რეზონანსი
12.12.2019

(რეზონანსი) ასტროლოგ დავით ნიბლაძის ინფორმაციით, 12 დეკემბერს 2019 წლის ბოლო და ამ ზამთრის პირველი სავსე მთვარის შესახებ პოსტს ავრცელებს, რომელშიც საზოგადოებას, ამ დღის კოსმიური ენერგიის შესახებ აფრთხილებს.

„სავსე მთვარე ყოველთვის მზისა და მთვარის ოპოზიციურ ენერგიებს უკავშირდება. ასეთ დროს ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით, მეტ ენერგიას ვგრძნობთ, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ დონეზე და მძაფრია ჩვენი ემოციური რეაქციებიც. მართალია, მომატებული ენერგია და აგრესია უშუალოდ სავსე მთვარის, წინა და მომდევნო დღეებშია შესამჩნევი, მაგრამ მისი თვისობრივი გავლენა მომდევნო ახალ მთვარემდე ანუ დაახლოებით 2 კვირის მანძილზეა აქტუალური. ზოგიერთი ასპექტი და პლანეტის მდებარეობა კი (რომელზეც ამ სტატიაში ვისაუბრებთ) შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი ახდენდეს გავლენას.

ეს სავსე მთვარე მნიშვნელოვანია იმით, რომ ის წინ უსწრებს მზის დაბნელებას, რომელიც 26 დეკემბერს გველოდება. ნებისმიერი დაბნელება იმ ყველაფრის მოშორებისკენ გვიბიძგებს, რაც არ ემსახურება ჩვენს სამომავლო განვითარებას, წარმატებასა და ბედნიერებას. საინტერესო ისაა, რომ ასეთ დროს ვგრძნობთ ცვლილებების ძლიერ სურვილს და შესაბამისადაც ვმოქმედებთ. ამ სავსე მთვარიდან დაბნელებამდე (12-26 დეკემბრის შუალედში) შანსი გვაქვს, თვალი გადავავლოთ წინა თვეებს (უფრო კონკრეტულად კი წინა 6 თვეს, ივლისის დაბნელებიდან), გავაანალიზოთ, რა ვისწავლეთ, რა გავაკეთეთ სწორად და რა შეცდომები დავუშვით, რა არის ის, რის შესახებაც ვიღებდით მინიშნებებს, ამის შემდეგ კი მშვიდად დავგეგმოთ იმ ყველაფრისგან გათავისუფლება, რაც ხელს გვიშლის. ჩვენებურად რომ ვთქვათ, ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო.

მზე ამჯერად მშვილდოსანში, სავსე მთვარე კი ტყუპებშია (მე-20 გრადუსი). სწორედ ამიტომ ნებსიმიერი საკითხის ანალიზს ტყუპისეულად კომპლექსურად უნდა მივუდგეთ და მაქსიმალურად ვეცადოთ, ჩვენივე გამოცდილებისგან ვისწავლოთ. ტყუპებს მერკური მართავს, რომელიც ამჟამად მშვილდოსანშია. ორივე ნიშანი მენტალურ ღერძს მიეკუთვნება. ორივე ღიაა კომუნიკაციაში და ორივე ბრწყინვალედ ხედავს მთლიან სურათს. თუ მერკური წინა ნიშანში (მორიელში, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა) თვითანალიზით, დაკვირვების უნარითა და სკეპტიკურობით გამოირჩეოდა, მშვილდოსანში ლაღი, ოპტიმისტი და უფრო გრანდიოზული იდეების მატარებელია.

მნიშვნელოვანია ასევე ვენერას შეერთება სატურნთან და პლუტონთან თხის რქაში. ეს ასპექტი შეგვიძლია აღვწეროთ როგორც ერთი მხრივ, სასიყვარულო კრიზისი და მეორე მხრივ, ფინანსური კრიზისი. კრიზისში არ ვგულისხმობ იმას, რომ გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნება. ეს იქნება ერთგვარი სატესტო პერიოდი ურთიერთობებში, როდესაც საჭირო გახდება გარკვეული საკითხების გადაფასება და ცვლილებები.

ეს ყველაფერი თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს ეხება, თუმცა სავსე მთვარის ენერგიას უფრო მეტად ის ადამიანები იგრძნობენ, ვის რუკაშიც პლანეტები და კუთხოვანი სახლები მუტაბელური ნიშნების (ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი, თევზები) 15-20 გრადუსებს შორის მდებარეობს", - წერს დავით ნიბლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×