რეზონანსი
15.12.2019

 სახალხო დამცველის განცხადება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ბოლო ხანებში მისი განცხადებები ერთი კონკრეტული მხარის პოზიციას წარმოადგენს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა „რეზონანსთან" სახალხო დამცველის მიერ 14 დეკემბრის აქციაზე ხალხის იძულებით მიყვანის შესახებ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

მისი თქმით, არანაირ იძულება არ ყოფილა და „ქართული ოცნების" მიერ 14 დეკემბერს თბილისში გამართულ აქციაზე მოქალაქეები თავისი ნებით მივიდნენ.

„სახალხო დამცველი სამწუხაროდ სხვა ნიადაგზე გადავიდა, არა დამცველის ნიადაგზე, არამედ აბსოლუტურად კონკრეტული მხარის პოზიცია დაიკავა და ამას ახორციელებს უკვე ბოლო ხანებია", - განაცხადა ქანთარიამ.

13 დეკემბერს სახალხო დამცველი რეგიონებში მოქალაქეებზე სავარაუდო ზეწოლის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავს შემთხვევებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი და ამას მოწმობს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ რეგიონებში გამოკითხული მოქალაქეების განცხადებები, რომლებმაც კონფიდენციალობის სრული დაცვის პირობით დაუდასტურეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების, საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლების მიმართ განხორციელდა სავარაუდო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა და იძულება 2019 წლის 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

მოქალაქეების განცხადებით, აქციაში მონაწილეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირები სამუშაო ადგილებზე სამომავლოდ პრობლემების შექმნაზე მიანიშნებდნენ.

მმართველ პარტიაში ნინო ლომჯარიას განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ იძულებას ადგილი არ ჰქონია და საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გამოცხადების აღსანიშნავად ხალხი საკუთარი ნებით ჩამოვიდა დედაქალაქში.

„ხალხი ჩამოვიდა ძალიან დიდი ენთუზიაზმით, ხალისით და იქ ჩვენი ხმა თუ კომენტარები ამასთან დაკავშირებით ჩანდა. თუ ამდენი ხალხი ძალადობითაა ჩამოსული, რისი უნდა ეშინოდეთ მათ?! ყველა იმას ლაპარაკობს რაც უნდათ და იმასაც ხედავთ, რომ მათ არაფერი მოსდით. ასე რომ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია სახალხო დამცველის ეჭვები", -ამბობს ნუკრი ქანთარია.

ნატა თვაური

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×