მიმდინარე კვირას პარლამენტი იუს მიერ შერჩეული კანდიდატების უზენაეს სასამართლოში გამწესებას აპირებს. არადა, თვითონ იუს არამოსამართლე წევრების თანამდებობაზე გამწესების კანონიერებაა დღემდე სადავო. ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილმა 10 მიზეზი დაასახელა, რის გამოც პარლამენტმა წარმოდგენილი 20 კაციანი სიის განხილვაზე უარი უნდა თქვას. მეთერთმეტეზე მინდა გავამახილო ყურადღება...
ვინაიდან იუს არამოსამრთლე წევრთა შესარჩევი კონკურსები კანონდარღვევებით ჩატარა, მათი გაუქმების მოთხოვნით 2017 წლის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელები შევიტანე. მტკიცებულებებით დასტურდება, რომ პარლამენტისა და სასამართლოს მესვეურები, წინასწარ შეთანხმდნენ კვოტებისა და ასარჩევი კანდიდატურების თაობაზე... შედეგად, წინასწარ შერჩეული, ფაქტობრივად, 2–2 „პირადი წარმომადგენელი“ კონკურსის გარეშე გაამწესეს იუს–ში... შესაბამისად, გასაგებია, რატომ არ გამოიყენა სასამართლომ უზრუნველყოფის საშუალება და არ შეაჩერა კონკურსი დავის დასრულებამდე, რატომ არ დაესწრნენ სხდომებს სასამართლოს მიერ მესამე პირებად საქმეში ჩართული არამოსამართლე წევრები (არც წარმომადგენელები გააგზავნეს) და რატომ არ არის დავა დღემდე დასრულებული...
სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში სწორედ იმ მოსამართლემ (ქადაგიძე) არ დამიკმაყოფილა, რომელიც იუს–მა პარლამენტში წარსადგენად შერჩეულ მოსამართლეობის 20 კანდიდატს შორის დაასახელა... ამის შემდეგ სარჩელები, რატომღაც, ქუთაისში გადაიგზავნა და მხოლოდ ამ წლის დასაწყისში განიხილა იუს მიერ სამი წლის ვადით დანიშნულმა მოსამართლემ (მილდენბერგერი), რომელიც გამოსამართლებამდე უცხო ენას ასწავლიდა და ფერაძის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა... ცხადია, მოთხოვნები არ დამიკმაყოფილა, ვინაიდან სხდომაზევე განაცხადა, დაკმაყოფილების შემთხვევაში, თავად აღმოვჩნდები უკანონოდ დანიშნულიო...
სარჩელებმა განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინეს, რაც ვიცესპიკერმა (ჩუგოშვილმა) დეპუტატებს იუს–დან ხუთივე არამოსამართლე წევრის გამოწვევა შესთავაზა, რითაც, ფაქტობრივად, აღიარა მესამე პირების არჩევისას დაშვებული შეცდომები. ფაქტია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ანგარიშიც ნათქვამია, რომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა, ხოლო იუს მოსამართლე წევრმა, ირაკლი შენგელიამაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ იუს არამოსამართლე წევრები ფარული გარიგების საფუძველზე მოხვდნენ პარლამენტში, როდესაც საჯაროდ განაცხადა, ნაზი ჯანეზაშვილი იუს–ში მოხვედრას მიხეილ ჩინჩალაძეს უნდა უმადლოდესო...
როგორც ჩანს, მოსამართლე შენგელია, კარგად არის ინფორმირებული პარლამენტის კულუარებში შემდგარი გარიგების თაობაზე და იცის, რომ ქალბატონ ნაზის კანდიდატურა სწორედ ჩინჩალაძესთან შეთანხმებულა... შედეგად, მართალია მისმა აქტიურობამ იუს სხდომები პარლამენტისას დაამსგავსა, მაგრამ ორგანულ კანონში ჩადებული არაგონივრული მექანიზმი საშუალებას აძლევს მოსამართლეთა კორპორაციას (ოჯახს, „კლანს“) მათი ინტერესების დამცველი არამოსამართლე წევრების დახმარებითაც მიიღონ სასურველი გადაწყვეტილებები...
ფაქტია, რომ იუს წევრებმა ყველაზე დაბალი ქულები, ყველაზე კვალიფიციურ და პრინციპულ კანდიდატებს (მაგ., თამარ ლალიაშვილს და როინ მიგრიაულს) დაუწერეს, ხოლო უმაღლესი ქულებით რეპუტაციაშელახული მოსამართლეები შეაფასეს. შედეგად, იუს მიერ შერჩეულ კანდიდატებს შორის არც აღიარებული მეცნიერია და არც ადვოკატი... არადა, ე. წ. ვენეციის კომისიამაც გვირჩია, უზენაეს სასამართლოში „რაც შეიძლება ასაკოვანი, გამოცდილი და დამოუკიდებელი იურისტები გავამწესოთ“.
საქმის მასალებითაც, სწორედ ის დასტურდება, რომ დეპუტატებს იუს არამოსამართლე წევრები საკუთარი ნებით არ შერჩევიათ, ხოლო საბჭო გადაწყვეტილებაუუნაროა...
აგვისტოს ბოლოს საკასაციო საჩივარი შევიტანე. ამდენად, უკვე უზენაეს სასამართლოს ეძლევა შანსი, პარლამენტის გარდა, იუს–შიც „აღადგინოს სამართლიანობა“. თუ სასამართლო კანონით იხელმძღვანელებს და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს, პარლამენტს იუს არამოსამართლე წევრების შესარჩევად ახალი კონკურსის გამოცხადება მოუწევს, ხოლო იუს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების A შერჩევის შედეგები გაუქმდება, რაც მომავალ პარლამენტს საშუალებას მისცემს მოსამართლეთა შერჩევის გაცილებით გონივრული პროცედურა შეიმუშაოს, ხოლო საქართველო ევროინტეგრაციის შანს შეინარჩუნებს.
თუმცა, საქმისწარმოება უმაღლეს ინსტანციაშიც მეტად „სპეციფიკურად“ განვითარდა... როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც საკასაციო საჩივარი განსახილველად მიიღო, მოსამართლემ (როინიშვილი) თავადაც გადაწყვიტა იუს მიერ გამოცხადებულ მორიგ კონკურსში მონაწილეობა და არამოსამართლე წევრების „ჩამჭრელ“ კითხვებსაც უკვე უპასუხა...
თუ გათვალისწინებით, რომ სასამართლოსგან ვითხოვ პარლამენტის შესაბამისი დადგენილებების ბათილად ცნობას, გამოდის, რომ მოსამართლე იუს არამოსამართლე წევრების თანამდებობაზე გამწესების კანონიერებაში იმდენად არის დარწმუნებული, რომ საკუთარი თავი წარუდგინა. არადა, გამოდის რომ პარლამენტის მიერ იუს არამოსამართლე წევრების და იუს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების (ფაქტობრივად, სასამართლო რეფორმის და ქვეყნის ევროინტეგრაციიის...) ბედიც როინიშვილის ხელში აღმოჩნდა, რის გამოც იუს წევრებს მისი მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენა მოუწევთ და პარლამენტიც მხარს დაუჭერს...
შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობით, საქმის შედეგით ყველაზე დაინტერესებული პირი თავად საქმის განმხილველი მოსამართლე აღმოჩნდა და, დარწმუნებული ვარ, საკასაციო საჩივარს დასაშვებადაც კი არ მიიჩნევს, ვინაიდან მოთხოვნების დაკმაყოფილება თანამდებობას დააკარგვინებს... ისიც გასაგები ხდება, რატომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის თაობაზე... ცხადია, მისი აცილება მოვითხოვე... ამდენად, თუ „მესამე პირები“ დარჩებიან თანამდებობებზე და მათ მიერ მანკიერი პროცედურით შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტმა ისევე გაამწესა „უზენაესში“, როგორც თავად არამოსამართლე წევრები იუს–ში, ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილად არავინ გვაღიარებს.
შექმნილ ვითარებაში, ვინაიდან იუს არამოსამართლე წევრების თანამდებობზე დარჩენა, ფაქტობრივად, მხოლოდ როინიშვილზეა დამოკიდებული, ხოლო მისი უვადოდ გამოსამართლება, მხოლოდ იუს არამოსამართლე წევრებსა და პარლამენტზე, ლოგიკური იქნებოდა, საკასაციო საჩივარი ისეთ მოსამართლეს გადაეცეს, რომლის თანამდებობაზე გამწესება პარლამენტისა და იუს დღევანდელ შემადგენლობაზე არ იქნება დამოკიდებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღევანდელ პარლამენტს მორალური უფლებაც არ აქვს იუს მიერ შერჩეული კანდიდატურები განიხილოს (იუს არამოსამართლე წევრები კანონდარღვევით შეარჩია, ხოლო დავა დღემდე არ დასრულებულა... ). იმედი მაქვს, სამართლიანი არჩევნებით გზით საკანონმდებლო ორგანოში არჩეული მომავალი დეპუტატები იუს წევრებსაც გაცილებით გონივრულად შეარჩევენ და მოსამართლეებსაც.
ავთანდილკახნიაშვილი, სამართლის დოქტორი