„მრავალმანდატიანი სისტემა ჩემთვის მისაღები არა არის", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას მაჟორიტარი დეპუტატი და ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს.
მორიგი შეხვედრა ევროპელი შუამავლების მონაწილეობით 15 დეკემბერს სასტუმრო „შერატონში" შედგა და შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია გაავრცელეს. „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მმართველ პარტიას მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს და საბალოო პასუხისათვის დროს ითხოვენ. თუმცა, იმავე შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მათ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შემოღება პრობლემატურად მიაჩნიათ.
„ოცნების" მაჟორიტარის კახა ოქრიაშვილისთვის გაუგებარია რატომ სურს ოპოზიციას მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლა, თუკი საერთოდ მაჟორიტარული არჩევნები მათთვის პრინციპში მიუღებელია. იგი მიიჩნევს, რომ ის 77 დეპუტატი, რომლებიც პროპორციული წესით ირჩევიან, ღია სიით უნდა შეირჩეს.
„მე წამოვწევდი იცით რომელ საკითხს? ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში პროპორციული სისტემა ღია სიებითაა, როდესაც ამომრჩეველი ირჩევს პარტიას და აგრეთვე ირჩევს შიგნით კანდიდატს და ის კანდიდატი სიაში არც ზევით ადის და არც ქვემოთ ჩამოდის.
„დახურული სიები, ისეთი, როგორც ჩვენთანაა, ძალიან ცოტა ქვყანაში მუშაობს, აი ამაზე უნდა ისაუბრონ ჩემი აზრით, რომ აი იმ 77 ადამიანს პროპორციული სიით რომ ვირჩევთ, ისინი იყვნენ არჩეულები არა იმ ე.წ. დახურული სიებით, როგორც ჩვენთანაა და როგორც ჩამორჩენილ ქვეყნებშია, არამედ ღია სიებით, როდესაც ამომრჩეველი კონკრეტულად პარტიას აძლევს ხმას და იმ პარტიულ სიაში, კონკრეტულ ადამიანს აძლევს ხმას.
„შეიძლება რომელიღაცა პარტიის ლიდერი საერთოდ ვერ მოხვდეს და ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც სიაში მეასე ადგილზეა, ის გავიდეს პარლამენტში", - აცხადებს ოქრიაშვილი.
მისთვის მრავალმანდატიანი ოლქები კატეგორიულად მიუღებელია.
„მრავალმანდატიანი სისტემა ჩემთვის მისაღები არ არის", - აცხადებს ოქრიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 20 დეკემბერს გაიმართება.