თამარ შუკვანი
12.12.2019

 იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირეს. მათ შორის არიან მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ „კიდევ რამდენიმე იდიოზური მოსამართლე ჩავარდება" და „რეზონანსთან" სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს.

„გავაკეთებთ ყველაფერს, რომ „ქართულმა ოცნებამ" ამისათვის ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს. ვეცდებით ყველა ის ადამიანი, ვინც „ოცნებას" მხარი დაუჭირა იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგენილიყო და დამნაშავეები დასჯილიყვნენ, დავარწმუნოთ „ქართულ ოცნებას" მხარი არ დაუჭირონ 2020 წლის არჩევნებზე. მათ ამის გამო უნდა დაკარგონ ხელისუფლება ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა.

„ისიც ამბავია, რომ ჯალათი ალანია მოსამართლე არ იქნება, მაგრამ სასამართლოში სააკაშვილისა და ადეიშვილის დაბრუნებას „ქართულ ოცნებას" არ ვაპატიებთ.

„კენჭისყრაში ხელის შეშლის რესურსი, სამწუხაროდ, არ არის, მაგრამ ვეცდებით დავარწმუნოთ თავი შეიკავონ კენჭისყრისგან. ნუ დასხდებიან ცხელ ღუმელზე, ახლა ძალიან გახურებულია ეს ღუმელი, თუმცა ეს მათი არჩევანია. ჩვენ მაინც მეგობრულად ვეუბნებით, რომ იქნებ თავი შეიკავონ იქ ჩამოსხდომისაგან.

„მაქსიმალურად ვეცდები, სანამ შანსია, გადავარწმუნო, რომ „კლანის" წევრების სასამართლოში არჩევა ძალიან ცუდია. ადეიშვილის სასამართლოში დაბრუნება არ შეიძლება. იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ რამდენიმე ძალიან სერიოზულად იდიოზური მოსამართლე ჩავარდება," - აცხადებს გოგიჩიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა დღესვე გაიმართება.

ცნობისათვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი - 7 ხმა, მირანდა ერემაძე - 6 ხმა, მამუკა ვასაძე - 7 ხმა, მაია ვაჩაძე - 7 ხმა, თამარ ზამბახიძე - 8 ხმა, შალვა თადუმაძე - 8 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 6 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 6 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 8 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 6 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 7 ხმა, ნინო ქადაგიძე - 7 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 6 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 6 ხმა.

კომიტეტმა ჩააგდო შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია - 1 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი - 1 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი - 1 ხმა, ზაზა თავაძე - 0 ხმა, შოთა გეწაძე - 1, პაატა სილაგაძე - 2 ხმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×