ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები შესაძლოა მრავალმანდატიანმა შეცვალოს, რაც ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას თქმით, ორივე მხარისთვის - ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის მისაღებია. მხარეებს შორის შეხვედრის მეორე რაუნდი, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგელები ესწრებოდნენ, გარკვეული შეთანხმებით დასრულდა. სწორედ ამ შეხვედრაზე გაჟღერდა ახალი იდეაც.
გამზარდია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიცია ხვდება, ამ საკითხს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები არ მოჰყვება. რაც შეეხება ხელისუფლებას, გასათვალისწინებელია მისი იმიჯი და რეიტინგი საერთაშორისო ასპარეზზე, რაც ამ ეტაპისთვის საკმაოდ შემცირებულია.
„ამის შესაძლებლობა საერთაშორისო ზეწოლის მხარდაჭრითაც მოდის, რადგან „ქართული ოცნება" საერთოდ არ აპირებდა რაიმე ტიპის კომპრომისზე წასვლას. ამ ერთგვარმა ჩარევამ, თუ თანადახმარებამ, გამოიღო ის შედეგი, რომ სულ მცირე, პროცესი რიტორიკიდან სამუშაო პროცესში გადავიდა, რაც კარგია.
"როდესაც ვგულისხმობთ ურთიერთკომპრომისს, ვგულისხმობთ იმას, რომ მხარეებმა ის შედეგი შეიძლება ვერ მიიღონ, რაც სურთ, მაგრამ არც ისეთი, როგორიც მოწინააღმდეგეს უნდა. ასეთ პირობებში მმართველი პარტია და ოპოზიცია შეიძლება მივიდეს იმ გადაკვეთამდე, რომ ეს მეტ-ნაკლებად მისაღები გახდეს.
„საერთო ჯამში, ალბათ ოპოზიცია აცნობიერებს, რომ ფართო მასშტაბური აქციები ამ პროცესს არ მოყვება. ამიტომ, სასურველია რაღაც შედეგი მაინც მიიღოს. მმართველი ძალა კი აცნობიერებს, რომ მათ საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ შეუმცირდათ პატივისცემა და ახალი ძალისხმევაა საჭირო, რომ ახალი პოზიტიური კულტურა გაჩნდეს. სხვა შემთხვევაში ოპოზიცია და ხელისუფლება საერთო დასკვნამდე უნდა მივიდეს. პოზიტიური პერსპექტივები დავინახე, თუ რომელიმე მხარე ამ პროცესს ისევ სხვაგან არ წაიყვანს.
„ამ ეტაპამდე, პროცესი რაღაც საქმიან რეჟიმში გადასული და იმედია, არც ოპოზიცია წავა ამ რეჟიმის იქით და არც ხელისუფლება. მმართველმა ძალამაც უნდა გააცნობიეროს, რომ სხვა შემთხვევაში ამ უკმაყოფილების ენერგიამ შეიძლება სხვაგან და სხვა ვითარებაში ცუდად ამოხეთქოს, დამატებით, საერთაშორისო ასპარეზზე უფრო შეუსუსტდებათ მხარდაჭერა და პოზიცია. ამიტომ, ამ ყველაფერს შეიძლება რაღაც ეფექტი მოჰყვეს.
„ყველაზე გონივრული და აკადემიური პოზიცია სწორედ საერთაშორისო პარტნიორებმა დაიჭირეს. ისინი არც ემოციური განცხადებებით გამოვიდნენ და არც რიტორიკით, პირდაპირ საქმიან პროცესში შევიდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების ამ პოზიციებს, ახსნა-განმარტების მიუხედავად, არ იღებენ და აცხადებენ, რომ ერთმმართელობითი ფორმა დემოკრატიით შეიცვალოს," - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობა დღეს მორიგ სხდომას გამართავს. სხდომა „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზე დაინიშნა და მას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.
საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ თემებს შეეხება, მათ შორის მმართველი გუნდი სავარაუდოდ, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე იმსჯელებს.