თამარ შუკვანი
07.12.2019

 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა პარლამენტში მომავალ კვირიდან დაიწყება და ბოიკოტში მყოფ საპარლამენტო ოპოზიციას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, დროებით შეწყვეტს თუ არა ბოიკოტს ამ კენჭისყრებში მონაწილეობის მისარებად. ამის შესახებ „რეზონანსს“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.

„წესით კომიტეტში უნდა ყოფილიყო კენჭისყრა, მაგრამ ამ კვირაში არ ჩატარდა. სანამ კომიტეტში არ იქნება, ისე პლანურ სხდომათა დარბაზში არ გამოვა. ალბათ მომავალ კვირაში იქნება,“ - აცხადებს „რეზონანსთან“ დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მომავალი კენჭისყრის შესახებ საუბრისას.

ჭიჭინაძის ინფორმაციით, მოსამართლეთა საკითხი „ქართულ ოცნებაში“ შესაძლოა კიდევ ერთხელ გახდეს დაპირისპირებისა და განხეთქილების მიზეზი, რის შედეგადაც ზოგიერთი დეპუტატის მიერ უმრავლების დატოვებასაც არ გამორიცხავს, თუმცა, იმედოვნებას, რომ ხელისუფლებას „გონიერება ეყოფა“, რომ ქვეყანში კრიზისული ვითარება არ შექმნას. 

„საკომიტეტო კვირა უკვე იყო და უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა, არ ჩატარდა. შესაძლოა პლენარული სხდომების შესვენების დროს ჩაატარონ, ან შეიძლება შიგნით არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება და ახლა, ერთი მეორეზე პრობლემების მიმატებას არ აპირებენ. 

„ეს ისეთი კენჭისყრაა, არ მგონია კიდევ რამე ძალადობა იყოს მოსალოდნელი. მეტ-ნაკლებად შეეცდებიან, რომ არგუმენტირებულად დაუსაბუთონ და თავისუფალი მანევრის საშუალება მისცენ დეპუტატებს, რადგან „ოცნება“ ნელ-ნელა უკვე კრიტიკულ ზღვარს ადგება. კიდევ 4-5 დეპუტატი რომ გამოაკლდეს „ქართული ოცნებას“, კრიტიკული ზღვარი დგება იმ თვალსაზრისით, რომ „ოცნებას“ 76 ადამიანის (საკანონმდებლო ცვლილების ან გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დეპუტატთა მინიმალური რაოდენობა) მოკრება გაუჭირდეს. გააჩნია, როგორ იმოქმედებს თვითონ ხელმძღვანელობა,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კითხვაზე კენჭისყრაზე აპირებენ თუ არა ის დეპუტატები მისვლას, ვინც სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა, ჭიჭინაძე აცხადებს: „ამ საკითხზე ჩამოყალიბებული არ ვართ. მხარს მაინც არ ვუჭერთ.“ 

ცნობისათვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. 

ჯერ უცნობია, როდის ჩაინიშნება კომიტეტებზე უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების კენჭისყრა, ამის შესახებ სხდომამდე 3 დღით ადრე გახდება ცნობილი. ოპოზიცია კი ამ დღისთვის განსაკუთრებული მობილიზებით ემზადება, რათა სიის ჩასაგდებად უმრავლესობის დეპუტატებზე ზეწოლა გაზარდოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×