„ბოიკოტის რეჟიმზე ყოფნას არ ვაპირებთ და ამ ფუფუნებას ნამდვილად არავის არ მივცემთ", - ასეთია დამოუკიდებელი დეპუტატის გედევან ფოფხაძის სამომავლო საქმიანობის გეგმები, რომელიც მან „რეზონანსთან" გააჟღერა. ფოფხაძის თქმით, იგი არ მიბაძავს თავის თანამოაზრე ეკა ბესელიას, რომელმაც პროტესტის ნიშნად ხუთშაბათს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრობაზე უარი განაცხადა და კომიტეტში საქმიანობას განაგრძობს.
„იურიდიული კომიტეტი არც ანრი ოხანაშვილის საკუთრებაა და არც „ქართული ოცნების", ეს საპარლამენტო კომიტეტია და მის საქმიანობაში მონაწილეობა პრობლემად არ მიმაჩნია, რომელიც პოლიტიკურად რამეში ხელს შემიშლის. მგონია, რომ ეს ჩემი, როგორც პარლამენტარის ვალდებულებაა, რომ საკომიტეტო და სასესიო მუშაობაში მონაწილეობა მივიღო.
„საპარლამენტი ბოიკოტი ჩვენ მარტო ამ პროცესს გამოვუცხადეთ, ბოიკოტის რეჟიმზე ყოფნას არ ვაპირებთ და ამ ფუფუნებას ნამდვილად არავის არ მივცემთ", - აცხადებს ფოფხაძე.
მისივე შეფასებით, ხუთშაბათს „ქართულმა ოცნებამ" „ნაცმოძრაობის" მემკვიდრეობა პირდაპირ მიიღო.
„თუ მიქაუტაძეს ხმას აძლევ და „ნაცებს" ლანძღავ... ნაციონალების" ცუდი გამოიხატებოდა იმაში, რომ ასეთი მოსამართლეები ჰყავდათ და თუ შენ იგივე მოსამართლეები გყავს, შენ უკეთესი რითი ხარ?! მიმაჩნია, რომ ჩემთვის ამ პროცესის საზომი ის იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ" „ნაციონალების" მემკვიდრეობა პირდაპირ მიიღო,
„მე და გოგიჩაიშვილს დღეს ბოლო მცდელობა გვქონდა გვეთქვა ჩვენი კოლეგებისთვის, რომ მაგ ხალხის არჩევა არ შეიძლება, რომ მათი არჩევით „ნაციონალური მოძრაობის" მემკვიდრეობას იღებდნენ და მათთან თანაზიარი ხდებოდნენ. ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ, მაგრამ გადაწყვეტილებების მიმღები დღეს საქართველოს მომავალზე „ქართული ოცნებაა", თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ამ პროცესში მარტო უნდა დავტოვოთ", -აცხადებს ფოფხაძე.
იგი იმედოვნებს, რომ 2020 წელს ხელისუფლება შეიცვლება და მომავალი პარლამენტი კონსტიტუციასაც შეცვლის და „ამ მოსამართლეებს თამაშგარეთ დატოვებს".
„ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელზეც პოლიტიკური ფასი „ქართულ ოცნებას" უნდა მოვთხოვოთ და თუ მომავალ პარლამეტში სხვა ძალას სხვა ღირებულებები ექნება, ის შეცვლის კონსტიტუციას და ამ მოსამართლეებს თამაშგარეთ დატოვებს.
„დღეს არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც პოლიტიკურად უნდა გამოსწორდეს. ამ მოცემულობის პარლამენტში და ასეთი აგრესიულად მორჩილი უმრავლესობის პირობებშ ვერ გამოასწორებ.
„პოლიტიკური მოცემულება უნდა შეიცვალოს, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და პარლამენტში ის ადამინები უნდა მოხვდნენ, რომლებიც ხალხის ნებას გამოხატავენ და არა კერძო ინტერესებს. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ ვიბრძოლებთ, კარდაკარ ვივლით და აქტიურები ვიქნებით.
„მე ამ მოცემულობაში ერთადერთი პრინციპი რაც მიმაჩნია, რომ უნდა დავიცვა, ესაა ის, რომ ამ საქმეს „ნაციონალებთან" ერთად ვერ გავაკეთებ, ეს გამორიცხულია.
„როცა მაართველი პარტია სტანდარტებს სცდება და დიდ ტყუილებზე გადადის, უნდა მისცენ პოლიტიკური შეფასება და შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური განაჩენიც გამოიუტანონ. ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ქუჩაში რაც შეიძლება ნაკლები კონფლიქტი მოხდეს, ქართველი ქართველს რაც შეიძლება ნაკლებად დაუპირისპირდეს და ეს ყველაფერი პოლიტიკურ-დემოკრატიული პროცესის ჩარჩოებში უნდა ჩავსვათ, ეს უნდა იყოს პოლიტიკოსების ვალდებულება, მაგრამ ნება ხალხის უნდა იყოს," - განაცხადა ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 14 კანდიდატი დაამტკიცა.