„კომიტეტის მუშაობას ხელი, რა თქმა უნდა, არავინ არ უნდა შეუშალოს, არც ეკა ბესელიამ და არც სხვამ. რაც შეეხება ჟურნალისტების გაყრას, არასწორია, მაგრამ ხდება ხოლმე," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარ ინციდენტს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის წინ ინციდენტი მოხდა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს კენჭისყრის პროცედურის დაწყების საშუალება არ მისცა. ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გამოურთო, რის შემდეგაც ბესელია კომიტეტის თავმჯდომარის მაგიდასთან მივიდა და ოხანაშვილს გვერდით მიუჯდა.
ამას მოჰყვა პარლამენტის მანდატურების მხრიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზიდან მედიის წარმომადგენლების ძალის გამოყენებით გაყვანა. თუმცა, ამის შემდეგ დეპუტატმა სოფო კილაძემ მედიის წარმომადგენლები ისევ დარბაზში დააბრუნა.
„კომიტეტის მუშაობას ხელი, რა თქმა უნდა, არავინ არ უნდა შეუშალოს, არც ეკა ბესელიამ და არც სხვამ. რაც შეეხება ჟურნალისტების გაყრას, არასწორია, მაგრამ ხდება ხოლმე. კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტები უფრო მეტი არიან და კომიტეტის სხდომის მსვლელობას უშლიან ხელს, რაც არაერთხელ მოხდა. ვთხოვთ ჟურნალისტებს ხოლმე, რომ გავიდნენ გარეთ და გადიან. ფიზიკური ძალით კი არ გაგვყავს," - ამბობს არველაძე.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით დეპუტატი აცხადებს, რომ არცერთ მათგანს არ იცნობს:
„არცერთ ამ მოსამართლეს არ ვიცნობ. ჩემი გადაწყვეტილება უფრო დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ რეკომენდაციას მისცემენ ამ ხალხს ჩემი ნაცნობი იურისტები, რომლებიც უფრო გათვითცნობიერებულები არიან ამ მიმართულებით," - აღნიშნავს რევაზ არველაძე.
ამასთან, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა. რევაზ არველაძე აცხადებს, რომ მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევა სწორი გადაწყვეტილებაა:
„ნიკა მელიას მანდატის ჩამორთმევას მეც მხარს დავუჭერდი აუცილებლად; „ნაციონალურ მოძრაობას" ვუყურებდით, რა დაატრიალეს. თითქოს მშვიდობიანად, მაგრამ ეს ყველაფერი ძალადობაში გადასული იყო," - განაცხადა დეპუტატმა.
ცნობისათვის, 20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო გადაიდო, შემდეგი სასამართლო სხდომა 24 დეკემბერს არის ჩანიშნული. რაც შეეხება ბანკი „ქართუს" გაკოტრების საქმეს, მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე კი საკანონმდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, საბოლოოდ კენჭისყრა მაინც გაიმართა და დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან 14-ს დაუჭირეს მხარი. მათ შორის არიან მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი - 7 ხმა, მირანდა ერემაძე - 6 ხმა, მამუკა ვასაძე - 7 ხმა, მაია ვაჩაძე - 7 ხმა, თამარ ზამბახიძე - 8 ხმა, შალვა თადუმაძე - 8 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 6 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 6 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 8 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 6 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 7 ხმა, ნინო ქადაგიძე - 7 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 6 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 6 ხმა.
კომიტეტმა ჩააგდო შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია - 1 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი - 1 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი - 1 ხმა, ზაზა თავაძე - 0 ხმა, შოთა გეწაძე - 1, პაატა სილაგაძე - 2 ხმა.