ინფორმაცია, რომ „ქართულ ოცნებაში" ახალი დაპირისპირებაა და პარტია შეიძლება გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დატოვოს, უბრალოდ ჭორია - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.
არაოფიციალური ინფორმაციით, დედაქალაქის მერი „ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატების ახალი ინიციატივის - მთლიანად მაჟორიტარული სისტემით არჩევნებზე გადასვლის წინააღმდეგია და ეს საკითხი შესაძლოა მისი უმრავლესობიდან წასვლის მიზეზიც კი გახდეს. ამ ინფორმაციას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ჭორაობას უწოდებს. მისი თქმით, კახა კალაძე არ გამოირჩევა იმ რიტორიკით, რომ უმრავლესობაში ვინმეს წინააღმდეგ წავიდეს.
„მაჟორიტარული სისტემის წინააღმდეგი სხვებიც არიან. ჭორებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს ყველაფერი არის ჭორი. კალაძის რიტორიკაში სულაც არ იგრძნობა, რომ ის რაღაცას დაუპირისპირდება," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
თავად კახა კალაძემ „მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სისულელე უწოდა. ამ ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თბილისის მერთან და კომპანია „არქი ჯგუფის" მფლობელ ილია წულაიასთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს. კალაძე აღნიშნავს, რომ „იდიოტი არ არის" და არ იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც დააზიანებს.
„მთავარი არხის" ინფორმაციით, იგეგმება დედაქალაქის მერის დადანაშაულება კორუფციულ გარიგებაში, რომლის დროსაც „არქის" 16 მილიონის ქონება 1-ლარად გადაეცა. ბიზნესმენები, რომლებსაც კახა კალაძისთვის ხელის დადება მოეთხოვებათ მონაწილეობდნენ ტენდერში, რომელშიც „არქიმ" გაიმარჯვა.
კალაძე წულიასთან მეგობრობას არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ ქონების გადაცემაზე ინფორმაცია არ აქვს:
„სასაცილოა ახლა ეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, იდიოტის შთაბეჭდილებას ვტოვებ? არ ვტოვებ. ამდენი წელის პოლიტიკაში ვარ და არასდროს მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას რომელიც პირველ რიგში ჩემთვის იქნება დამაზიანებელი. რა კორუფციული გარიგებები? ზღაპრებს ყვებით რაღაცას. სასაცილოა. ილია წულაიასთან ვმეგობრობ ბავშვობიდან. რა არის ამაში ცუდი?! მე არ მაქვს ინფორმაცია (16 მილიონის ქონების 1-ლარად გადაეცემაზე)", - აცხადებს კალაძე.
„მთავარი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კალაძის მსგავსი რაც უფრო მეტი ძლიერი პოლიტიკოსი იქნება მმართველ გუნდში, „ქართული ოცნება" უფრო წარმატებული იქნება.
„ბატონი კახა კალაძე „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელია. ძლიერი მენეჯერი, თბილისის საუკეთესო და წარმატებული მერი, რომელიც უამრავ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს ჩვენს ქალაქში. ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკოსია და ყველაფერი, რასაც ამბობთ, კომენტარის გამო დასმული კითხვაა. გუნდში არ არსებობს არანაირი დაძაბულობა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.