რეზონანსი
10.12.2019

 მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი 2019 წლის სამშაბათს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გერმანიის ქალაქ მიუნხენში იმყოფებოდა, სადაც გულის ოპერაცია გაიკეთა.

ლუჟკოვი კარგად იყო ნაცნობი საქართველოში თავისი იმპერიული რიტორიკით, ასლან აბაშიძესთან მეგობრობითა და აფხაზეთისა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმების მხარდაჭერით.

როგორც „რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარაშვილი აცხადებს, „ჩვეულებრივ გარდაცვლილ ადამიანზე კარგს ამბობენ-ხოლმე. სამწუხაროდ, პოზიტიური თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებულის გახსენება მასთან დაკავშირებით გამიჭირდება, როგორც ყირიმთან ისე აფხაზეთთან მიმართებაში მისი დამოკიდებულება იყო რუსი მაღალი დონის ჩინოვნიკის დამოკიდებულება, რომელიც ყველაფერ ამას უყურებდა საბჭოთა კავშირის სიმაღლეებიდან".

ის ლუჟკოვთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ პოზიტიურ ფაქტს იხსენებს.

„ლუჟკოვის პირადი ინიციატივით აღადგინეს პირველი გიმნაზია, რომელიც 1991-1992 წლის სამოქალაქო დაპირისპირების დროს დაიწვა, ეს უდაოდ მნიშვნელოვანი და ისტორიული ფაქტია უდაოდ, სხვა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს კი ვერ გავიხსენებ," - ამბობს მენაღარაშვილი.

2017 წელს იური ლუჟკოვი საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, მისმა სტუმრობამ ქვეყანაში მწვავე რეაქცია გამოიწვია. ამის მიზეზი კი ლუჟკოვის მიერ 2006-სა და 2009 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში ვიზიტი გახდა. საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ოკუპაციის კანონის თანახმად პირს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ნამყოფი, არა აქვს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება. იური ლუჟკოვს კი მაშინ საზღვარზე პრობლემა არ შექმნია, რადგან მის პასპორტში არ იყო ასახული არანაირი ცნობა ოკუპირებული ტერიტორიების გადაკვეთის შესახებ. 2017 წელს ტურისტულ ჯგუფთან ერთად საქართველოში მყოფმა ლუჟკოვმა დაათვალიერა ვარძია, მცხეთა და ასევე, სოფელ ქანდაში დაესწრო წირვას არამეულ ენაზე.

იური ლუჟკოვი 18 წლის მანძილზე იყო მოსკოვის მერი. იგი ამ თანამდებობაზე პირველად რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა 1992 წელს დანიშნა, მას შემდეგ კი ამ პოსტზე სამჯერ - 1996, 1999 და 2003 წლებში აირჩიეს. ის თანამდებობიდან ექსპრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 2010 წელს გაათავისუფლა. ამის მერე ლუჟკოვი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, თუმცა მუდამ ჩართული იყო რუსეთში მიმდინარე პროცესებით.

რუსეთში ლუჟკოვი ერთი მხრივ ცნობილია მოსკოვის არნახული განვითარებით 1990-იანე წლებში, თუმცა მეორე მხრივ მას უამრავი კორუფციული სკანდალი უკავშირდება. მისი მეუღლე ელენა ბატურინა კი ოფიციალური მილიარდელი გახდა.

ნატა თვაური

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×