„ის რომ, პარლამენტის თავმჯდომარე ასე „სერიოზულად" მიუდგა საქმეს და გამოაცხადა, რომ ქიმიური შეტევაა, არ მგონია ამდენად სერიოზული დანაშაული იყოს," - აცხადებს „რეზონანსთან" იურისტი და უფლებდამცელი ლია მუხაშავრია პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანის შესახებ საუბრისას.
პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამის შესახებ თავად უწყება აცხადებს.
ლია მუხაშავრია კონკრეტული დეპუტატების უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხის დადგომას გამორიცხავს და ამბობს, რომ „ეს ძალიან შორს მიმავალი დასკვნებია."
„ჯერ გამოიძებამ უნდა დაადგინოს რა ნივთიერებაა და მისი ზემოქმედება ჯანმრთელობაზე რამდენად დამაზიანებელია. არ მაგონდება მსგავსი შემთხვევა. შეიძლება პარლამენტის სხდომა შეწყვეტილიყო, მაგრამ არა ამგვარი ქმედების შედეგად. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, დივერსიული ქმედება არაა.
„ის რომ, პარლამენტის თავმჯდომარე ასე „სერიოზულად" მიუდგა საქმეს და გამოაცხადა, რომ ქიმიური შეტევაა, ტერორისტული აქტია, როგორც ზოგიერთები ამბობენ, არ მგონია ამდენად სერიოზული დანაშაული იყოს, მაგრამ ვნახოთ გამოძიება რას გამოავლენს და რა შედეგებს დადებს," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში გაურკვეული ნივთიერება შეიტანა. რის გამოც სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. კობახიძე ამბობს, რომ ფაქტს უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.
აქვე შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ამ ფაქტს ირმა ნადირაშვილისა და ლელა ქებურიას სხდომათა დარბაზში შემოსვლას უკავშირებს. მისივე თქმით, დარბაზში შემოსვლის შემდეგ ოპოზიციონერი დეპუტატები ნატო ჩხეიძესთან მივიდნენ „ალბათ გააფრთხილეს."
საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.