„როგორც ჩანს, რუსეთი პუტინის პირობებში თვლის, რომ თუ საერთაშორისო ტერორისტების მკვლელობები მისაღებია აშშ-ის, ისრაელის და სხვა სახელმწიფოებისთვის, რატომ არ უნდა იყოს მისაღები რუსეთისთვის," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, ნორმანდიის ოთხეულის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გაკეთებულ განცხადებას.
პუტინმა სამიტზე ხანგოშვილს ბანდიტი და ტერორისტი უწოდა და მის მკვლელობასთან რუსეთის კავშირი უარყო.
მაისაია ამბობს, რომ განცხადებისას პუტინი საკმაოდ გაღიზიანებული ჩანდა, რაც მიანიშნებდა იმას, რომ მკვლელობა უშუალოდ მისი შეკვეთილი იყო.
„პუტინს ეტყობოდა, რომ ხანგოშვილზე განცხადების გაკეთებისას ძალიან გაღიზიანებული და გაბრაზებული იყო, ეს გაბრაზება გასაგებიცაა. პირველი ის, რომ გერმანიასთან ამის გამო სერიოზული პოლიტიკური კონფლიქტი მოუვიდა, გერმანიიდან რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი იქნა გაძევებული. მეორე ის, რომ გერმანიამ ფაქტიურად რუსეთის წინააღმდეგ წამოაყენა არა მხოლოდ ამერიკული, არამედ უკვე ევროპული სანქციების დაწესება.
„როგორც ჩანს, გერმანია ევროკავშირის ეგიდით რუსეთის მიმართ სანქციების საკითხის დაყენებას აპირებს, რათა ის ტერორიზმის პოლიტიკა, რომელსაც პუტინის რეჟიმი ევროპული სახელმწიფოს წინააღმდეგ ახორციელებს, აღკვეთილ იქნას.
„რუსეთ-ამერიკასთან დაპირისპირების ფონზე, რუსეთის ერთადერთი მოკავშირე (თუ შეიძლება მოკავშირე დაერქვას) იყო გერმანია, ამავე დროს, ხანგოშვილის მკვლელობამ დაასვა სერიოზული დაღი და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის რუსეთისათვის მნიშვნელოვანი „ჩრდილოეთ ნაკად 2"-ის მშენებლობას.
„ამერიკის კონგრესმა დამატებითი სანქციები მიიღო იმ გერმანული კომპანიებისთვის, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის პროექტის რეალიზაციაში, ფაქტიურად, ამით გერმანიასა და ამერიკას შორის შესაძლოა მორიგი უთანხმოება განხორციელებულიყო, მაგრამ ხანგოშვილის მკვლელობამ შეიძლება ამ პროცესის შეჯერება მოახდინოს.
„პუტინის რიტორიკა ნათლად წარმოაჩენდა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა უშუალოდ მის მიერ იქნა სანქცირებული, ამით მან ნორმანდის სამიტის პრესკონფერენციაზე ერთგვარი თვითლუსტრაცია მოახდინა.
„როგორც ჩანს რუსეთი პუტინის პირობებში თვლის, რომ თუ საერთაშორისო ტერორისტების მკვლელობები მისაღებია აშშ-ს, ისრაელის და სხვა სახელმწიფოებისთვის, რატომ არ უნდა იყოს მისაღები რუსეთისთვის.
„მაგრამ ბატონ პუტინს დაავიწყდა, რომ ხანგოშვილი (რამდენადაც ვიცი) საქართველოს შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო და მას ოფიცრის სტატუსი ჰქონდა, აქედან გამომდინარე, თუ ის ტერორისტი და მკვლელი იყო, მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ ეს პიროვნება თავის ძალოვან სტრუქტურებში როგორ აიყვანა. დავიჯერო რუსეთის სპეცსამსახურებმა არ იცოდნენ, რომ ხანგოშილი საქართველოს სპეცსამსახურების ოფიცერი იყო?" - აცხადებს იგი.
მაისაია მიიჩნევს, რომ პუტინის განცხადებაზე საქართველოს ხელისუფლებამ რეაგირება უნდა მოახდინოს, რადგან ამან საერთაშორისო მასშტაბები მიიღო და ასე დატოვება საქართველოს იმიჯს შელახავს.
„ჩემი აზრით საქართველოს მთავრობამ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს იმიტომ, რომ ამან საერთაშორისო დონის მასშტაბები მიიღო და ჩვენ სირაქლემას პოზაში ყოფნა ნამდვილად არ გამოგვადგება, რაც კიდევ ერთხელ დაარტყამს ჩვენს საგარეო, საერთაშორისო იმიჯს, საქართველოს თემა ფაქტიურად ნორმანდიის სამიტზეც წამოიჭრა, რამაც შესაძლოა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოცხადებაც გამოიწვიოს, რაც გარკვეულწილად ერთგვარი საბაბი გახდება იმისა, რომ საქართველომაც გამოუცხადოს რუსეთს სანქციები,ყოველ შემთხვევაში, ეს უკვე საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია რა პოლიტიკას გაატარებს," - განაცხადა მაისაიამ.