„ქართული ოცნების" რიგები კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალექსანდრე ერქვანიამ დატოვა. პოლიტიკურ წრეებში არ გამორიცხავენ იმას, რომ „ქართული ოცნება" შესაძლოა სხვა დეპუტატებმაც დატოვონ და ტენდენცია „ჯაჭვურ რეაქციასავით" გაგრძელდეს, თუმცა არა იმ რაოდენობით, რაც „ქართული ოცნების" დაშლის საფუძველი გახდება. ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდში კრიზისია და ამ პროცესის ასეთ განვითარებას, მთელმა რიგმა პრობლემებმა შეუწყო ხელი.
ალექსანდრე ერქვანიას განცხადებით მიღებულ გადაწყვეტილებას ბევრი მიზეზი აქვს და მათ შორის საარჩევნო სისტემის საკითხიცაა. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები არ ჰქონია არც პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან და არც გუნდთან.
„საერთოდ არ შევხვედრივარ და არც კონსულტაციები მქონია. მერე გეტყვით ყველაფერს," - განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე ერქვანიამ.
ერქვანიას მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ამით უნდა შეწყდეს."
„არ მაქვს ინფორმაცია. მგონია, რომ ამით უნდა შეწყდეს. ალექსანდრე ერქვანიას წასვლა გასაკვირი არ იყო. ეს (გადაწყვეტილება) არავისთან შეუთანხმებია. უმრავლესობაში საკმარისი რაოდენობაა იმისათვის, რომ უმრავლესობა დარჩეს უმრავლესობად," - ამბობს ქანთარია.
„ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატს, ზაზა ხუციშვილს არ აქვს ინფორმაცია, კიდევ ვინ აპირებს უმრავლესობის დატოვებას და აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ხელისუფლება შეძლებს უმრავლესობის შენარჩუნებას:
„მიზეზი არ ვიცი. თუ ეს უკავშირდება საარჩევნო დაპირების შეუსრულებლობას, წესით აქამდე ყველა უნდა ჩამოყალიბებულიყო. ზოგი გვიან იღებს გადაწყვეტილებას. არ მაქვს ინფორმაცია, რომ ვინმემ შეიძლება კიდევ დატოვოს. მგონია, რომ მაინც შეინარჩუნებენ, რადგან რეზერვი კიდევ დიდია.
„ჩვენი წასვლის მიზეზი რაც იყო, გასაგებად ვთქვით. მიუხედავად იმისა, რომ მხარს ვუჭერდი პროპორციულ სისტემას, ბუნებრივია მის რიკსებსაც ვხედავ, რაზეც ჩემი კოლეგები საუბრობენ. იდეალური არცერთი სისტემა არ არის, მაგრამ, როდესაც ასეთ პასუხისმგებლობას იღებ, აცხადებენ მაღალი ტრიბუნებიდან, გაეროს ტრიბუნიდან დაწყებული, ყველა საერთაშორისო პარტნიორს ამას ეუბნები, შემდეგ კი ეს პირობა არ სრულდება, ამ შემთხვევაში ჩვენთვის ძალიან უხერხული იყო გუნდთან დარჩენა, რომელთანაც შეთანხმება არ შედგა.
„ეს უკვე წინაპირობაა იმისა, რომ მომავალი შეთანხმება შედგება თუ არა, არ ხარ დარწმუნებული. სხვებისთვის სხვადასხვა პერიოდში (წამოსვლის მიზეზი) სხვადასხვა იყო. 11 თვე დარჩა და უმრავლესობა იქნება შენარჩუნებული, რადგან არ მგონია, რომ 20 კაცამდე წავიდეს," - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება" გამოუვალ ვითარებაში არ არის, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდი კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს.
„ძალიან რთულია თქმა იმისა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება თუ შეჩერდება. მისი (ალექსანდრე ერქვანიას) მოტივაციის ახსნა-განმარტებაა საჭირო, თუ რატომ დატოვა უმრავლესობა, რეალურიად რა იდგა ამის უკან. როგორც ვიცი, ის პარტიული სიით იყო არჩეული, თუმცა ერთი დეპუტატის გასვლით ალბათ არ უნდა გავაკეთოთ შორსმავალი დასკვები, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას, მაგრამ არც ეს არის გამორიცხული.
„დღეს ფსიქოლოგიური კლიმატი, რაც „ქართული ოცნების" ირგვლივ შეიქმნა და ამაში მასმედიასაც მიუძღვის წვლილი, შესაძლოა ამ დეპუტატებზეც მოქმედებდეს. ამიტომაც უჩნდებათ განცდა, რომ შესაძლოა არ უღირდეთ სამომავლოდ მმართველ გუნდში გაჩერება, რადგან მმართველი გუნდი სუსტდება. „ქართული ოცნების" მდგომარეობა, მართალია, არ არის მარტივი, მაგრამ არც კატასტროფულია, როგორც ამას სცდილობენ წარმოაჩინონ. ვერ მოვისმინე ალექსანდრე ერქვანიასგან წასვლის კონკრეტული მიზეზი. აცხადებს, რომ ბევრი მიზეზია, მათ შორის საარჩევნო სისტემა. გახდება თუ არა ეს ბიძგი სხვა დეპუტატებისთვის, შანსები 50-50-ზეა," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
ცნობისათვის, გასულ თვეში უმრავლესობა 11-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და კონსერვატიული პარტიის ლიდერმა და ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა. დეპუტატებმა უმრავლესობა მას შემდეგ დატოვეს, რაც პარლამენტმა 2020 წლისათვის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო, თუმცა 101 მიიღო. 3 დეპუტატი კანონპროექტის წინააღმდეგი იყო, სხვებმა კი თავი შეიკავეს.