დეპუტატ ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას, თუკი ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა და საკანონდებლო ორგანო ამის თაობაზე იმსჯელებს, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები მხარს არ დაუჭერენ. ამის შესახებ „რეზონანსთან" დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი საუბრობს, რომელიც ამ საკითხის დაყენებას 2020 წლის ბოლომდე არასწორს უწოდებს და ამბობს, რომ მელიას მანდატი არ უნდა შეუჩერდეს.
„ბუნებრივია, იგივე პოზიცია მექნება, რაც მაშინ მქონდა. რასაც პარლამენტი აკეთებს, სწორი არ არის, არც იმუნიტეტის ჩამორთმევა და არც მანდატის შეჩერება. ამ საკითხმა ინსტანცია უნდა გაიაროს. ეს საკითხი არ უნდა დადგეს 2020 წლის ამოწურვამდე, ეს იქნებოდა სწორი. დანარჩენზე, „ქართული ოცნების" დეპუტატებს შეეხმიანეთ," - ამბობს გოგიჩაიშვილი.
ცნობისათვის, იმისათვის, რომ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერდეს, 76-მა, ნახევარზე მეტმა უნდა დაუჭიროს მხარი.
კითხვაზე, ამ საკითხს „დამოუკიდებელი დეპუტატები" დაუჭერენ თუ არა მხარს, გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ „სავარაუდოდ არ დაუჭერენ მხარს."
კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ბრალდებული ოპოზიციონერისთვის მანდატის ჩამორთმევას შესაძლოა მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის ჩამორთმევას მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ ძალიან რთული საქმე იყო და პარლამენტში შეჭრასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ეხებოდა, რაც შეეხება ამ შემთხვევას, ჩუგოშვილი ამბობს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა.
შეგახსენეთ, 20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო გადაიდო, შემდეგი სასამართლო სხდომა 24 დეკემბერს არის ჩანიშნული. რაც შეეხება ბანკი „ქართუს" გაკოტრების საქმეს, მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე კი საკანონმდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს.