ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა საზოგადოება მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის ლოდინის რეჟიმში ჩააყენეს, პირველი სამი რაუნდის შედეგებით, მხარეები ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ,"ქართული ოცნება" ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ყველა საარჩევნო ვარიანტს არაკონსტიტუციურს უწოდებს და მომდევნო რაუნდებში განსახილველად ახალი თემების განხილვას სთავაზობს, ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ამით ისინი დროის გაწელვას ცდილობენ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ „ქართული ოცნება", „ნაციონალური მოძრაობა"და „ევროპული საქართველო" ქმნიან მითს, რომ თითქოს მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სინამდვილეში კი მისი თქმით, შერეული საარჩევნო სისტემა სამივე პარტიას აწყობს.
„შერეული სისტემა არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციის ნაწილსაც აწყობს, „ქართული ოცნების" მთელი პრობლემა ისაა, რომ მისი წინდაუხედავი ნაბიჯებით „ნაციონალურ მოძრაობას" და ევროპულ საქართველოს" გზას უსუფთავებს, იმიტომ, რომ შერეული სისტემა მსხვილ პარტიებს აწყობთ, რომლებსაც პარლამენტში წვრილი პარტიების მოხვედრა არ სურთ.
„ამიტომ, შერეული სისტემა „ქართულ ოცნებას", „ნაციონალურ მოძრაობას", „ევროპულ საქართველოს" აწყობს, შესაძლოა „პატრიოტთა ალიანსსაც" გარკვეულწილად აწყობდეს, დანარჩენს არავის, ამიტომ „ნაცმოძრაობაში" და ევროპულ საქართველოში" ძალიან ბედნიერები არიან, რომ შერეული სისტემის დაბრუნება და პროპორციულიდან წამოსვლა „ქართულ ოცნებას" ბრალდება.
„აქედან გამომდინარე, დროს წელავს არა მხოლოდ „ქართული ოცნება", არამედ „ნაცმოძრაობა" და ევროპული საქართველოც", ქმნიან მითს, რომ თითქოს მოლაპარაკებები მიდის, ეს ოპოზიციური პატრიები პრინციპულები, რომ იყვნენ, მათ უნდა ესმოდეთ (და ესმით კიდევაც), რომ მმართველ გუნდს ახლა არ აწყობს პროპორციული სისტემა და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს სისტემა არ იყოს.
„მოლაპარაკებებით ქმნიან ილუზიას, თითქოს სიტუაციიდან გამოსვლა უნდათ, ეს ყველაფერი ბლეფია, არაფერი სიტუაციიდან გამოსვლა არ უნდათ, ყველას შერეული სისტემა აწყობს და ჩვენ 2020 წელს შემოდგომით არჩევნებს შერეული სისტემით ჩავატარებთ, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" უფრო დიდი დოზით შევლენ პარლამეტში, ვიდრე სუფთა პროპორციული სისტემით შევიდოდნენ და მაშინ გამოჩნდება, რომ „ქართული ოცნება „ნაცმოძრაობას" კი არ ებრძვის, არამედ თავისი თავის გადარჩენა უნდა და პარლამეტში უფრო დიდი დოზით შევა.
„პროპორციული სისტემა რომ ყოფილიყო, პარლამეტში ეს სამივე პარტია უფრო ნაკლები რაოდენობით შევიდოდნენ და სხვა პარტიები უფრო ბევრი შევიდოდა, ამ სამ პარტიას 60%-ი ექნებოდა და 40%-ს გადაინაწილებდნენ სხვები, ახლა კი ესენი უკვე 80%-ით შევლენ და ამიტომაც დროს წელავს, როგორც „ქართული ოცნება", ისე „ნაცმოძრაობა" და „ევროპული საქართველო", მაგრამ ყველაფერი „ქართულ ოცნებას" ბრალდება და ღირსიცაა, რომ დამარცხდება და მთელს საქართველოს „ნაციონალური მოძრაობა" და ევროპული საქართველო"თავზე რომ წამოგვაჯდება, ეს მხოლოდ და მხოლოდ მმართველი გუნდის სინდისზე იქნება" - აცხადებს იგი.
ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ დროის წელვით დაპირისპირების რისკები იზრდება, მაგრამ ოპოზიციას ამ შემთხვევაში დაძაბულობა არ აწყობს და მშვიდობიან პროტესტს გააგრძელებს.
„დროის წელვით დაპირისპირების რისკები გამორიცხული არაა, მაგრამ მგონია, რომ მხარეები ცდილობენ, რომ შეუქცევადი პროცესი არ დაიწყოს, „ქართული ოცნება" ხედავს, რომ ნებისმიერი მისი ნაბიჯი მის წინააღმდეგ მუშაობს, ასე რომ, დაპირისპირება „ქართულ ოცნებას" აწყობს, რათა „ნაცმოძრაობას" და ევროპულ საქართველოს დააბრალოს, მმართველ გუნდს აწყობს როგორმე გამოავლინოს ამ ორი პარტიის აგრესიულობა, ხოლო ეს პარტიები ჭკვიანები არიან (ამაში ორი აზრი არ არსებობს), ისინი ხედავენ, რომ მათი წამოგება უნდათ პროვოკაციაზე და აგრესიაზე, ნახეთ როგორ უცებ უთმობენ და არ ეწინააღმდეგებიან ხოლმე პოლიციას ადგილს და სწორადაც იქცევიან, ქმნიან და ამყარებენ რეალობას, რომ პარლამენტში სესიების ჩატარება პოლიციის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია, საზოგადოება ეწინააღმდეგება პარლამენტის მუშაობას, ანუ „ქართული ოცნების" ნებისმიერი ნაბიჯი მის წინააღმდეგ მუშაობს, შესაბამისად დაძაბულობა მმართველ გუნდს აწყობს, მაგრამ ხედავს ამას რა ეს ორი ოპოზიციური პარტია,ამის საშუალებას არ აძლევს და მშიდობიანად მოქმედებენ.
„თუ ეს ორი პარტია წინააღმდეგობის გაწევას მშვიდობიანად განაგრძობენ და ძალის ესკალაციას არ დაუშვებენ, მგონია, რომ ისინი საზოგადოების თვალში გარკვეულ სიმპატიას მოიხვეჭენ, მათი მთავარი ამოცანაც ისაა, რომ „ქართული ოცნების" აგრესიულობა და რადიკალზმი როგორმე წარმოაჩინონ, თუ მათ ეს მოახერხეს და ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდა,ეს მმართველი გუნდის დამარცხების შანსს გააძლიერებს."-აცხადებს იგი.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლპარაკებების მესამე რაუნდი რთული იყო, თუმცა გამოთქვამს იმედს, რომ შეთანხმების ძიების პროცესი გაგრძელდება.
ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ევროპელი შუამავლები მოლაპარაკებების პროცესს მიამიტურად განგებ აკვირდებიან, რადგან გაარკვიონ რომელ მხარეს რა შეუძლია.
„შუამავლების როლია მუშაობის პირობები შექმნან და ნახონ როგორ მიდის მოლაპარაკებები, ამიტომ ისინი რასაც აკეთებენ, ეს მაქსიმუმია, მათ კარგად იციან, რომ სჯობია ოთახში ტარდებოდეს შეხვედრები, ვიდრე ქუჩაში.
„შუამავლები უფრო მიამიტურად იქცევიან, ვიდრე სინამდვილეშია, სინამდვილეში კი მოლაპარაკებებისას ისინი ხედავენ ვინ ვინაა, ამათ წინაშეც კი „ქართული ოცნება" აგებს, შუამავლები ხედავენ, რომ მმართველი გუნდი არაკონსტრუქციულია, ყველა წინადადებაზე უარზეა, ოპოზიცია კი სხვადასხვა წინადადებებს სთავაზობს, მაგალითად, აგერ თუ არ გინდა პროპორციული სისტემა, გერმანული მოდელიო,თუ ესეც არ გინდა, რეგიონალური სიებიო, ხელისუფლება კი ყველაფერზე წინააღმდეგია.
„შუამავლები ამას ხედავენ,მმართველი გუნდი ოპოზიციამ ამაშიც კი გამოიჭირა და დიპლომატების წინაშე აჩვენებს, რომ უსუსურები, უუნაროები არიან და დროს წელავენ, როცა დროის გაწელვა აწყობს როგორც „ნაცმოძრაობას, ისე „ევროპულ საქართველოს", ძალიან ცუდად გამოჩნდება ეს და ევროპა ნახავს რამდენად უუნარო და არაფრის მკეთებელია „ქართული ოცნება", ოღონდ შერეული სისტემა ბოლომდე გაიტანოს." - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითმოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი 20 დეკემბერს გაიმართება.