
14 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერ-მონაზონს სვიმონ ქავთარაძეს სასამართლომ წაინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 7 დეკემბერს მიიღო. პროკურატურა მას დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას ედავება და გამოძიება ახლა იმ პირების დადგენაზე მუშაობს, თუ ვისგან შეიძინა ბერ-მონაზონმა ნარკოტიკული ნივთიერება და ვისთან მიჰქონდა. ბერი კი დანაშაულს აღირებს და ამბობს, რომ ის მარტო მოქმედებდა და საქმეში სხვა პირების არსებობას კატეგორიულად უარყოფს.
სვიმონ ქავთარაძის დანაშაულის არ სჯერათ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც მას თავდებში ჩაუდგნენ და მოსამართლეს გირაოთი მის გათავისუფლებას სთხოვდნენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მამაო ვიღაცის დანაშაულს საკუთარ თავზე იღებდეს.
პროკურორმა მარიამ ქორიძემ კი სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა და ამის მიზეზად დაკავებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დაასახელა.
პროკურატურა ბერს სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ედავება, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშულების უკანონ შეძენა-შენახვას წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ბრალდებს მხარე ამბობს, რომ სასამართლომ მათი მოთხოვნა სრულად გაიზიარა და ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ათონის მთაზე მოღვაწე ბერი 30 წლის სვიმონ ქავთარაძე თანხმლებ პირთან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც ისინი პოლიციამ გააჩერა და მათი ავტომობილის ჩხრეკა დაიწყო. ავტომობილში ჩხრეკისას პოლიციამ ჩანთა იპოვა, რომელშიც 14 გრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება იყო.
30 წლის სასულიერო პირთან ერთად მყოფმა რომან მალანიამ პასუხისმგებლობა თავდაპირველად საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ ჩანთა მას ეკუთვნოდა. ამიტომაც პოლიციამ ბერ-მონაზონი გაუშვა, თუმცა სასულიერო პირი ორი დღის შედეგ პოლიციაში გამოცხადდა და განაცხადა, რომ ჩანთა არა მალანიას, არამედ მას ეკუთვნოდა. სამართალდამცველებმა აღიარებითი ჩვენების შემდეგ ისიც დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით კი, სასულიერო პირის დაკავებმადე ზუგდიდში პოლიციამ კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩაატრა, სადაც ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება იპოვეს. სავარაუდოდ, სწორედ ამ ოპერაციის შემდეგ მოხდა ბერ-მონაზონის კვალზე გასვლა.
ზუგდიდში „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ სვიმონ ქავთარაძის მამაც წარსულში სწორედ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სასულიერო პირის ადვოკატი ჯიტა გულუა „რეზონანსთან“ საუბრისას გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც პოლიციას თავად ჩაბარდა, გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაში შეეძლო ახალი დანაშაული ჩაედინა ან მიმალულიყო. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულმა ბერმა სიმონ ქავთარაძემ პროცესზე ბრალი აღიარა. თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან ის დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას კატეგორიულად გამორიცხავს.
გულუა ამბობს, რომ მოსამართლეს უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება შეეძლო, რადგანაც ბერ-მონაზონს აბსოლუტურად სუფთა წარსული აქვს და ასევე არსებობდნენ თავდებში სასულიერო პირები, რომლებიც კანონით ყველა მოთხოვნას უზრუნველყოფდნენ.
„სვიმონ ქავთარაძეს საკმად კარგი წარსული აქვს და ის ნასამართლევი არასდროს ყოფილა. პოლიციაში თვადავე გამოცხადდა და ბრალი აღიარა. ამიტომაც გასაკვირი იყო, რომ მოსამართლემ მისი საპატიმროში დატოვება გადაწყვიტა.
„სასულიერო პირი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს და ამბობს, რომ დიახ, ჩანთა მას ეკუთვნოდა, თუმცა ჯგუფურ დანაშაულს უარყოფს და სხვა პირების საქმეში მონაწილეობას არ ეთანხმება.
„როგორც მამაომ აღიარებით ჩვენებაში განაცხადა, მან მალანიას ეს ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა, თბილისში წასაღებად გადასცა და არ იცოდა ჩანთაში რა იყო. ამიტომაც მალანია ამ დანაშაულში ბრალდებული ვერ იქნება. თუმცა მან აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ეს მას ეკუთვნის.
„მალანიას დაკავება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც მამაომ ჩანთა გადასცა. ამიტომაც მოსამართლემ არ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა მალანია წინასწარ პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით და ის 10 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა“, - განაცხადა ადვოკატმა.
მამა იოსები - ერთ-ერთი სასულიერო პირი, ვინც დაკავებულ ბერს თავდებში უდგებოდა - „რეზონანსთან“ საუბარში არ გამორიცხავს, რომ ბერი სვიმონ ქავთარაძე დანაშაულს იბრალებდეს. მამაო აბობს, რომ ის ღირსეული ადამიანია და მას დახმარება ესაჭიროება.
მამა იოსები ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ბერს თავდებში ჩაუდგა. როგორც მამა იოსები ამბობს, მათ იცოდნენ, რომ ბერს ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და ის ამის დაძლევას ცდილობდა.
„არ მჯერა, რომ ეს ადამიანი ამ დანაშააულს ჩაიდენდა. მგონია, რომ ის ვიღაცის დანაშაულს იბრალებს. ვიცოდი, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და მის დასაძლევად იბრძოდა. ჩემთვის ამ პრობლემაზე არაერთხელ შემოუჩივლია.
„სამი სასულიერო პირი თავდებში ჩავუდექით და მის ქცევაზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებდით. ის ღირსეული ადამიანია და მას დახმარება სჭირდება. მისი ბუნებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ, რომ სხვის დანაშაულს საკუთარ თავზე იღებს“, - ამბობს მამა იოსები „რეზონანსთან“.