„ქართული ოცნების" წევრები არ ადასტურებენ თბილისის მერისა და პარტიის გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას, რომ „ოცნების" მაჟორიტართა ნაწილი კატეგორიულად ითხოვს არჩევნების მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას და წინააღმდეგ შემთხვევაში უმრავლესობის დატოვებით იმუქრება.
თბილისის მერმა კახა კალაძემ კვირას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ზოგიერთი მაჟორიტარის მხრიდან არსებობს მუქარა, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავა, ისინი დატოვებენ „ქართულ ოცნებას".
„მუქარები იყო გაჟღერებული ამასთან დაკავშირებით, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს. გუნდში მიმდინარეობს შეხვედრები, კონსულტაციები. მე უმრავლესობის ბოლო შეხვედრას არ ვესწრებოდი, თუმცა გეტყვით, რომ არის ადამიანების ჯგუფი, ვინც კატეგორიულები არიან", - განაცხადა კალაძემ.
„რეზონანსმა" ამ თემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" რამდენიმე მაჟორიტართან გასაუბრება სცადა, თუმცა დაკავშირება მხოლოდ ორ მათგანთან მოახერხა
კახაბერ ოქრიაშვილ აცხადებს, რომ კახა კალაძის მიერ ნახსენები მუქარების შესახებ არაფერი გაუგია.
„არ მსმენია არაფერი მაგდაგვარი. მე თვითონ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ ვუჭერ. თუ ვინმეს წასვლა უნდა, წავიდეს", - განაცხადა ოქრიაშვილმა.
კომენტარი გააკეთა ვიქტორ ჯაფარიძემაც:
„ამას კალაძე არ იტყოდა. ხოლო რაც შეეხება „ქართული ოცნების" დატოვებას, პარტიიდან აღარავინ წავა", - განუცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ „რეზონანსს".
აღსანიშნავია, რომ კალაძემ ხსენებული განცხადება მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის დასავლელი დიპლომატების შუამავლობით კვირას დაგეგმილი მორიგი, რიგით მეორე შეხვედრის წინ გააკეთა. პირველი შეხვედრა მათ შორის 30 ნოემბერს გაიმართა.
ალექსანდრე კორტავა