თამარ შუკვანი
06.12.2019

 საპროტესტო აქციები გრძელდება და ოპოზიციის მსველელობა ამჯერად ქუთაისში, კიკვიძის პარკიდან იმართება. როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია „რეზონანსთან" საუბრობს, ქუთაისის შემდეგ აქციები სხვა დიდ ქალაქებში გაიმართება. 25-26 დეკემბერს კი, „მუხტის აწევის" შემდეგ, მასშტაბური აქცია დედაქალაქშია დაგეგმლი, რაც მისი თქმით, შედეგს აუცილებლად გამოიღებს და ხელისუფლებას მოიწევს დათმობაზე წასვლა.

„ძალიან უმნიშვნელო ექსცესების გარდა, ყველაფერი მშვიდობიანად მიდის. ეს აქციები გაგრძელდება. ქუთაისის შემდეგ არის ზუგდიდი, ბათუმი, გორი, რუსთავი და ა.შ. დამაგვირგვინებელი აქცია იქნება, როდესაც ეს მუხტი აიწევს, თბილისში. დედაქალაქში აქცია 25-26 დეკემბრისთვის იგეგმება.

„ტექნიკური საკითხები დაზუსტდება, დაიხვეწება, შევხედვათ რა შედეგები იქნება, აქციები როგორ ჩატარდება და იმის მიხედვით გადაწყდება. ამ ერთი აქციიდან შედეგს ნამდვილად არ ველოდებით, მაგრამ ყველა ბრძოლას თავისი შედეგი მოაქვს და ეს შედეგი აუცილებლად დადგება," - აცხადებს გოგი წულაია.

მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივის შესახებ საუბრისას აღნიშნა: „ეს არის მეორე თავხედობა, თუ ჭკვიანად არ იქნებოდით, სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარდებაო. სისულელე გააკეთა," - დასძინა წულაიამ.

დღეს დაძაბული ვითარების ფონზე, „ქართული ოცნება" სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივას განიხილავდა. მიუხედავად იმისა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტის ჩაგდებამ გამოიწვია სწორედ შექმნილი მდგომარეობა, მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივის შესახებ მმართველმა გუნდმა 6 დეკემბერს „ქართული ოცნების" ოფისში მაინც იმსჯელა. ინიციატივა გულისხმობს 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეა საკანონმდებლო ორგანოში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური ცვლილებების რესურსი არ არსებობს. კითხვაზე, გამოიწვია თუ არა ამ საკითხმა დაპირისპირება უმრავლესობაში, მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდში ამაზე მხოლოდ კამათი მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×