„ხელისუფლება არჩევნებმადე ვა-ბანკზე მიდის, ამიტომ გამორიცხული არ არის დაიწყოს დაჭერების სერია და რეპრესიები არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ“, - ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს და ოპოზიციის წარმომადგენელთა დაკავების მორიგი სერიისთვის ემზადება.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაცია, პროკურატურა, გადაუდებელი საქმის მოტივით, ჩხრეკის ჩასატარებლად, უკვე შევიდა ორ არასამთავრობო ორგანიზაციაში: „საინფორმაციო და პიარტექნოლოგიების“ და „კვლევისა და განვითარების ასოციაციაში“.
24-ტომიან საქმეზე, რომლის მთავარი ფიგურანტი გიგა ბოკერიაა და რომელიც უშიშროების საბჭოდან 2011 წელს გადარიცხულ თანხებს ეხება, საგამოძიებო ორგანო ცდილობს გიგა ბოკერიასთან ერთად საქმეში არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების ბათუ ქუთელიასა და დავით სიხარულიძის კვალი გამოკვეთოს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 2013 წელს, გიგა ბოკერია პროკურატურაში უკვე იყო დაბარებული, თუმცა მას შემდეგ ამ უწყებასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ამ ფაქტს ბოლოდროინედელ პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს და აცხადებს, რომ "ამ ფორმაში მყოფი სამარცხვინო ლიდერისგან და მისი კლოუნებისგან გასაკვირი არაფერი იქნება“.
„ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო 2013 წელს. ასე გამოდის, არა? ალბათ ფაქტზე აიღძრა საქმე, რომელიც დააკონსერვეს, ახლა დასჭირდათ და აამოქმედებს. ნახეთ, როგორ „კარგად მუშაობს“ პროკურატურა. ამიტომაც წლებია პროკურატურაში არაფერი იცვლება, გარდა პირველი და მეორე პირისა, დანარჩენები რჩებიან.
„ეს საქმე მეც მახსოვს, ჟურნალისტური გამოძიებაც კი ჩატარდა, მაგრამ ახლა რომ ამოქექეს, არ არის გამორიცხული, რომ ძალიან ბევრი სხვა საქმეც ამოტივტივდეს. ბოკერიას საქმე შეიძლება ასეთი ხმაურიანი არ გამოდგეს, რადგან ოპოზიციამ იცის, რომელ მიკროფონში იყვიროს, რომ ხმა მიაწვდინოს სადაც საჭიროა, მაგრამ არასამთავროებთან დაკავშირებით ცუდად მენიშნა. როგორც ჩანს, ხელისუფლება არჩევნებამდე ასწრებს ყველაფერს, რადგან იცის, რომ რეიტინგი აღარ აქვს, მიშას დროინდელი პეფორმანსები, რომელიც ვიხილეთ, ვეღარ უშველის და მიდის ვა-ბანკზე.
„ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ დაიწყოს დაჭერების სერია და რეპრესიები არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, ანუ დამოკლეს მახვილი ყველას თავზე შეიძლება აღმოჩნდეს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლია მუხაშავრიამ.