ავღანეთში 18-წლიანი ომი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა დაჯგუფება „თალიბანთან" მოლაპარაკება გაანახლა და დისკუსია უსაფრთხოების გაზრდის საკითხებს შეეხებოდა, ავღანეთი კიდევ ერთხელ გახდა ტერირისტული აქტის მსხვერპლი. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ თუკი აშშ თავის სამხედრო კონტიგენტს ავღანეთიდან გაიყვანს, ეს სახელმწიფო შესაძლოა „ტერირისტების სავანე" კიდევ ერთხელ გახდეს.
ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზის მახლობლად მომხდარ ტერაქტს მოჰყვა მსხვერპლი, არიან ათეულობით დაშავებულები, მათ შორის ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა. ტერორისტების მთავარი სამიზნე ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად მშენებარე სამედიცინო დაწესებულება იყო. ორი დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ შედეგად სამედიცინო დაწესებულება სერიოზულად დაზიანდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ აშშ-ს მიზანია ავღანეთიდან საკუთარი ჯარი გამოიყვანოს, თანაც ეს შესაძლოა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო სვლა იყოს 2020 წლისათვის.
„ავღანეთში, ბაგრამი არის ჩვენი ძირითადი ბაზირების ადგილი. ქაბული, ბაგრამი და მაზარი-შარიფი - ავღანეთის სამ მთავარ ქალაქშია ჩვენი კონტიგენტი განთავსებული. ეს არის „თალიბანის" მიერ განხორციელებული ტერაქტი, რომელიც ბაზის გვერდით განთავსებული საავადმყოფოსკენ იყო მიმართული. ეს არის ერთგვარი ზეწოლის ფორმები. როგორც ვიცით, ტრამპმა გამოაცხადა, რომ „თალიბებთან"მოლაპარაკებები დაიწყო. თალიბანი არა მხოლოდ სერიოზული სამხედრო, არამედ პოლიტიკური ძალაა.
„როგორც ჩანს, ტრამპი აპირებს, ავღანეთიდან გამოვიდეს და ეს მისი ბოლო აკორდი იყოს. აშშ-ს პრეზიდენტი შეეცდება, რომ კონტიგენტი ავღანეთიდან გამოიყვანის და ამით თავისი საგარეო პოლიტიკური ამოცანები დაასრულოს. ეს შესაძლოა ტრამპის წინაასარჩევნო მთავარი მოთხოვნა იყოს. ამერიკული საზოგადოებაც ამ „მესიჯს" სრულიად იზიარებს.
"პენტაგონმა დადო 2000-გვერდიანი სპეციალური ანალიტიკური მოხსენება, სადაც პირდაპირ წერია - ამერიკელი სამხედროები კრიტიკულად აფასებენ, რომ საქმე ისე არ წავიდა, როგორც ამერიკელებს სურდათ. „თალიბები" და აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს ახორციელებენ, რომ მოახდინონ ამერიკული ჯარების გამოსვლა და ავღანეთი კვლავ ტერორისტების სავანე არ გახდეს," - ამბობს მაისაია.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ავღანეთიდან ამერიკული ჯარი გამოვა, ამას ქართული ჯარის გამოსვლაც მოჰყვება.
„თალიბები" გააქტიურდნენ ავღანეთში. მათ სურთ შექმნან მოლაპარაკებებზე ერთგვარი მომგებიანი ფონი. გაზაფხულზე თალიბები ყოველთვის ახორციელებენ ფართომასშტაბიან სტრატეგიულ ოპერაციებს მთელი ავღანეთის მასშტაბით, იმ ფონზე, როდესაც ტერიტორიის 70%-ს „თალიბები" აკონტროლებენ. თუ ამერიკის ჯარები დაიწყებს ავღანეთიდან გამოსვლას, ალბათ საქართველოს თავდაცვის ჯარების კონტიგენტის გამოყვანის საკითხიც დადგება დღის წესრიგში.
„თალიბები" ებრძვიან „დაეშს" და „ალქაიდასთანაც" სერიოზული დაპირისპირებები აქვთ. ის თალიბანი აღარ არის, რომელმაც 2001 წელს ალქაიდას ხელმძღვანელობას თავშესაფარი მისცა და შემდეგ აქედან განახორციელეს ამერიკაში ტერაქტი. როგორც ჩანს, ამერიკელებს აწყობთ „თალიბებთან" ერთგვარ ფარულ ალიანსში შესვლა, „თალიბებმა," რომ გააგრძელონ ბრძოლა რადიკალურ ჯიჰადისტურ გაერთიანებებთან. ავღანეთში „თალიბანი" დარჩება მთავარ პოლიტიკურ ძალად.
„მინდა სრული სოლიდარობა გამოვხატო ჩვენ ღირსეული თავდაცვის ჯარების მიმართ, რომლებიც ღირსეულად იცავენ ქვეყანას ტერორიზმისაგან. ასევე გამოვეხმაურო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არამართებულ კომენტარს. თუ რაიმე პრობლემები აქვთ ქართულ ჯარში, მხოლოდ უუნარო პოლიტიკოსებისაგან. ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი პოლიტიკოსების არაპროფესიონალიზმს ანელებს," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.