეო პოლიტიკურმა მომენტებმა, მოახდინა განხექილების შეტანა გაერთიანებულ ოპოზიციაში.

„პოლიციას აქვს სულ სხვა ფუნქცია. ყოველდღიური სიტუაცია, რაც უკავშირდება გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართულ პერფორმანსებს, შედეგად პოლიციის მასობრივი მობილიზება ხორციელდება, რაც პოლიციებში დადებით რეაქციებს არ ახდენს. პოლიციას, ფაქტობრივად, აიძულებს გადაერთოდ თავისი პროფესიული საქმიანობიდან სულ სხვა მიმართულებით. მართალია ეს მოვალეობაში ესეც შედის, მაგრამ მაინცდამაინც მთავარი ამოცანა პოლიციისა, ეს არ არის.

„ალბათ მმართველ პარტიასაც ესმის, რომ ამ ყველაფერის გაგრძელება არ შეიძლება, რადგან ამან შეიძლება ქვეყანა სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს, რაც იმ გეოპოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს ირგვლივ არსებობს, სასურველი არ იქნება," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×