რუსეთი ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებას შეასრულებს და საქართველოს 1500-მდე მოქალაქეს 10 მილიონი ევროს კომპენსაციას გადაუხდის, რადგან პრაქტიკულად არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მას ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესრულებინოს, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება - განაცხადა „რეზონანსთან“ იურისტმა და ადამიანის უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ.
საქართველოს მოქალაქეებისათვის 10 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთს 2019 წლის იანვარში დააკისრა. მას შემდეგ ევროპის საბჭომ საგანგებო განცხადებით რუსეთს 2-ჯერ შეახსენა, რომ ეს ვალდებულება შესასრულებელი აქვს - პირველად სექტემბერში, მეორედ კი გასულ კვირას.
თუ გადავხედავთ რუსეთთან მიმართებაში მსგავს შემთხვევებს, როგორც წესი, საერთაშორისო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანიდან რუსეთის მიერ უშუალოდ კომპენსაციის გადახდამდე წელიწადზე მეტი გადის. მაგალითად, ევროპულმა სასამართლომ რუსეთს ჯგუფ „ფუსი რაიოტისთვის“ ფულადი კომპენსაციის - 37 500 ევროსგადახდა 2018 წლის ივლისში დააკისრა, ეს ვალდებულება კი რუსეთმა 2019 წლის ნოემბერში შეასრულა.
ასევე, ბესლანის ტერაქტის შედეგად დაზარალებული ადამიანებისა და დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის ევროპული სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შედეგად 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილებით რუსეთს 409 მოსარჩელესათვის ჯამში 3 მილიონ ევრომდე კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, რაც რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ წელიწადნახევარში 2019 წლის სექტემბერში შეასრულა.
„საერთოდ, რუსეთი ცნობილია იმით, რომ არ ასრულებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს და შემდეგ ევროპის მინისტრთა კომიტეტს სჭირდება დამატებითი ზომების მიღება, რათა საბოლოოდ თავი ვერ დაიძვრინოს პასუხისმგებლობისგან“, - ამბობს მუხაშავრია.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევებში გარკვეული მექანიზმები არსებობს, რომლის შდეგადაც სახელმწიფოები ვალდებულების აღსრულებას გვერდს ვერ უვლიან და იძულებულნი ხდებიან ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულონ.
„ევროსასამართლოს ჰყავს თავისი აღმასრულებელი ორგანო - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რომელიც თვეში ან ორ თვეში ერთხელ იკრიბება, შეხვედრაზე სამუშაო ვიზიტით ჩადიან ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, ერთ-ერთ შეხვედრაზე კი განიხილება გადაწყვეტილება, რომელსაც არ ასრულებს რომელიმე მთავრობა და ამ სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ეკითხებიან რატომ არ ასრულებენ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, როდის შესრულდება, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ეს გადაწყვეტილება და ა.შ.“ - ამბობს ლია მუხაშავრია.
მისი თქმით, არ ყოფილა შემთხვევა, რომ რუსეთს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეესრულებინოს. ამიტომ ფიქრობს, რომ საქართველოსთან მიმართებაში დაკისრებულ ვალდებულებასაც შესრულებს, თუმცა ვადებზე საუბარი საკმაოდ რთულია.
„მსგავსი პრეცენდენტი არ ყოფილა, რომ რუსეთს დაკისრებული ვალდებულება არ შეესრულებინოს, მათ შორის ჩეჩნების გაუჩინარების საქმეებზეც კი იძულებული გახდა და შეასრულა. ვფიქრობ, რომ ამ ვალდებულებასაც შეასრულებს, უბრალოდ ამისათვის დამატებითი ძალისხმევაა საჭირო. ვადებზე კი ვერაფერს ვიტყვი, რადგან განუსაზღვრელია და მკაცრი, დროით განსაზღვრული პროცედურები არ არსებობს“, - აცხადებს მუხაშავრია.
2006 წლის ოქტომბერში რუსეთიდან ეთნიკური ნიშნით, არაადამიანური და დამამცირებელი, კოლექტიური დეპორტაციით საქართველოს 1500 მოქალაქე გამოაძევეს. ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად რუსეთს, საქართველოს 1500 მოქალაქისათვის, რომლებიც 2006 წელს ეთნიკური ნიშნით, არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახველი, კოლექტიური დეპორტაციის შედეგად საქართველოში გამოაძევა 10 მილიონი ევროს გადახდა უკვე 11 თვეა დაეკისრა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ შეუსრულებია.
დეპორტირებულთა საქმეზე საქართველომ სახელმწიფოთაშორისი განაცხადით რუსეთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2007 წლის მარტში უჩივლა. აღნიშნული სარჩელი დასაშვებად 2009 წელს სცნეს და მისი განხილვა დიდმა პალატამ დაიწყო. 2014 წელს დავა საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა კომპენსაცია არ დადგენილა და ამ საკითხზე შესათანხმებლად საქართველოსა და რუსეთის მხარეებს სასამართლომ 1 წელი მისცა. საქართველომ დეპორტირებულებისათვის რუსეთისაგან 70 320 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია მოითხოვა, თუმცა რუსეთი ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა. ევროსასამართლომ საკითხი კვლავ განიხილა და რუსეთს 2019 წლის 31 იანვარს 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის 2019 წლის 1 მაისამდე გადახდა დააკისრა.
რუსეთს დეპორტირებულთა საქმეზე „ევროპული სასამართლოს“ მიერ დაკისრებული ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია, 1500 საქართველოს მოქალაქე კვლავ ელის კომპენსაციის მიღებას.
ნატა თვაური