ელზა პაპოშვილი
09.12.2019

სიძის სასტიკად მკვლელობისთვის ძებნილი 23 წლის ბაჩანა ცინგიშვილი სამდღიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ დააკავა. ცანგაშვილს პოლიცია ქარელის რაიონის სოფელ დირბში 22 წლის ვალერი ჭიქაშვილის  მკვლელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, სტუმრად მისულ სიძეს ცოლის ძმამ სხვადასხვა სახის მძიმე ჭრილობები ნაჯახით მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. გამოძიება სხვა  შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების დადგენის მზინითაც მიმდინარეობს. 

„რეზონანსთან“ მკვლელობის სავარაუდო მიზეზად  ბრალდებულის მეზობლები ურთიერთშელაპარაკებას ასახელებენ.  მკვლელობა ქარელში  დღის 3  საათზე მოხდა, მკვლელობაში ბრალდებული ბაჩანა ცინგიშვილის მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ  სიძე, რომელიც ქარელში მეგობართან ერთად ცოლთან შესარიგებლად ჩავიდა, ცოლისძმასთან სასაუბროდ განმარტოვდა, რაც ფატალურად დასრულდა. 

მათთვის წარმოუდგენელი და აუხსნელია რა მოხდა სიძე-ცოლისძმას შორის ისეთი, რომ მან ის სასიკვდილოდ გაიმეტა. ბაჩანა ცანგაშვილს ადგილობრივები მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანად ასახელებენ და მკვლელობის მიზეზი ვერ აუხსნიათ. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ცოლ-ქმარს შორის არსებული კონფლიქტი უნდა ყოფილიყო. 

მეზობლები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ცოლ-ქმარი თვეა რაც დაშორებულები იყვნენ. თუმცა, ისინი შერიგდნენ და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. სიძე-ცოლის ძმამ ერთადაც კი ისადილეს. სიძეს უთქვამს დაბლა ჩავიდეთ სალაპარაკო მაქვსო. 5 წუთში კი ცოლისძმა მაღლა ასულა და მამისთვის უთქვამს, რომ სიძე დაჭრილი იყო და სასწრაფო გამოეძახათ. ამის შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. 

სიძეს ვალერი ჭიქაშვილს ცოლისძმამ ჭრილობები სავარაუდოდ, თავის არეში  იქვე დაგდებული ცულით მიაყენა. 

„გოგო სამტრედიაში იყო გათხოვილი. ახლა შვიდითვეა, რაც დედ-მამის სახლში დაბრუნდა. როგორც ვიცით,  ქარელში ქმარი ცოლთან შესარიგებლად ჩამოვიდა. დილით ყავაც კი დაულევიათ და როგორც თქვეს ცოლ-ქმარი შერიგებულა. მერე რა მოხდა და რაზე იჩხუბეს ეს არავინ იცის გარდა ამ ორი ადამიანისა. 

“არც ის ვიცით რატომ გაშორდა და რა იყო ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის მიზეზი. ამაზე მეზობლებთან კრინტი არავის დაუძრავს. რაც ვიცით ის არის, რომ სიძეს უთქვამს წამოდი ბაჩანა, დაბლა ჩავიდეთ და დავილაპარაკოთო. ჩავიდნენ - რაზე იჩხუბეს  არავინ იცის, მაღლა სახლში ავარდნილა და უთქვამს ჩქარა ჩადით ვალერი დაჭრილიაო.   

“ძალიან კარგი და ძვირფასი ბავშვია. ამ ოჯახიდან ცუდი არავის არფერი გაუგონია. ანგელოზივით ბიჭები არიან ორივენი. სიძეზეც ამბობენ, რომ ცუდი ბიჭი არ იყოვო. ჩვენც მაშინ გავიგეთ, როდესაც სასწრაფო მოვიდა და პოლიცია მოჰყვა. შიგნით არავინ არ შეგვახედა. დიდი უბედურება ტრიალებს. მეგობართან ერთად ყოფილა ის საწყალი და მიშველებაც კი ვერავინ შეძლო, ყველაფერი სწრაფად მოხდა“, - აცხადებს მეზობელი  ნანული პატიაშვილი „რეზონანსთან“.    

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი:

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიძეს – 1996 წელს დაბადებულ ვ.ჭ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ვ.ჭ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცული შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები საქმეში არსებული სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების დადგენა-გამოკვეთის მიზნით.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×