„ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში მისივე დაპირების ჩაგდებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე - 14 დეკემბერს - თბილისში მასშტაბური აქცია იგეგმება, რომელიც ამჯერად „ქართული ოცნების" მიერ იქნება ორგანიზებული. ოფიციალურად, ეს მსვლელობა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯომარე ქვეყანა გახდა. უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ 14 დეკემბერს დაანონსებული აქცია არ შეიძლება დავუკავშიროთ ოპოზიციის საპროტესტო აქციებს.
„ქართული ოიცნება" არაფრის დემონსტრიებას არ ცდილობს. ახალგაზრდული ფრთა ზუსტად აღნიშნავს იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს. როგორც ვიცით, საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ამას აღნიშნავენ," -აცხადებს ხაბარელი.
კითხვაზე „ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული აქცია უკავშირდება თუ არა ოპოზციის აქციებს, დეპუტატი პასუხობს: „არავითარ შემთხვევაში, ოპოზიციის მიტინგებს ნამდვილად არ ვუკავშირებ. აღნიშავენ მართლაც მნიშვნელოვან თარიღს," - ამბობს დეპუტატი.
მისივე თქმით, რეგიონებიდან დედაქალაქში მხარდამჭერების ჩამოყვანას „ქართული ოცნება" უზრუნველყოფს.
„ორგანიზებას უკეთებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საწინააღმდეგო აქციას ვაკეთებთ. რაიონებიდან თვითონ ჩამოვლენ მხარდამჭერები. გარკვეულწილად ორგანიზებას გაუკეთებს „ქართული ოცნება". ეს არის საერთო შეკრება და ჩამოვლენ. ორგანიზება უნდა ყველაფერს, თავისთავად ცხადია," - განაცხადა შოთა ხაბარელმა.
მასშტაბური აქციის შესახებ „ქართული ოცნების" ახალაგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს შეკრება საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯომარეობის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში იმართება და მასშტაბურ შეკრებაზე რეგიონებიდან მხარდამჭერების ჩამოყვანას „ქართული ოცნება" უზრუნველყოფს.
ამასთან, ჩაკვეტაძემ ოპოზიციას მოუწოდებს: „ანგაჟირებულ და დესტრუქციულ ძალებს თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგა, რათა საქართველოს წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე საფრთხე არ შეექმნას".
ცნობისათვის, 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯომარე ქვეყანა გახდა. საქართველომ, თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, გადმოიბარა.
ოპოზიცია 14 ნოემბრის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავს სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციებს. 14 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო მმართველი პარტიის დაპირება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლის შესახებ.