რეზონანსი
11.12.2019

 ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის ემოციების შესახებ წერს. ის ამბობს, რომ ექიმის ცოლი თვალებს ოპერატორებისგან დღეს მზის სათვალით მალავდა…

“გატაცებული ექიმის ცოლს, დღეს ოპერატორებმა სთხოვეს, თუ შეიძლება, მოიხსენით მზის სათვალე, ირეკლავს.

ქალმა უარი უთხრა – ვერა.

გვერდით ვედექი, ახლოს პროფილთან. ჩემდაუნებურად, მისი სათვალის მიღმა შევიხედე. ექიმის ცოლს თვალები ჰქონდა დასიებული.

ჰოდა, ამ ყველაფრის – პეტიციების, აქციების, გაეროს ოფისთან ხმაურის, პლაკატების, საოკუპაციო ხაზის, მოლაპარაკებების უკან, დგას ორი მთავარი რამ – მონატრება და სიყვარული.

ყველაზე მეტად ექიმის ცოლს უჭირს.

ვაჟა გაფრინდაშვილი ადამიანის უფლებების დაცვაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დააჯილდოვეს. ჩვენ, დანარჩენები, უბრალოდ ვაშუქებთ ამბავს, აქციებზე ვხმაურობთ, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მერე ვბრუნდებით სახლებში და ჩვეულ რუტინას ვაგრძელებთ.

ექიმის ცოლი კი მზის სათვალეში მალავს თვალებს.

თუკი სადმე გადააწყდება ამ სტატუსს, იმედია, არ მიწყენს, რომ გავთქვი მისი მონატრება”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×