ქვეყანაში არსებული მღელვარების ფონზე, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთში ვიზიტით იმყოფება. მეტიც, მან 20 ივნისის მოვლენებისა და „გავლილობის ღამის" გამო ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ბურჯანაძე გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად ახორციელებს და ერთ-ერთია, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს. ოპოზიციას მოსკოვში ბურჯანაძის ვიზიტი არ გაუპროტესტებია, რასაც ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე სერიოზულ შეცდომას უწოდებს.
ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას ვარაუდობს, რომ ბურჯანაძემ ფინანსური დაინტერესების გამო მოიხადა ბოდიში, რომ მისმა პარტიამ მეტი სარგებელი მიიღოს არჩევნების დღეს, სანაცვლოდ კი საქართველოში კრემლის ინტერესების გატარებას დაიწყებს.
„ბურჯანაძეს ალბათ ფინანსური დაინტერესება აქვს, მისმა პარტიამ გარკვეული თანხები მიიღოს, რომ წარმატებით განახორციელოს საარჩევნო კამპანია და ამის სანაცვლოდ ლობირებდეს რუსეთის ინტერესებს საქართველოში. სხვა შემთხვევაში რატომ უნდა მოიხადოს ბოდიში ბურჯანაძემ? - სხვა რა ინეტერესი შეიძლება ჰქონდეს, არ ვიცი. ბურჯანაძის რეიტინგი არცთუ ისე მაღალია. 2016 წლის არჩევნებში მან 2% მიიღო.
„ის რომ, რაიმე კავშირი არსებობდეს რუსეთსა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის, გამორიცხულია. გაერთიანებულ ოპოზიციას პირიქით, აქვს პროდასავლური ნიშა აღებული. გაერთიანებული ოპოზიციის შეცდომაა, რომ მან არ დაგმო ნინო ბურჯანაძის ვიზიტი. ბურჯანაძე ზის მათთან ერთად, როდესაც ხელისუფლებასთან იმართება მოლაპარაკება, ამიტომაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ უნდა განაცხადოს, რომ ემიჯნება ბურჯანაძის," - განაცხადა ჩიტაძემ.
პარტია „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს გამოეხმაურა და თქვა, რომ ბურჯანაძის მოსკოვში ჩასვლა მისთვის გასაკვირი არ არის, თუმცა აკვირვებს გაერთიანებული ოპოზიციის ქმედება, რომლებიც ბურჯანაძესთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან.
რუსული სააგენტო „ტასის" ინფორმაციით, ბურჯანაძემ ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრის დროს გააკეთა. ხოლო კოსაჩოვმა ბურჯანაძეს ამ სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე არ მეშინია, ბოდიში მოვიხადო აბსოლუტურად საშინელი ინციდენტის გამო. მაპატიეთ, რომ შეგაწყვეტინეთ, მაგრამ არ დაგასრულებინებთ საუბარს, ვიდრე არ მოგიბოდიშებთ, რადგან ვთვლი, რომ ეს იყო უპირველესად ქართველი ერისა და საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფა," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს სეპარატისტული უწოდებს და განაცხადა, რომ ეს ბურჯანაძის პოლიტიკური ნიშაა.
„რუსეთთან პარალელური ურთიერთობები, გარდა იმისა, რასაც სახელმწიფო გეგმავს და ახორციელებს, სტრატეგიულ ჩარჩოში რომელიც ჯდება და რომელსაც ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ, არ არის კარგი ქვეყნისთვის. რეალიზაცია გარკვეული ამოცანების ჩამოყალიბებულია და დაკავშირებულია მთელ რიგ სხვადასხვა ასპექტთან.
„საერთაშორისო ურთიერთობების გარკვეული მიმართულებები თავად რუსეთთან მოლაპარაკებების ის ფორმატი, რომელიც ეკონომიკას ეხება, ასევე მნიშვნელოვანია სამომავლოდ. არ ვფიქრობ, რომ ასეთი ვიზიტები პოზიტიურია, რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს მისი პოლიტიკური არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა," - განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატი ნინო ბურჯანაძის მიერ გუშინ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა:
„სამწუხაროა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის თემით სპეკულაციის კიდევ ახალი ასპარეზი გაჩნდა. ყველამ ერთად ვიმუშავოთ და ამაზე შეჯიბრს ნუ დავიწყებთ. არ მგონია, რომ რუსეთს მისი გათავისუფლების სურვილი ჰქონდა და ამ სურვილის გაღვიძება არის დღეს ჩვენი ამოცანა ასეთი პიროვნული ურთიერთობით. პრობლემა გაცილებით ღრმაა," - აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისათვის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსკოვში ყველა შეხვედრაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრა. მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა თხოვნით, მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში, რათა ხელი შეუწყონ ვაჟა გაფრინდაშვილის რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლების პროცესს. ბურჯანაძემ ამის შესახებ „პირველ არხთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა.