სროლა და შეიარაღებული დაპირისპირება პოლიციელებს შორის წალენჯიხის ცენტრში - რამ გახადა იძულებული 12–წლიანი სტაჟის და კარგი რეპუტაციის მქონე პოლიციელი ბესიკ ფიფია, რომ საკუთარი მეწყვილისთვის მამუკა ქარდავასთვის ცეცხლი გაეხსნა.
ბესიკ ფიფია ამ ფაქტის შედეგ პოლიციაში თავად გამოცხადდა და ჩაბარდა. ის ამ დრომდე სასამართლოზე დუმილის უფლებას იყენებს და არ ამბობს რეალურ მიზეზს, რამ გახადა იძულებული, რომ ავტომობილში მჯდომი მისი კოლეგისთვის ესროლა.
მომხადრი ფაქტის შესახებ „რეზონანსთან“ ფიფიას ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი და საქმსი პროკურორი სხვადასხვა ვერსიებს ყვებიან. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წაყენებულ მუხლს არ იზიარებს და ამბობს, რომ მას მეწყვილის მოკლა განზრახული არ ჰქონდა, ამიტომაც 19-108 მუხლით მიმდინარე გამოძიებას, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს არ ეთანხმება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდა.
პროკურორ დავით პაპავას თქმით, 3 დეკემბერს წალენჯიხაში შელაპარაკების საფუძველზე, ბესიკ ფიფიამ ავტომობილში მყოფი პოლიციელის, მამუკა ქარდავას მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა მას ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა ხელი შეუშალეს და ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ამასთან, როგორც პროკურორმა სხდომაზე აღნიშნა, ინციდენტამდე, მთელი დღის განმავლობაში ბრალდებული მამუკა ქარდავას მოკვლით ემუქრებოდა. პროკურორის თქმით, ბესიკ ფიფია პოლიციაში მომხდარიდან რამდენიმე საათში თავადვე გამოცხადდა.
როგორც დავით პაპავამ განაცხადა, არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების და ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ამიტომაც პატიმრობა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე და ფიფიას ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. პოლიციელის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ არ არსებობდა მიმალვის, ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, შესაბამისად, არც პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა, რადგან ბრალდებული მომხდარი ინციდენტის შემდეგ რამდენიმე საათში თავად გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში. ასევე სროლის შედეგად არავინ დაშავებულა და მამუკა ქარდავას არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. მხოლოდ ავტომობილის დაზიანება მოხდა.
ადვოკატი დაკავებულის მიმართ 100 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას მოითხოვდა.
ფიფიას ადვოკატი სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების მიზეზებზე საუბრობს. ბაჩუკი ყურაშვილი „რეზონანსთან“ ყვება, რომ დაპირისპირება ფიფიას მიმართ კოლეგა პოლიციელის მიერ მამუკა ქარდავას „შენიშვნის მიცემას“ მოჰყვა. ადვოკატი ამბობს, რომ ქარდავამ მეწყვილეს შენიშვნა მისცა და უთქვამს პოლიციელს არ შეგეფერება მოქალაქეს ასე უხეშად რომ ელაპარაკებიო. ამას მოჰყვა მათ შორის შელეპარაკება, თუმცა ფიფიამ არ იცოდა, რომ ქარდავა ავტომობილში იჯდა, მან გასროლა მხოლოდ მაშინ განახორციელა, როდესაც ერთმანეთს დაშორდნენ და არ დაუნახავს, რომ მეწყვილე ავტომობილში ჩაჯდა.
„ჯერჯერობით სასამართლოზე ისევ დუმილის უფლებას იტოვებს, თუმცა პირად საუბარში ამბობს, რომ მათ შორის რაიმე კონფლიქტი არ არსებობდა. მათ სიტყვიერი შელაპარაკება მხოლოდ იმ დღეს მოუვიდათ. ფიფია საავადმყოფოში იყო, სადაც ანესთეზია გაიკეთა. ამის შემდეგ კი სამსახურში დაბრუნდა, სადაც ქარდავასა და მას შორის შელაპარაკება ელემენტარულ შენიშვნაზე მოუვიდათ.
ქარდავას უსაყვედურია, რომ პოლიციელს არ შეგერფერება მოქალაქეს ასე უხეშად რომ ელეპარაკებიო. ამაზე წაკამათდნენ, როდესაც ერთმანეთს დაშორდნენ, ფიფიამ გასროლა მხოლოდ მაშინ მოახდინა და არ ეგონა, რომ ავტომობილში, რომელსაც მისი გასროლილი ტყვიები მოხვდა კოლეგა შიგ იჯდა.
ამიტომაც განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლის წაყენება მისთვის მიუღებელია. საკმაოდ კარგი რეპუტაციის პოლიციელია, რომელიც 12 წელია სისტემაში პატიოსნად მუშაობდა. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება მოვითხოვო, რადგანაც ინციდენტის დღეს, ბრალდებულმა სამედიცინო პროცედურა ჩაიტარა, რომელსაც ანესთეზია დასჭირდა“,-აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ანესთეზია, რომელიც ორგანიზმიდან 48 საათის განმავლობაში არ გადის, შესაძლოა, იწვევდეს უკუჩვენებებს, მათ შორის ქცევის კონტროლის დაკარგვას. ადვოკატი ამბობს, რომ შემთხვევა ბრალდებულის საავადმყოფოდან წასვლის შემდეგ 2 საათში მოხდა და შესაძლოა, სწორედ ანასთეზიას მოეხდინა გავლენა პოლიციის ქცევაზე. ადვოკატის აზრით, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, შეეძლო თუ არა ანესთეზიას ბრალდებული სამართალდამცავის მოქმედებაზე კონტროლის დაკარგვა.