პეტრე მამრაძე თვლის, რომ ხელისუფლება შეეცდება უცხოეთის წინაშე სახე შეინარჩუნოს
ია აბულაშვილი
11.12.2019

 "ხელისუფლება შეეცდება უცხოეთის წინაშე სახე შეინარჩუნოს, აჩვენოს თავის მზაობა და გადადგას კომპრომისული ნაბიჯი. არ გამოვრიცხავ, რომ დათანხმდეს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემას"- ასე ეხმაურება ექსპერტი პეტრე მამრაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილ ჩიხურ სიტუაციას.

"ჩემი აზრით, რაც ახლა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხდება, თითიდან გამოწოვილი პრობლემაა, რადგან ხალხის უდიდესი ნაწილი ამ პროცესში მონაწილოებას არ იღებს და არც იცის, რა განსხვავებაა ამ საარჩევნო სისტემებს შორის, რომელი უკეთესია, ან უარესი.

"იკრიბება 32 პარტია და კონსენსუსს იღებს, იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის რაოდენობით და სოციალური მდგომიარეობით 3-4 პარტიაც საკმარისია. ვინმემ იცის, ამ პარტიების შესახებ რამე? თუ ვინმეს გონია, რომ პროპორციული სისტემით შეიძლება პარლამენტში ვინმეს არ შეშვება, ცდება, რადგან არსებობს სხვა გზები, თუნდაც, მაჟორიტარები შექმნიდნენ რეგიონების პარტიას.

"ხელისუფლება უხეშ შეცდომებს რომ არ უშვებდეს, კვალიფიციურად მართავდეს ქვეყანას, ყველაფერი დიდი ხნის გაწოვილი იქნებოდა. მართვა არის ყოველდღიური მიზანმიმართული კვალიფიციური მუშაობა, მზაობა მოახდინოს ოპერატიული რეაგირება და ა.შ. რაც საქართველოში არ ხდება.

"ეს არის ყოვლად პარალიზებული პატრონყმური სისტემა, რომელშიც პატრონი საერთოდ არ მართავს და დრო და დრო მუშტს თუ დაარტყამს მაგიდას.

"რაც შეეხება ამ სიტუაციიდან გამოსავალს, ხელისუფლება შეეცდება უცხოელების წინაშე სახე არ დაკარგოს, აჩვენოს თავისი მზაობა და გადადგას კომპრომისული ნაბიჯი. არ გამოვრიცხავ, რომ დათანხმდეს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემას.

"თუმცა, არც იმას გამორიცხავ, რომ შეიძლება მორიგი სისულელე გამოაგდოს. თუნდაც ეს კონტრაქციების მოწყობა. "ამხანაგებს" ადგილებზე უნდათ უჩვენონ ივანიშვილს, რომ ძალიან კარგად მუშაობენ, შეუძლიათ მხარდამჭერების შეგროვება და ყველაფერი კარგად არის"- განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×