საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შემოიტანეს და შემოსვლისას პირველად დამოუკიდებელ დეპუტატ ნატო ჩხეიძესთან მივიდნენ გაფრთხილების მიზნით. თავად ჩხეიძე ამ განცხადებას გაუგებარს უწოდებს და „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ვოლსკის ასეთი ვარაუდების გამოთქვას არ ურჩევს.
„გამაფრთხილა წადი აქედანო? მაშინ რატომ არ წავედი? - ძალიან გაუგებარია. ჯობია, რომ ასეთ ვარაუდებს ნუ გამოთქვამენ, აქვე ვარ და მკითხონ. არავის გავუფრთხილებივარ რომ გამოვსულიყავი და არ ამოვხრჩობილიყავი იქ, თორემ უფრო ადრე გამოვიდოდი, ვიდრე ბატონი მდინარაძე გაგვაფრთხილებდა," - ამბობს ჩხეიძე.
დეპუტატი პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ არ დაუნახავს ვინ დაასხა ხსნარი და დარბაზი მას შემდეგ დატოვა, რაც უმრავლესობის ლიდერებმა მამუკა მდინარაძემ და არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდეს.
„ვიყავი დარბაზში, წარმოადგინეს კანონპროექტი, რაღაც შეკითხვებს ვსვამდი და ამ დროს კობახიძემ, შემდეგ მდინარაძემ თქვეს, რომ უსაფრთხოების მიზნით ჯობია ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთო. შემდეგ გვითხრეს, რომ „ქალებმა დარბაზი დატოვეთ". მე და ქალბატონო ენძელა მაჭავარიანი გამოვედით გარეთ. შემდეგ ამბავი ატყდა, რომ რაღაც სუნი ყოფილა დარბაზში.
„არ ვიცი ვის რა შეხება შეიძლება ჰქონდეს. რა სუნი იყო, მე პირადად ისიც ვერ გავიგე. ჟურნალისტებთან საუბრისას ვთქვი, რომ კობახიძეს და მდინარაძეს, როგორც ჩანს, ძალიან გაფაქიზებული ყნოსვითი შეგრძნებები აქვთ. მგონი, უფრო მეტი შიშებია, ვიდრე რეალობაში არის," - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში გაურკვეული ნივთიერება შეიტანა. რის გამოც სხდომაზე ტექნიკური შესვენა გამოცხადდა. კობახიძე ამბობს, რომ ფაქტს უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.
აქვე შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ამ ფაქტს ირმა ნადირაშვილისა და ლელა ქებურიას სხდომათა დარბაზში შემოსვლას უკავშირებს. მისივე თქმით, დარბაზში შემოსვლის შემდეგ ოპოზიციონერი დეპუტატები ნატო ჩხეიძესთან მივიდნენ „ალბათ გააფრთხილეს."
„სუნის დაყენება დაემთხვა „ნაციონალური მოძრაობის" შემოსვლას, თუმცა, ჰაერი, როგორც კი გავიდნენ, ნაკლებია. ეს გააკეთეს სწორედ მათ. დავინახე, რომ შემოვიდნენ, ქალბატონ ნატო ჩხეიძეს მიუახლოვდნენ, შეიძლება გააფრთხილეს," - განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.